დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შენობასთან აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა საქართველოში არსებული შრომითი უსაფრთხოების პირობები გააპროტესტეს. აქციის ორგანიზატორის განცხადებით, ჯანდაცვის მინისტრს უნდა ახსოვდეს, რომ ის არ არის მხოლოდ ჯანდაცვის და დევნილთა მინისტრი და აუცილებელია შრომა ჩვენს ქვეყანაში იყოს უსაფრთხო.
„საგანგაშოა ის სტატისტიკა, რაც გვაქვს სამუშაო ადგილებზე ადამიანების გარდაცვალების. ისეთი პატარა ქვეყნისთვის როგორიც საქართველოა, ბოლო წლების განმავლობაში 1200-ზე მეტი ადამიანის დაშავება ან დასახიჩრება არის უკიდურესად მძიმე სტატისტიკა. ჩვენ მოვედით აქ ახალ მინისტრთან იმისათვის, რომ გავიგოთ რა პოზიცია აქვს მას. რა კონკრეტული ხედვა და გეგმა აქვს და უნდა ახსოვდეს, რომ ის არ არის მხოლოდ ჯანდაცვის ან დევნილთა მინისტრი, ის არის შრომის მინისტრიც და შრომა ამ ქვეყანაში აუცილებელია რომ იყოს უსაფრთხო. ჩვენ ვკარგავთ ისეთ ადამიანებს, რომელთა დაკარგვაც შეუძლებელია. ვიღებთ რას, რომ აღვირახსნილი ბიზნესის წარმომადგენელი, რომელსაც არავითარი შიში და რეგულაციის განცდა არ აქვს, შრომას კი არა თავად ადამიანს ყიდულობს. აუცილებელია, რომ მიდგომა შეიცვალოს ამ ქვეყანაში და პრიორიტეტი გახდეს ადამიანი. აუცილებელია, რომ დასაქმებულს ქონდეს განცდა, რომ მასზე სახელმწიფო ზრუნავს. ისედაც ადამიანები დილით რომ გავლენ, სამსახურიდან სახლში დაბრუნდებიან თუ არა ესეც კი სათუოა. ეს რეალობა არის წარმოუდგენელი და აუცილებელია, რომ ხელისუფებამ მკაცრი და ეფექტური პასუხი გასცეს იმ რეალობას რაც გვაქვს დღეს ჩვენ." - განაცხადა აქციის ორგანიზატორმა ლაშა მესხმა.