ადვოკატი - იმედი გვქონდა, რომ თუნდაც 14 წლის შემდეგ იზეიმებდა სამართლიანობა, სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ ვაზაგაშვილის სიცოცხლის უფლება ფეხქვეშ გაითელა

იმედი გვქონდა, რომ თუნდაც 14 წლის შემდეგ იზეიმებდა სამართლიანობა, თუ ამას შეიძლება ასე ვუწოდოთ - სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ ზურა ვაზაგაშვილის სიცოცხლის უფლება ფეხქვეშ იქნა გათელილი, - ამის შესახებ ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა განაცხადა.

მან ისაუბრა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.

"ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. 2006 წლის 2 მაისიდან ვაზაგაშვილების ოჯახს და ზურა ვაზაგაშვილის ინტერესების დამცველებს წლების განმავლობაში სამართლებრივად მძიმე ბრძოლა გვიწევდა სახელმწიფო ორგანოებთან, რათა სამართლისთვის მიგვეღწია. სამწუხაროდ, ეს არ აღმოჩნდა საკმარისი და 2009 წელს მოხდა საბოლოოდ საქმის შეწყვეტა ეროვნულ დონეზე, რადგან სახელმწიფომ ვერ დაადგინა, როგორც მინიმუმ, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადაცდომა იმ პირებთან ქმედებაში, რომელთა ე.წ. კორტების სისხლიანი სპეცოპერაცია ჩაატარეს. შიდა ეროვნულ დონეზე ეკლიანი გზის გავლა მოგვიწია იური ვაზაგაშვილთან და ციალა შანავასთან ერთად, რომ მინიმუმ, დაზარალებულის სტატუსის მინიჭება სახელმწიფოსგან დადებითად გადაწყვეტილიყო. რამდენიმეთვიანი დიდი ბრძოლა დასჭირდა, რომ დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი მიგვეღო. რაც ეს უფლება მივიღეთ, კანონმდებლობის შესაბამისად გვინდოდა, გავცნობოდით საქმის მასალებს და აქაც სერიოზულ წინააღმდეგობას წავაწყდით. როგორც ციალა შანავას, ასევე ადვოკატებს საქმის გაცნობის ქსეროასლების სახით მასალების გადაღების საშუალება არ გვქონდა , გვიწევდა ადგილზე გაცნობა და მნიშვნელოვანი დეტალების ამოწერა, რაც ძალიან რთული იყო. მაგალითად, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მხრიდან, რა სახის მრავალჯერადი დაზიანება ჰქონდა ვაზაგაშვილს მიღებული, ამის ამოწერა უწევდა მშობელ დედას და ჩვენ. დარწმუნებულები ვიყავით ჩვენი პოზიციის სიმართლეში და აღნიშნული საქმის მომზადებაში გუნდი იყო ჩართული, როგორც შიდა ეროვნულ დონეზე, შემდგომ უკვე სტრასბურგის სასამართლოს მიმართულებით. გვქონდა იმედი იმისა, რომ თუნდაც 14 წლის შემდეგ იზეიმებდა სამართლიანობა, თუ ამას შეიძლება ასე ვუწოდოთ. საჯარო მოხელეების მხრიდან აშკარად იყო კანონმდებლობის უხეში დარღვევა და სიცოცხლის აბსოლუტური უფლების ხელყოფა. ამიტომ ჩვენი მოლოდინი იყო ის, რაც დაადასტურა სტრასბურგის სასამართლომ, რომ დიახაც, 2006 წლის 2 მაისს კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე ზურა ვაზაგაშვილის სიცოცხლის უფლება ხელყვეს, ეს უფლება ფეხქვეშ იქნა გათელილი", - განაცხადა მოსიაშვილმა.

ადვოკატმა ასევე უპასუხა კითხვას კომპენსაციის თაობაზე და აღნიშნა, რომ იური ვაზაგაშვილის მთავარი მოთხოვნა საკუთარი შვილის უდანაშაულობის დამტკიცება იყო.

"რაც შეეხება კომპენსაციას, იური ვაზაგაშვილის მოთხოვნა და თხოვნა იყო, რომ მან დაადასტურა საკუთარი შვილის უდანაშაულობა, რადგან ფაქტობრივად, ეს ოჯახი დევნის სუბიექტი იყო წლების განმავლობაში. იურის სიტყვებია, თუ ზურა დამნაშავეა, მაშინ დავიჭიროთ და კანონდამრღვევი უნდა იყოს დასჯილი, მაგრამ რატომ უნდა იყოს ახალგაზრდა ადამიანი ჩაცხრილული ქალაქის ცენტრში? ამ ძირითადი თეზისის გამო ვიბრძოდით წლების განმავლობაში. ადამიანი ისე ჩაცხრილეს, რომ მისი სახელი და გვარიც არ იცოდნენ იმ პერიოდისთვის და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება, რომ შემდგომში ხდება პირის დადგენა. ფაქტია, რომ ე.წ. შედგენილი გეგმა, რომელიც თითქოს სპეცოპერაციის მიმდინარეობის პროცესში იყო სამართლებრივად შედგენილი, ასევე ის, თუ ვინ იყო ჩაცხრილული, მოგვიანებით გახდა ცნობილი სახელმწიფოს წარმომადგენლების მხრიდან, რაც მეტყველებს იმ გარემოებაზე, რომ ეს „ნულოვანი ტოლერანტობის“ ფორმატში ჩატარებული სპეცოპერაცია იყო, სადაც აბსოლუტური, სიცოცხლის უფლება ხელყვეს სახელმწიფოს წარმომადგენლებმა. სამწუხაროა, რომ სახელმწიფო მოხელის მხრიდან ჩადენილ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას წარმოადგენს სახელმწიფო, როგორც მხარე და ის იღებს ამ პასუხისმგებლობას. სამართლიანობის და სიმართლის ძიებას ყოველთვის აქვს აზრი, ადრე თუ გვიან დადასტურდება პირთა დანაშაულებრივი ქმედებები. ეს არის ის მაგალითი, როგორ არ უნდა მოიქცეს სახელმწიფო არც ერთ შემთხვევაში, არ უნდა მოექცეს არც ერთ მოქალაქეს ისე, როგორც ეს 2006 წლის 2 მაისს მოხდა. ფაქტია, ჩვენი ბრძოლის შედეგად დადასტურდა, რასაც აქამდე დაუდასტურებლად ვიძახდით", - განაცხადა მოსიაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა