გიორგი ვაშაძის განცხადებით, ახალი პირდაპირი ავიარეისები ქართულ ოჯახებს დამატებით შემოსავალს მოუტანს

„პოლიტიკური პლატფორმა - ახალი საქართველოს“ ლიდერმა ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა. გიორგი ვაშაძის ინიციატივა, 5 პუნქტს მოიცავს. ოპოზიციური პარტიის ლიდერის თქმით, „მხარდაჭერა საქართველოს” - ეს არის კრიზისის დაძლევის ხუთპუნქტიანი გეგმა, რომელიც საქართველოს თავიდან ააცილებს დამატებით ეკონომიკურ პრობლემებს და მოახდენს მის ინტეგრაციას დასავლური უსაფრთხოების სისტემაში.

„ჩვენ წარმოვადგინეთ ანტიკრიზისული გეგმის 5 პუნქტიანი ინიციატივა, რომლის წარმატებით განხორციელების შემთხვევაშიც მოვიზიდავთ მილიონობით ტურისტს და ლარის კურსი დაიწყებს გამყარებას. საქართველოში წარმოებული პროდუქციისთვის გაიხსნება ბაზარი მსოფლიოს სხვადასხა ქვეყანაში. ეს კი თავისთავად, დადებით გავლენას მოახდენს ქვეყნის ეკონომიკაზე.

ჩვენი გუნდის ინიციატივა ხუთი პუნქტისგან შედგება და ერთ-ერთი მათგანია ინიციატივა სახელწოდებით „საქართველო ახლოსაა”. რას გულისხმობს ეს კონკრეტული პუნქტი - აუცილებელია, დაიწყოს ბევრად უფრო მასშტაბური და მიზნობრივი კამპანია იმ ქვეყნებში, სადაც საქართველოს მაღალი ცნობადობა აქვს.

საჭიროა, დაინიშნოს პირდაპირი, ყოველდღიური ავიარეისები ამ ქვეყნებში არსებულ დიდ ქალაქებთან, მაგალითად, ლვოვი, დნეპროპეტროვსკი, გდანსკი, კრაკოვი, ვროცლავი, პოზნანი, რიგა, ვილნიუსი და ა.შ. არასწორია პირდაპირი ავიარეისები მხოლოდ დედაქალაქებიდან. ინტერესი საქართველოსთან მიმართებით მსგავს მილიონიან ქალაქებში არის დიდი და ეს ინტერესი ჩვენ კიდევ მეტად უნდა გავამძაფროთ. პირდაპირი ფრენის არარსებობა კი ქმნის დამატებით დაბრკოლებებს და ტურისტი აღარ მოდის საქართველოში. აუცილებელია გვქონდეს პირდაპირი რეისები ყველა იმ დიდ ქალაქთან, სადაც ცნობადობა საქართველოსი არის მაღალი. ეს მოიზიდავს ასობითათას დამატებით ტურისტს, რაც მოიტანს შემოსავალს ქართველი ოჯახებისთვის. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი კი ისაა, რომ ამ რეგულაციით კომპენსაცია მოხდება რუსეთიდნ შემოსული ტურისტული ნაკადის კლების.

თუ ქვეყანა ხელმისაწვდომი არაა და მარტივი არ არის მასში ჩასვლა, მაშინ ეს არის დემოტივაციის ფაქტორი ტურისტისთვის. ამის პრობლემა დღეს ნამდვილად გვაქვს. ვფიქრობ, მთავრობამ უნდა დაიწყოს მუშაობა იმაზე, რომ კომპანია „ტავმა“, რომელიც თბილისისა და ბათუმის აეროპორტების ოპერატორია, დააწესოს სპეციალური ფასები კრიზისული სიტუაციისთვის.

კომპანიისთვის, ვინც დანიშნავს რეისს ამ ახალი ქალაქებიდან უნდა იყოს დაბალი ტარიფი ავიამოსაკრებლის კუთხით და ტარიფი არ უნდა ისეთი მაღალი, როგორიც ეს დღესაა. ეს არის კომპლექსური სამუშაო, რომელიც უნდა ჩატარდეს. ყოველდღიურად ორი ან სამი დამატებითი რეისი დიდი ქალაქებიდან საქართველოში ჩამოიყვანს ასობითათას ტურისტს. ეს შემოიტანს დამატებით თანხებს ქვეყანაში და გააჩენს შემოსავალს ქართველი ოჯახებისთვის. პირდაპირი ავიარეიების შესასრულებლად კი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ქართული ავიაკომპანიები“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისივე თქმით, „ჩვენ გვაქვს მეგობარი ქვეყნების სურვილი და მზაობა, მხარი დაუჭირონ საქართველოს. ამიტომ, ახლა საჭიროა სწორი და დროული მოქმედება.“

ამასთან, როგორც „ინტერპრესნიუსს“„პოლიტიკური პლატფორმა - ახალი საქართველოდან“ აცნობეს, გიორგი ვაშაძემ ანტიკრიზისული გეგმა რამდენიმე დღის წინ წარადგინა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა