ნათია თურნავა -  მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტი კერძო სექტორის განვითარება და მაკროეკონომიკური სტაბილურობაა

საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტი კერძო სექტორის განვითარება და მაკროეკონომიკური სტაბილურობაა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ბათუმში მიმდინარე აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველ საინვესტიციო ფორუმზე განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, „ჩვენი მთავრობის ძირითადი ხედვა და მიზანია ეკონომიკური განვითარების, უსაფრთხოებისა და დემოკრატიის უზრუნველყოფა“.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პანელის მონაწილეებს საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკისა და მთავარი პრიორიტეტების შესახებ ესაუბრა.

მისი თქმით, საქართველო არ არის მდიდარი ბუნებრივი რესურსების თვალსაზრისით და, შესაბამისად, ეკონომიკა მთლიანად ეყრდნობა ღიაობასა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას, ასევე სტაბილური და პროგნოზირებადი პოლიტიკური გარემოს შენარჩუნებასა და ტექნოლოგიებსა და ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკისკენ სწრაფვას.

„საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა თავისუფალი ბაზრის პრინციპს ეფუძნება და პრიორიტეტად კერძო სექტორის განვითარებასა და მაკროეკონომიკურ სტაბილურობას მიიჩნევს. მაკროეკონომიკური სტაბილურობის პარალელურად, ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი მამოძრავებელია ძლიერი ინსტიტუციები, რაც, ასევე, აძლიერებს ჩვენი ქვეყნისადმი ნდობას“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მინისტრის თქმით, ქვეყანაში ეკონომიკურ ზრდას ხელს უწყობს სტრუქტურული რეფორმებისა და DCFTA- ს ფარგლებში რეფორმის დღის წესრიგი.

„საქართველოს ეკონომიკამ, მიუხედავად 2014-16 წლებში რეგიონში მნიშვნელოვანი ეკონომიკური და ფინანსური შოკებისა, ეკონომიკური ზრდის საშუალოდ 3.5%-ს მიაღწია მაშინ, როდესაც ბევრი ჩვენი მეზობელი ახლოს იყო რეცესიასთან“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მან თავის სიტყვაში ასევე აქცენტი გააკეთა ფისკალურ პოლიტიკაზე - მისი ინფორმაციით, ფისკალური პოლიტიკა უფრო მეტად ორიენტირებულია ზრდაზე, რაც გულისხმობს კაპიტალური ხარჯების გაზრდას - ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების დაჩქარებასა და მიმდინარე ხარჯების ეტაპობრივ შემცირებას.

„ეს ეკონომიკური ზრდის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წყაროა, კერძო ინვესტიციების პარალელურად, რომელსაც მაქსიმალურად უწყობს ხელს მთავრობა. ეს ყველაფერი აისახება საერთაშორისო ინვესტიციებზე. Moody's Investors Service-მა საქართველოს სარეიტინგო მაჩვენებელი Ba3-დან Ba2-მდე გააუმჯობესა. 2019-ის თებერვალში, Fitch-მა კი საქართველოს შეფასება 'BB-' -იდან 'BB'-ამდე გააუმჯობესა“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ნათია თურნავა მონაწილეობს პანელში „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ინვესტირების გამოწვევები და შესაძლებლობები - 10 წლის შემდეგ პრაღის დეკლარაციიდან“.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს