შიდა ქართლში კონკურსში გამარჯვებული სკოლა დაჯილდოვდა

18 ივლისს, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე გორის მუნიციპალიტეტის სოფელი ფხვენისის საჯარო სკოლას ესტუმრა და ფონდის მიერ ორგანიზებული კონკურსის #მოვუაროთსკოლას ფარგლებში გამარჯვებულ სკოლას სპეციალური პრიზი - სმარტ ბორდი გადასცა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ათასწლეულის გამოწვევის ფონდიდან აცნობეს, კონკურსი #მოვუაროთსკოლას სასწავლო წლის დასაწყისში დაიწყო და მასში ფონდის მიერ რეაბილიტირებულ საჯარო სკოლებს შეეძლო მონაწილეობის მიღება. წელს უკვე გამოვლინდა ორი გამარჯვებული სკოლა: ქუთაისის N17 საჯარო სკოლა და ფხვენისის საჯარო სკოლა.

„დღეს ვეწვიეთ სოფელი ფხვენისის ჩვენი ფონდის მიერ რეაბილიტირებულ საჯარო სკოლას და სპეციალური სასკოლო აღჭურვილობა გადავეცით. გვჯერა, ახალი სასკოლო ტექნიკა კიდევ უფრო გააძლიერებს და გააფართოებს იმ ინვესტიციას, რომელიც ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა ჩადო საჯარო სკოლების რეაბილიტაციაში. ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის ფარგლებში ჩვენმა ფონდმა 91 საჯარო სკოლას ჩაუტარა სრული რეაბილიტაცია საქართველოს რეგიონებში. ფხვენისის საჯარო სკოლა ერთ-ერთი პირველია, რომლის სრული რეაბილიტაციაც სამი წლის წინ განხორციელდა. კონკურსის შედეგებმაც ცხადყო, რომ დღეს ფხვენისის საჯარო სკოლა ერთ-ერთი წარმატებულია და იმსახურებდა კონკურსში საპრიზო ადგილს“, - განაცხადა მაგდა მაღრაძემ.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული კონკურსის ფარგლებში ფხვენისის საჯარო სკოლის ადმინისტრაციის მიერ წარმოდგენილი და დანერგილი მოვლა-პატრონობის მოდელი ერთ-ერთი გამორჩეულია და სრულად პასუხობს ფონდის მიერ შემუშავებული მოვლა-პატრონობის რეკომენდაციებს.

„ინოვაციური კამპანია #მოვუაროთსკოლას მეორე წელია რაც იმართება და მისი მიზანია, საჯარო სკოლების მიერ შემუშავებული მოვლა-პატრონობის პოლიტიკის წახალისება. პროექტი ხელს უწყობს მოსწავლეების, მასწავლებლების, სკოლის ადმინისტრაციის და ადგილობრივი თემის ცნობიერების ამაღლებას და სკოლის მოვლის საკითხში პასუხისმგებლობის გაზიარებას.

#მოვუაროთსკოლას ხორციელდება ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ინიციატივით და ემსახურება მსოფლიოში აპრობირებული მიდგომის, მოსწავლეების, პერსონალისა და თემის მიერ საკუთარ სკოლაზე ზრუნვის, დანერგვას საქართველოში. კამპანიის მიზანია სკოლაზე ზრუნვის, მისი დასუფთავების, მოწესრიგების და მოვლის პასუხისმგებლობის გაზიარება და ამ მიმართულებით, საქართველოში არსებული საუკეთესო პრაქტიკის გავრცობა-პოპულარიზაცია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს