ადვოკატი განმარტავს, რა გეგმები ჰქონდა იულია სუსლიაკს საქართველოში შემოსვლის შემდეგ

იულია სუსლიაკი აზერბაიჯანიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ ოკუპირებულ აფხაზეთში, მეუღლესთან გადასვლას აპირებდა. ამის შესახებ ტრეფიკინგსა და ბავშვებით ვაჭრობაში ბრალდებული უკრაინის მოქალაქის, იულია სუსლიაკის ადვოკატმა ზურაბ თოდუამ განაცხადა.

ადვოკატმა განმარტა, თუ რა გეგმები ჰქონდა იულია სუსლიაკს საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ და ასევე ისაუბრა იმაზე, თუ რა მიზეზით არ შემოუშვეს ის აზერბაიჯანიდან საქართველოში. რაც შეეხება ბაქოში გამგზავრების მიზეზებს, ადვოკატის თქმით, სუსლიაკმა სამთვიანი პატიმრობის შედეგად მძიმე სტრესი გადაიტანა, ვინაიდან არაადამიანურ პირობებში უწევდა ყოფნა და ამიტომ აზერბაიჯანში დასვენების მიზნით წავიდა.

„მას უნდა დავხვედროდი დილის 10:00 საათზე თბილისში, მაგრამ გარდაბნის საკონტროლო პუნქტთან ქართველმა სამართალდამცველებმა სთხოვეს ჩამოსვლა მატარებლიდან იმ საფუძვლით, რომ მისი ნახვა სურდა უფროსს და გამოუწერეს დადგენილება, რომელშიც ვკითხულობთ, რომ თურმე იულია სუსლიაკს არ აქვს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მოწესრიგებული დოკუმენტები, არ ჰქონდა სადაზღვევო პოლისი. თუმცა საქართველოში უკრაინის და აზერბაიჯანის მოქალაქეებს არავითარი სადაზღვეო პოლისის ქონა არ ევალებათ. ეს ნებაყოფლობითია. ამ დადგენილების გამოწერის შემდეგ ის გააბრუნეს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე“, - განაცხადა ზურაბ თოდუამ.

ადვოკატის თქმით, იულია სუსლიაკის საქართველოს ტერიტორიაზე შემოყვანა თავადაც სცადა, თუმცა ამის უფლება ქართულმა მხარემ არ მისცა.

„ამის შემდეგ მე ჩავედი, გადავკვეთე აზერბაიჯანის საზღვარი და დავიწყე ხელახალი პროცედურა საზღვრის გადმოკვეთის. გადმოვკვეთეთ აზერბაიჯანის საზღვარი ყოველგვარი პრობლემების გარეშე, თუმცა პრობლემები ისევ შეექმნა საქართველოს საზღვარზე - ჯერ საცხოვრებლის არ ქონა დაასახელეს მიზეზად, შემდეგ შესაბამისი თანხის არ ქონა, ბოლოს კი დაწერეს, რომ თურმე იულია სუსლიაკს იმის გამო ეუბნებიან საქართველოში შემოსვლაზე უარს, რომ საფრთხე ექმნება საქართველოს უსაფრთხოებას და საზოგადოებრივ წესრიგს“, - განაცხადა ზურაბ თოდუამ.

ამასთან ადვოკატის თქმით, იმის გამო რომ იულია სუსლიაკის მეუღლე ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიას ვერ ტოვებს, ის აპირებდა ბრიფინგის ჩატარების შემდეგ აფხაზეთში გადასვლას და ასევე აფხაზეთში უნდა ჩაეყვანათ მათი შვილებიც, რომლებიც ახლა უკრაინაში იმყოფებიან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა