კახა კალაძე ორბელიანის მოედანზე კლასიკური მუსიკის კონცერტს დაესწრო

დედაქალაქის მერიის ორგანიზებით, პროექტის Tbilisi Classic Open Air ფარგლებში, კლასიკური მუსიკისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ჩატარდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, ორბელიანის მოედანზე გამართულ კონცერტს თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილე სოფიო ხუნწარიასთან, დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარიკა დარჩიასთან და მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორ თიკა რუხაძესთან ერთად დაესწრო.

„დღეს, კლასიკური მუსიკის საღამო იყო, ორი ღონისძიება გაიმართა. ჯერ ჩვენი ახალგაზრდული ორკესტრი უკრავდა, რომელიც დედაქალაქის მერიის ხელშეწყობით დაფუძნდა. ძალიან კარგი ახალგაზრდები გვყავს, რომლებსაც დიდი მომავალი აქვთ. საღამოს კი, წარმოდგენილი იყო პოლონეთის ფილარმონიული ორკესტრი. ორბელიანის მოედანზე ბევრი ხალხი შეიკრიბა. იყო სასიამოვნო განწყობა და ლამაზი საღამო. ეს პროექტი დედაქალაქში სხვადასხვა ღონისძიების და კონცერტის სახით აუცილებლად გაგრძელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

Tbilisi Classic Open Air-ის პირველ კონცერტზე მსმენელის წინაშე წარსდგა თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი, რომელიც დედაქალაქის მერიის დაფინანსებით, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში მიმდინარე წელს ჩამოყალიბდა. სოლისტები არიან ირინა როსტომაშვილი (ვიოლინო); ანა გილიგაშვილი (ფლეიტა) და მარიამ მამადაშვილი (ვიოლინო).

ღონისძიებაზე მოცარტისა და ვივალდის ნაწარმოებები შესრულდა.

რაც შეეხება კონცერტის მეორე ნაწილს, თბილისის მერიის ინფორმაციით, იგი პოლონეთ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 100 წლის იუბილეს მიეძღვნა. სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის დედაქალაქს პოლონეთის ქალაქ ჟეშუვის ორკესტრი ესტუმრა, რომელმაც პოლონელი კომპოზიტორების ნაწარმოებები შეასრულა სოლისტ მევიოლინე კამილავონსიკ-იანიკთან ერთად. პოლონელმა მუსიკოსებმა მსმენელს მონიუშკოს, გურეცკის, კილარისა და ვენიავსკის ნაწარმოებები წარმოუდგინეს.

მათივე ინფორმაციით, კონცერტს ქართველი დირიჟორი მირიან ხუხუნაიშვილი დირიჟორობდა.

ღონისძიების პარტნიორები იყვნენ: პოლონური ინსტიტუტი თბილისში; მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე; ევგენი მიქელაძის ეროვნული მუსიკალური ცენტრი.

Tbilisi Classic Open Air დედაქალაქის მერიის მიერ ორგანიზებული პროექტია, რომლის ფარგლებშიც, კლასიკური მუსიკის კონცერტები ქალაქის ღია სივრცეებში ჩატარდება. ყველა ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალი იქნება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა