ჯანდაცვის მინისტრი საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ხელმძღვანელს, ღასან ხალილსა და ფონდის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე განიხილეს ბავშვთა უფლებების დაცვისა და მათი სოციალური კეთილდღეობისთვის მნიშვნელოვანი საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბავშვთა მიზნობრივ სოციალურ დახმარებას, რომელიც გასული წლიდან გახუთმაგებული ოდენობით მიეწოდებათ ბავშვიან ოჯახებს. მინისტრის განცხადებით, აუცილებელია განხორციელდეს მძლავრი მონიტორინგი ოჯახების მიერ, თუ რამდენად მიზნობრივად ხმარდება სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხები უშუალოდ ბავშვთა საჭიროებებს. ღასან ხალილის განცხადებით, აღნიშნული საკითხი მნიშვნელოვანი გამოწვევაა მთელი მსოფლიოსთვის და ეკატერინე ტიკარაძის მიერ ამ საკითხზე ყურადღების გამახვილება, მინისტრის სწორ ხედვად და პრიორიტეტად შეაფასა. გარდა სოციალური დახმარებისა, შეხვედრაზე განიხილეს ბავშვებისთვის ჯანდაცვის სერვისების მიწოდების გაუმჯობესების საკითხი.

ჯანდაცვის მინისტრმა, ასევე, განსაკუთებული ყურადღება დაუთმო დიდი ზომის ბავშვთა სახლების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესს და ქუჩაში მცხოვრები ბავშვების პრობლემას.

„ჩვენ ვალდებულნი ვართ დავაკმაყოფილოთ არამხოლოდ ბავშვთა მატერიალური, კვებითი თუ სხვა მსგავსი სახის საჭიროებები, ასევე აუცილებლად უნდა უზრუნველვყოთ მათი განათლება და პროფესიული მომზადება. ამის გარეშე წარმოუდგენელია მათი მომავალი და სოციალურად ძლიერი ქვეყანა“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

გაერო-ს ბავშვთა ფონდმა დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ განხორციელებული აქტივობები ბავშვთა უფლებების დაცვის საქმეში და აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს აქვს სწორად დასახული სამომავლო პრიორიტეტები. ხასან ხალილმა მადლობა გადაუხადა ჯანდაცვის მინისტრს შეხვედრისთვის და სამომავლო მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებისთვის მზადყოფნა გამოთქვა,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა