პარლამენტი “ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ ახალ კანონს მიიღებს

პარლამენტი “ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ ახალ კანონს მიიღებს, რომელიც მთავრობამ მოამზადა.

მთავრობის საპარლამენტო მდივნის, ნათია მიქელაძის განმარტებით, სადღეისოდ მოქმედი “უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ კანონი 2003 წელს არის მიღებული და ის განახლებულ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას ვერ უზრუნველყოფს.

ნათია მიქელაძის განცხადებით, ერთი მხრივ, უმჯობესდება და უფრო მკაფიოდ ყალიბდება “უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ მოქმედ კანონში განმარტებული ტერმინები. განისაზღვრება ისეთი ახალი ტერმინები როგორიცაა: ერთჯერადი გარიგება, საქმიანი ურთიერთობა და კლიენტის ვერიფიკაცია.

ანგარიშვალდებულ პირთა სიას, რომელიც “უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ მოქმედ კანონში ”მონიტორინგის განმახორციელებელი პირების“ სიის ექვივალენტურია, დაზღვევის/გადაზღვევის ბროკერი, საადვოკატო ბიურო და სერტიფიცირებული ბუღალტერი ემატება.

კანონპროექტი მოიცავს საქართველოს მთავრობის მიერ რისკების შეფასების ეროვნული ანგარიშის და სამოქმედო გეგმის დამტკიცების საკითხებს.

“პრევენციული ღონისძიებები მნიშვნელოვანია ამ სფეროში სწორი საქმიანობის წარმართვისთვის. კანონპროექტით შემოთავაზებული რედაქციით, ტერმინი პრევენციული ღონისძიებები მოიცავს ანგარიშვალდებული პირების მიერ კლიენტების მიმართ გასატარებელი იდენტიფიკაციის, ვინაობის გადამოწმების, საქმიანი ურთიერთობის მონიტორინგის და სხვა ღონისძიებების ვალდებულებებს“, - განაცხადა ნათია მიქელაძემ.

რაც შეეხება საეჭვო გარიგებებს, მიქელაძის განმარტებით, მეტი მნიშვნელობა ენიჭება ანგარიშვალდებული პირების მიერ გარიგების საეჭვოობის განსაზღვრას.

კანონპროექტი არეგულირებს საქართველოს მიერ გაეროს უშიშროების საბჭოს შესაბამისი რეზოლუციების შესრულებასთან დაკავშირებულ ასპექტებს.

როგორც მთავრობის საპარლამენტო მდივანმა განმარტა, კანონპროექტით წესრიგდება ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების მაღალი ან დაბალი რისკის არსებობისას კლიენტების მიმართ შესაბამისი გაძლიერებული ან გამარტივებული პრევენციული ღონისძიებების გამოყენების შესაძლებლობა. მისივე თქმით, პროექტი ასევე, ადგენს გაძლიერებული პრევენციული ღონისძიებების გატარების ვალდებულებას ისეთი კლიენტების მიმართ, რომელთა ადგილსამყოფელი ან საცხოვრებელი მაღალი რისკის იურისდიქციის ქვეშ არის.

კანონპროექტი ასევე აწესრიგებს ანგარიშვალდებული პირების მიერ საეჭვო გარიგების შესახებ ანგარიშგების და სხვა ინფორმაციის საჯარო სამართლის იურიდიული პირის მონიტორინგის სამსახურში წარდგენის საკითხებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა