საზაფხულო სკოლები გრძელდება

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ სამეცნიერო და ინგლისური ენის საზაფხულო სკოლები მოინახულა, მოსწავლეებს შეხვდა და ნორჩ გამომგონებელთა ნამუშევრებს გაეცნო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, პროექტი ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა - „თბილისის“ ბაზაზე ხორციელდება და მასში ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადებში საუკეთესო შედეგების მქონე 750 მოსწავლე მონაწილეობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.

საზაფხულო სკოლაში მოსწავლეების აქტივობები ორ ნაწილად იყოფა: დღის პირველ ნახევარში ისინი ძირითადად აკადემიური ნაწილით არიან დატვირთულნი, მეორე ნახევარში კი, განტვირთვის საშუალება აქვთ მრავალფეროვანი სპორტული და შემოქმედებითი აქტივობებით, ექსკურსიებითა და გასვლითი ღონისძიებებით.

სამეცნიერო საზაფხულო სკოლის პროგრამა ძირითადად მათემატიკისა და ინფორმატიკის თემატიკას უკავშირდება. მოსწავლეები ეცნობიან მათთვის საინტერესო ინფორმაციებს სამეცნიერო სფეროდან, უტარდებათ მრავალფეროვანი ლექციები და სემინარები მოწვეულ ლექტორებთან, დარგის სპეციალისტებთან.

ინგლისური ენის საზაფხულო სკოლაში კი, აკადემიური ნაწილი მოიცავს როგორც ინგლისური ენის, ასევე დიდი ბრიტანეთის კულტურისა და ტრადიციების შესწავლას. ზოგადი ინგლისურის გაკვეთილებზე მოსწავლეები ეცნობიან სხვადასხვა თემებს, ისეთებს, როგორებიცაა: მოგზაურობა, მუსიკა, სარეკლამო სფერო, კინოინდუსტრია და სხვა. საგაკვეთილო პროცესი დატვირთულია ბევრი სახალისო აქტივობით, რაც საშუალებას აძლევს მოსწავლეს მაქსიმალურად გამოავლინოს თავისი შესაძლებლობები.

„სამეცნიერო ბანაკის თითოეულ ნაკადში ბანაკის მონაწილეთაგან საუკეთესო მოსწავლეები შეირჩევიან, რომელთა ნაწილი შვეიცარიაში, CERN-ში (ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრი) გაემგზავრება, ნაწილი კი - პოლონეთში, კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრში, ინგლისური ენის ბანაკის მოსწავლეებიდან საუკეთესოები კი, დიდ ბრიტანეთში, ბაქსვუდის სკოლაში გაემგზავრებიან”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი