საქართველოს ტყისა და მიწათსარგებლობის ატლასის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და პროექტის „Global Forest Watch“ თანამშრომლობით საქართველოს ტყისა და მიწათსარგებლობის ატლასი მომზადდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ახალი ონლაინ პლატფორმა გლობალური გარემოსდაცვითი ფონდისა (GEF) და გაეროს გარემოს დაცვის პროგრამის (UNEP) ფინანსური მხარდაჭერით განახორციელდა.

მათივე ინფორმაციით, ატლასის პრეზენტაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დაესწრო. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ტყისა და მიწათსარგებლობის ატლასი საშუალებას იძლევა თანამედროვე მეთოდით უფრო ხელმისაწვდომი გახდეს გარემოსდაცვითი ინფორმაცია.

„ატლასში გაერთიანებული საინფორმაციო მასალა და მონაცემები მუდმივად განახლდება. შესაბამისად, ატლასი ტყისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის და ანალიზის საშუალებას მოგვცემს. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება დინამიკაში დააკვირდეს საქართველოში ტყის მდგომარეობას. უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფოს აქვს ახალი სტრატეგიული მიდგომა ტყის დაცვისა და მართვის მიმართულებით. შემუშავდა ტყის ახალი კოდექსი, რომელიც პარლამენტში განხილვის ეტაპზეა. შემოდგომაზე ქვეყანას ექნება ახალი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ტყის რესურსის დაცვასა და მდგრად მართვას”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ტყისა და მიწათსარგებლობის ატლასი ონლაინ მონიტორინგის პლატფორმას წარმოადგენს, რომელიც დაინტერესებულ მხარეებს აწვდის უნიკალურ ინფორმაციას, მთელი ქვეყნის მასშტაბით ტყის მართვის, ტყის საფარის, ტყის ხანძრების, ხე-ტყის და წიაღის მოპოვების ლიცენზიების, გეოლოგიური რისკების, მეწყერების, დაცული ტერიტორიების, ტურისტული ბილიკებისა და სხვა მიმართულებების შესახებ.

ონლაინ პლატფორმა მოიცავს, როგორც სამთავრობო უწყებების, ასევე პარტნიორი ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, სხვადასხვა სამიზნე ჯგუფის საჭიროებებზე მორგებულ, დამუშავებულ მონაცემებს და ანალიტიკურ ინსტრუმენტებს.

ატლასის ადმინისტრირებას უზრუნველყოფს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მსოფლიო რესურსების ინსტიტუტის (https://www.wri.org/) მხარდაჭერით.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს