ქართული პრესის მიმოხილვა 20.07.2019

კახა კოჟორიძე - “რუსთავი 2”-ის საქმე შერჩევითი სამართლის ნიმუშია”

რამაზ საყვარელიძე - “პროპორციული სისტემა “ოცნებას” აწყობს”

* * *

კახა კოჟორიძე - “რუსთავი 2”-ის საქმე შერჩევითი სამართლის ნიმუშია”

“მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ სტრასბურის სასამართლოზე ვიღაცებმა ფინანსური გავლენა მოახდინეს და ამის საფუძველზეა ეს გადაწყვეტილება მიღებული, თუმცა ვერც იმას ვიტყვი, რომ აღფრთოვანებული ვარ ამ გადაწყვეტილებით – მე ვფიქრობ, რომ შესაძლებელი იყო ამ საქმის ფაბულის გათვალისწინებით დადგენილიყო, მაგალითად, სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა – ამის შესაძლებლობა არსებობდა და ამ შესაძლებლობაზე მიუთითებს ის მოსამართლე, რომელმაც სხვებისგან განსხვავებული აზრი დაწერა ამ საქმესთან დაკავშირებით”, - აცხადებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძე გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით კახა კოჟორიძე: “შეუძლებელია, ქიბარ ხალვაში სარედაქციო მუშაობაში არ ჩაერიოს”.

“გულუბრყვილობა იქნება იმის ილუზია, რომ ქიბარ ხალვაში სარედაქციო დამოუკიდებლობაში არ ჩაერევა. არანაირი ნიშანი ამაზე არ მიუთითებს. “რუსთავი 2”-ის ძალიან მაღალპროფესიონალურ გუნდს თუ ექნება შესაძლებლობა, რომ საერთოდ დატოვოს ეგ არხი და სხვა არხზე შექმნას რაღაცა ღირებული პროდუქტი, ეს ბევრად კარგი იქნება. ეს არხი იყო ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი, მაგრამ ზოგადად პოლიტიკური გავლენებისგან დამოუკიდებელი არ იყო. მე როგორც მოქალაქე ვისურვებდი, რომ საერთოდ პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი არხი იყოს. “რუსთავი 2” ზოგს მოსწონდა, ზოგს არ მოსწონდა, მაგრამ მთლიანობაში, პროდუქტი იყო მაღალი პროფესიული დონის. თუ ამ პროდუქტის შემქმნელ ჟურნალისტებს მიეცემათ იმის საშუალება, რომ შექმნან ყოველგვარი პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი პროდუქტი, ეს იქნება ძალიან კარგი საზოგადოებისთვის”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კახა კოჟორიძე.

“მე ვფიქრობ, რომ “რუსთავი 2” რეიტინგს დაკარგავს – ეს ძალიან მარტივად გამოჩნდება, როცა შიდა მენეჯმენტის საკითხები დალაგდება. ჩვენ გვახსოვს როგორი იყო “იმედი” ადრე და როგორი გახდა, როცა მის მესაკუთრეს ბადრი პატარკაციშვილს და მის ოჯახს წაართვეს – ერთ თვეში შეიცვალა რადიკალურად. სამწუხაროდ, ეს ჩვენი ისტორიის ნაწილია, ეს გაკვეთილები უკვე ნასწავლი გვაქვს და რატომ უნდა შეგვეშალოს ახლა პროგნოზირება, არ ვიცი. თუ მოხდება სასწაული და ხალვაში თუ იქნება თავისუფალი სიტყვის მედროშე, გამოხარდება და ბოდიშსაც კი მოვიხდი, მაგრამ ამის მოლოდინი არა მაქვს. მესმის საზოგადოების ნაწილის განცდა, რომ “რუსთავი 2” “ოცნებას” ჩაბარდა და ამ განცდას აქვს თავისი საფუძველი. შერჩევითობა არის სამართლიანობის მტერი და საერთოდ არ არის სამართალი, როცა შერჩევით იხილება საქმე”, - განაგრძობს რესპონდენტი და შეკითხვაზე – “ამ შემთხვევაში შერჩევით სამართალს ხედავთ?” – პასუხობს:

“დიახ. “რუსთავი 2”-ის საქმემ 4 წელიწადში გაიარა საქართველოს სასამართლოს სამივე ინსტანცია, უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის ჩათვლით და სტრასბურის სასამართლოც კი. ეს პროცესი 2015 წლის აგვისტოში დაიწყო და 4 წელიც არ არის სრულად გასული და სტრასბურში კი საქმე დამთავრდა. - მე ვეწევი საადვოკატო საქმიანობას, მაგალითად, საავიაციო ქარხნის დიდი საქმის ადვოკატი ვარ, სადაც მეშვიდე წელია ჯერ სააპელაციო ინსტანციაც არ არის დასრულებული, ასევე ფონდი “კონსტანცას” საქმეზე, მეექვსე წელი მიდის და უზენაეს სასამართლოს ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია... - იქით მივანიშნებ, რომ შერჩევით ხდება ყველაფერი - სასამართლოში არის შერჩევითი მართლმსაჯულება. თუ ხალვაში ამბობს, რომ მასზე იძულება განახორციელეს და მე მჯერა, რომ მასზე იძულება მოხდებოდა თავის დროზე და სწორედ ამიტომ გაყიდა საბაზროზე ნაკლებ ფასად “რუსთავი 2”-ის წილი, რატომ არ მიანიშნებს იძულებაზე საავაციო ქარხნის საქმეში, როდესაც აქციონერებმა უსასყიდლოდ კვირა ღამეს გადაუფორმეს “რუსთავი 2”-ზე მრავალჯერ უფრო მეტად ძვირადღირებული ქონება?! საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ ფასად გასხვისება თუ იძულებაზე მანიშნებს, ამავე სასამართლოს განმარტებით უფასოდ გასხვისება იძულებაზე რატომ არ მიანიშნებს?! ასეთი აბსურდული საქმეები საქართველოს მართლმსაჯულებაში არსებობს და იხილება “რუსთავი 2”-ის საქმისგან განსხვავებული სტანდარტებით - აი, ეს არის შერჩევითობის ჩვეულებრივი ნიმუში და ახლა ამ ფონზე პრეზიდენტის განცხადება, რომ თურმე ქართულმა მართლმსაჯულებამ ტესტი ჩააბარა, უბრალოდ, ღიმილისმომგვრელია”.

“მე არ ვამბობს იმას, რომ სტრასბურგი მოისყიდეს და ასე შემდეგ, მე უბრალოდ ფაქტს ვამბობ. ფაქტი კი ის არის, რომ ოთხ წელიწადზე ნაკლებ დროში ამ საქმეზე დამთავრდა საქართველოშიც და სტრასბურგშიც საქმის განხილვა. დამისახელონ, სხვა რომელი საქმე დამთავრდა ოთხ წელიწადზე ნაკლებ დროში?! სტრასბურგმა ამ საქმის განხილვას მოანდომა ორ წელზე ოდნავ მეტი დრო! - ამ დროში არ ხდება ხოლმე სტრასბურგში საქმის განხილვა. სხვა საქმეებისგან განსხვავებით, ამ საქმის სწრაფად განხილვის ახსნა მე არ მომისმენია, მე ანალოგიური სისწრაფით განხილული არც ერთი საქმე არ მახსენდება!” – დასძენს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე.

რამაზ საყვარელიძე - “პროპორციული სისტემა “ოცნებას” აწყობს”

“ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა ბიძინა ივანიშვილის ხედვებში კორექტივები შეიტანა. ვნაბათაღელვა ჩაცხრა და პიკმა გადაიარა, თუმცა ეს ვნებათა ღელვა არსად გამქრალა და ერთი პატარა ბიძგია საჭირო, რომ ეს ტალღა კვლავ წამოვიდეს. რაც შეეხება სააკაშვილის განცხადებებს, სხვანაირად რომ მოქცეულიყო, ის უფრო გამიკვირდებოდა. სააკაშვილი რისი სააკაშვილია, თუ თავის ჩვეულ ფორმაში არ იქნება – ის ყოველთვის აგრესიულ შეტევაზეა ორიენტირებული, უბრალოდ, სხვაგვარად არ შეუძლია…”, - აცხადებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ”ივანიშვილს მოუწევს კოალიციური მთავრობის დაკომპლექტება” / რამაზ საყვარელიძე: “პროპორციული სისტემა “ოცნებას” აწყობს”.

“ივანიშვილი მიხვდა, რომ “ნაციონალურ მოძრაობასთან” თამაში ცეცხლთან თამაშია და მისი პოლიტიკური სვლა - საარჩევნო სისტემასა და საარჩევნო ბარიერს ვგულისხმობ, სწორედ ამის დასტურია. პირველ რიგში ივანიშვილი მიხვდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს - “მე თუ არ ამირჩევთ “ნაციონალური მოძრაობა” დაბრუნდება” - ეს აღარ იმუშავებს და ვაითუ მართლა მობრუნდნენ! ამიტომაც მე მგონია, რომ პროპორციული სისტემის ამოქმედება სწორედ ამის დასტურია, თუმცა ივანიშვილის პოლიტიკური სვლები ამით არ ამოიწურება. არ გამოვრიცხავ, რომ მორიგი სვლა უკვე მისი პარტიის მიმართ იყოს განხორციელებული... ფაქტია, რომ ივანიშვილი კეთილსაიმედო პარტნიორებს ეძებს. კი გვითხრა, რომ “ქართული ოცნება” ეცდება უმრავლესობაში მოვიდეს ანუ მთავრობა მან დააკომპლექტოს, მაგრამ პროპორციული საარჩევნო სისტემითა და ნულოვანი ბარიერით ამის ალბათობა ძალიან მინიმალურია. ამიტომ ივანიშვილს მოუწევს კოალიციური მთავრობის დაკომპლექტება. კოალიციაში კი მას ის ხალხი უნდა, რომლებსაც ენდობა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

“ვინ არის ეს ხალხი, როგორ გადანაწილდება ხმები?! – ეს ძალიან სერიოზული საკითხებია. როგორი იქნება ძალთა ბალანსი, ვინ იქნება წამყვან ადგილებზე წარმოდგენილი, ვის გამოუცხადებს ნდობას ხალხი, - ეს არის მნიშვნელოვანი. ერთ წელიწადში იმდენი რამე შეიძლება მოხდეს, მით უფრო ჩვენ პოლიტიკურ რეალობაში, - ლამის 24 საათში შეიცვალოს ყველაფერი, არაფერი არ არის გამორიცხული”, - განაგრძობს რესპონდენტი და შეკითხვაზე – “შერეული საარჩევნო სისტემიდან მართლა გადავალთ პროპორციულ სისტემაზე?” - პასუხობს:

“ეს სკეფსისი რეალურად არსებობს და სავსებით ლეგიტიმურია. სანამ ეს საკონსტიტუციო ცვლილებები არ მოხდება და მას მხარს არ დაუჭერს 113 დეპუტატი, მანამდე მართლა არ არსებობს არანაირი გარანტია, რომ საარჩევნო სისტემა შეიცვლება, მაგრამ პოლიტიკური რეალობა და კონტექსტი არის გასათვალისწინებელი: დღეს ყველაზე მეტად სწორედ “ქართული ოცნების” ინტერესშია პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა. დღეს ყველაზე მეტად ივანიშვილს უნდა აწყობდეს, რომ ქუჩა არ იყოს პოლიტიკური ტრიბუნა, თორემ ქუჩას რა მოჰყვება და ქუჩიდან განვითარებული მოვლენები როგორ შეიძლება დასრულდეს, ეს არაერთხელ გვინახავს”.

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით