კახა კალაძე - ვიწყებთ მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში წყალარინების სისტემის დაერთების სავალდებულო რეჟიმის შექმნაზე მუშაობას

ვიწყებთ მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში წყალარინების სისტემის დაერთების სავალდებულო რეჟიმის შექმნაზე მუშაობას. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, წლების განმავლობაში მშენებლობის დერეგულაციამ ძალიან ცუდი შედეგი მოიტანა.

მისივე თქმით, მომავალში იქ, სადაც ჯერ კიდევ არაა განაშენიანება, სავალდებულო იქნება, რომ ადგილობრივად მოეწყოს გამწმენდი, ხოლო სადაც საკანალიზაციო სისტემაა, ყველა ახალი ობიექტის დაერთება მოხდება მხოლოდ და მხოლოდ ამ სისტემაზე.

„ჩვენ ვიწყებთ მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში წყალარინების სისტემის დაერთების სავალდებულო რეჟიმის შექმნაზე მუშაობას. მოგეხსენებათ, წლების განმავლობაში მშენებლობის სფეროში დერეგულაციამ ძალიან ცუდი შედეგი მოიტანა. რაც არ უნდა პარადოქსულად არ უნდა ჟღერდეს, არ იყო ვალდებულება, რომ წინასწარ ყოფილიყო შეთანხმებული საკანალიზაციო სისტემაზე სამშენებლო ობიექტის დაერთების საკითხი, რაც იწვევდა იმას, რომ სხვადასხვა მშენებლობის დროს წყალარინები ერთდებოდა არა ამ ქსელზე, არამედ სანიაღვრეზე. ამან გამოიწვია ის, რომ დღეს, მტკვარში, მიუხედავად იმისა, რომ GWP-ის აქვს გამართული გამწმენდი სისტემა, კანალიზაცია სანიაღვრეებიდან ჩაედინება. ამ კუთხით ვგეგმავთ ცვლილებებს, რომლითაც სავალდებულო გახდება მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში წინასწარი დაერთება, იქამდე ვიდრე ობიექტი ჩაბარდება და ექსპლუატაციაში შევა. პირველ რიგში ეს კეთდება იმისთვის, რომ სანიაღვრე ქსელი და შესაბამისად, მტკვარი არ დაბინძურდეს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ფრანგი პარტნიორების დახმარებით, მომავალში მთლიანად აღიწერება სანიაღვრე სისტემა, მათ შორის ისიც, რომელზეც დაერთებულია წყალარინები და ეტაპობრივად დავიწყებთ სანიაღვრე ქსელში გამწმენდი სისტემის მოწყობას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია მტკვრის ეკოსისტემისთვის, გარდა ამისა, იცით, რომ სანიაღვრეები წვიმის დროს ძალიან გადატვირთულია და მეტწილად ეს იმის გამო ხდება, რომ მასზე წლების განმავლობაში დაერთებულია წყალარინები. იქ, სადაც სანიაღვრეები არ არის, საერთოდ ხევებშია გაშვებული კანალიზაცია, რაც საერთოდ კატასტროფაა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი