შალვა თადუმაძე ნაზი ჯანეზაშვილს - თქვენს ხუმრობას შეურაცხყოფად ვიღებ - არ ვარ ამ კატეგორიის არც პიროვნება და არც გენპროკურორი, რომ ვიღაცეებს სამაგიეროს ვუხდიდე

მე, თქვენს ამ ხუმრობას შეურაცხყოფად ვიღებ. არ ვარ იმ კატეგორიის არც პიროვნება და არც გენერალური პროკურორი, რომ სამაგიეროებს ვუხდიდე ვიღაცებს, - ასე მიმართა გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ გასაუბრების დროს იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრს ნაზი ჯანეზაშვილს.

შალვა თადუმაძე, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატია, 10:00 საათიდან ამ დრომდე გასაუბრებას გადის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. საბჭოს მოსამართლე წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა იკითხა, ხომ არ იყო საჭირო, გამოეცხადებინათ შესვენება, რა დროსაც თადუმაძემ აღნიშნა, რომ შესვენების გამოცხადება არ არის საჭირო.

"არა, მესმის ცდუნება, პირდაპირ ეთერში 4 საათნახევარი დაკითხო მოქმედი გენერალური პროკურორი",- განაცხადა თადუმაძემ.

საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ აღნიშნა, რომ დაახლოებით 6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა კანდიდატ მერაბ გაბინაშვილთანაც გასაუბრება.

"ვცდილობთ, რომ თანაზომიერი მიდგომა გვქონდეს ყველა კანდიდატთან", - აღნიშნა დოლიძემ.

ამ დროს კი ასევე არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა გენერალურ პროკურორს შემდეგი რეპლიკით მიმართა - " იმედია სამაგიეროს არ გადაგვიხდით". შალვა თადუმაძემ ჯანეზაშვილს უპასუხა, რომ ეს ხუმრობა მისთვის შეურაცხმყოფელია.

"მე, თქვენს ამ ხუმრობას შეურაცხყოფად ვიღებ. არ ვარ ამ კატეგორიის არც პიროვნება და არც გენერალური პროკურორი, რომ სამაგიეროებს ვუხდიდე ვიღაცებს. ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში თქვენ ცუდად იხუმრეთ",- განაცხადა თადუმაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს