შოთა გეწაძე - ლევან მურუსიძე არის ჩემი მეგობარი და არა ჩემი ლიდერი

ლევან მურუსიძე არის ჩემი მეგობარი და არა ჩემი ლიდერი. ამას პირდაპირ ვამბობ,-ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა შოთა გეწაძემ იუსტიციის საბჭოში გასაუბრების დროს განაცხადა.

მოსამართლეობის კანდიდატს საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა ჰკითხა, როგორ აღიქვამს მოსამართლე ლევან მურუსიძის განცხადებას, რომ ის არის "სასამართლოს ლიდერი" და მიიჩნევს თუ არა მას ლიდერად.

"ის ჩემთვის ლიდერი არ არის, ის ჩემთვის გაცილებით მნიშვნელოვანი ადამიანია. მე მგონი, ამით ბევრი რამ არის ნათქვამი. სასამართლოს თავისი ბუნებიდან და დანიშნულებიდან გამომდინარე, ერთი ადამიანი, ლიდერი არ სჭირდება და არც ჰყავს. ლევანმა სხვა რამ თქვა, სხვა რამე იგულისხმა, მე ასე აღვიქვი. იმ კონტექსტში მან განაცხადა, რომ ის არის მოსამართლეთა ასოციაციის თავმჯდომარე, რომელსაც ენდო 200-ზე მეტი მოსამართლე. ამ თვალსაზრისით შეიძლება ლიდერი უწოდა საკუთარ თავს, მაგრამ იმ ინტერპრეტაციით, როგორც ამას თქვენ ბრძანებთ, რომ ის არის სასამართლოს მმართველი ლიდერი, რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის და ამის წინააღმდეგიც ვარ. ლევან მურუსიძე არის ჩემი მეგობარი და არა ლიდერი. ლევანი ცნობადი ფიგურა ნამდვილად არის სასამართლო სისტემაში", - განაცხადა გეწაძემ.

ამასთან, ჯანეზაშვილმა კანდიდატს ჰკითხა, როგორ დაახასიათებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს მიხეილ ჩინჩალაძეს და რამდენად ხშირად ნახულობს მას.

"დიდი ხანია ვიცნობ მიხეილ ჩინჩალაძეს. ჩვენ მაშინ მოგვიწია მუშაობა, როცა არც ერთი არ ვიყავით მოსამართლე. მაქვს შესანიშნავი ურთიერთობა. მას ბევრი კარგი თვისება აქვს და ძალიან გამჭრიახი გონების ადამიანია. ეს მომწონს ბევრ ადამიანში და ასევე, ბატონ მიხეილშიც, კარგი ადამიანია. ურთიერთობა მაქვს, მაგრამ არა ყოველდღიური. ბოლოს დაახლოებით ერთი თვის წინ ვნახე, სამართლებრივ საკითხზე ვისაუბრეთ. ჩვენ მეგობრები ვართ", - განაცხადა გეწაძემ.

შეგახსენებთ, შოთა გეწაძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოქმედი მოსამართლეა. ამასთან, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ერთ-ერთი კანდიდატია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო