დავით ზალკალიანმა სახელმწიფო მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მხრივ არსებული ვითარება განიხილა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო დავალებათა ელჩთან რელიგიის თავისუფლების საკითხებში სამუელ ბრაუნბეკთან შეხვედრა გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე ელჩმა დადებითი შეფასება მისცა და მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს მინისტერიალში მონაწილეობისთვის, რომელიც მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების საკითხებს შეეხება. შეხვედრაზე ხაზი გაესვა რელიგიის თავისუფლებისა და შემწყნარებლობის საკითხებში საქართველოს მდიდარ ისტორიულ გამოცდილებას.

„საგანგებო დავალებათა ელჩთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებულ რთულ ვითარებაზე, მათ შორის რელიგიის თავისუფლების შეზღუდვისა და ისტორიული რელიგიური ძეგლების დაზიანებისა და ხელყოფის ფაქტებზე. მხარეები მიესალმნენ რელიგიის თავისუფლების საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშს, რომელშიც საუბარია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შემნილ მდგომარეობაზე, რაც წარმოადგენს კარგ მექანიზმს იმისათვის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება მიპყრობილი იყოს მოცემულ საკითხზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვაშინგტონს სტუმრობს. დავით ზალკალიანი სახელმწიფო მდივნის მიწვევით მონაწილეობს რელიგიის თავისუფლების საკითხებთან დაკავშირებულ მინისტერიალში.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს