ნათია თურნავა - დღეს საქართველოში 14 ათასზე მეტი მეზღვაურია და ჩვენ უნდა ვისწრაფოთ, რომ ეს ციფრი სულ მცირე გავასამმაგოთ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მონაწილეობა მიიღო ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მინისტრთან ერთად ღონისძიებას დაესწრნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსი თამარ იოსელიანი და სხვა ოფიციალური პირები.

მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას, მინისტრმა ქართველ მეზღვაურებს პროფესიული დღე მიულოცა მადლობა გადაუხადა თითოეულ მათგანს იმ ღირსეული წვლილისთვის, რომელიც მეზღვაურებს საქართველოსა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში შეაქვთ.

„თქვენ ხართ ერთ-ერთი ყველაზე რთული პროფესიის წარმომადგენლები, უმაღლესი რანგის პროფესიონალები, იმ იშვიათი პროფესიის წარმომადგენლები, ვისაც აქვს შესაძლებლობა ლეგალურად დაასაქმოს ქართველი ადამიანები საზღვარგარეთ და მისასალმებელია, რომ ჩვენს სასწავლებლებში აღზრდილი პროფესიონალი მეზღვაურები ძალიან დიდი მოთხოვნით სარგებლობენ“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ნათია თურნავას თქმით, ქართველ მეზღვაურებს დღეისათვის 50 ქვეყნის, მათ შორის 20 ევროპული ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავ გემებზე აქვთ ცურვის უფლება და ეს არის ის ნიშნული, საითკენაც ყველა სხვა პროფესიაში უნდა ვისწრაფოდეთ.

„თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებსაც ყოველწლიურად 200 მილიონზე მეტი შემოგაქვთ ჩვენი ეკონომიკის გასამყარებლად, რისთვისაც თქვენი მადლიერები ვართ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრმა ასევე განსაკუთრებული მადლობა გამოხატა იმ პროფესიონალიზმისა და თავდადებისთვის, რომლითაც მომავალ მეზღვაურებს ზრდიან ქართველი პედაგოგები.

„საქართველოში მეზღვაურობის სფეროში განათლებოს სისტემა 150 წელზე მეტს ითვლის. დღეს არსებულ სამ სასწავლებელს უდიდესი წვლილი შეაქვს ჩვენი მეზღვაურების წარმატებაში. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა კიდევ უფრო გავაძლიეროთ ეს სასწავლებლები, კიდევ უფრო მიმზიდველი, უფრო მეტად საინტერესო და პორფესიონალური გავხადოთ თქვენი აღზრდა, რომ რაც შეიძლება მეტი მეზღვაური შეემატოს ჩვენს რიგებს. დღეს 14 ათასზე მეტი მეზღვაურია, ვინც საქართველოს სახელს პროპულარიზაციას უწევს ქვეყნის გარეთ და ჩვენ უნდა ვისწრაფოთ, რომ ეს ციფრი სულ მცირე გავასამმაგოთ“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა წლევანდელი წლის კამპანიას „მეტი ქალი გემზე“ და აღნიშნა, რომ როგორც მთავრობის წევრი, როგორც ქალი-მინისტრი ყველანაირად მხარს უჭერს მეზღვაურ ქალთა განვითარებასა და დასაქმებას.

„ეს არის ძალიან საპატიო პროფესია, რომელიც მეტ შესაძლელობას ქმნის ქალბატონების დასაქმების კუთხით და ამ მამაკაცურ პროფესიასაც მხოლოდ გააკეთილშობილებს და წაადგება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ოფიციალური მისალმებების შემდეგ, დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. მინისტრმა ნათია თურნავამ ღირსების მედლით დააჯილდოვა საზღვაო საქმის წარმომადგენლები ნათია ლაბაძე და ლუიზა წვერავა, აგრეთვე საზღვაო სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის კაპიტნები იური ქადარია და თამაზ იმერლიშვილი და უფროსი - მექანიკოსი იური ქორიძე.

მეზღვაურთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება საყვირების ფონზე ზღვაში გვირგვინის ჩაშვებით დასრულდა, რითიც ზღვაში სამსახურის დროს გარდაცვლილ საზღვაო დარგის პროფესიონალებს პატივი მიაგეს. ასევე ნავმისადგომის მიმდებარე ტერიტორიაზე ოფიციალურად გაიხსნა „მეზღვაურთა სკვერი“.

ალექსეი მალაშენკო - სირიაში ყველაფერი ისევ ისე იქნება, როგორც აქამდე იყო,  ბაშარ ასადის შესანარჩუნებლად მოსკოვს ანკარასთან და თეირანთან კომპრომისებზე წასვლა უწევს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2019
„სოფლად ცხოვრება, როგორც ტურისტული პროდუქტი” - რა იგეგმება ბათუმში 20-21 სექტემბერს?
საქართველოს საგარეო პოლიტიკა - ნაბიჯები მომავლისკენ
BDO-მ მე-4 კატეგორიის კომპანიების მომსახურებისთვის სპეციალური გუნდი გამოყო
რა მავნე ნივთიერებები აღმოაჩინა ჰამბურგის ლაბორატორიამ საქართველოდან გაგზავნილი თუთუნის შემადგენლობაში