ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, ვლადიმერ იმნაძე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს შეხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე, ვლადიმერ იმნაძემ სამსახურის წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ ისაუბრა.
ვლადიმერ იმნაძის თქმით, აღნიშნული პრობლემების გადაწყვეტაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს როლი უმნიშვნელოვანესია. მისი განცხადებით, ვეტერანებისათვის ბევრი დადებითი პროექტი ხორციელდება, მაგრამ არსებობს გამოწვევები, რომლებზეც ერთობლივი მუშაობა უნდა გაგრძელდეს.
შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო თბილისში, კედიას ქუჩაზე მდებარე ვ.სანიკიძის სახელობის ვეტერანთა დღის სტაციონარისათვის აუცილებელ სამედიცინო აღჭურვილობას, რომლის გარეშეც კლინიკა ფუნქციონირებას ვერ იწყებს. მინისტრმა დღის სტაციონარის მონახულების სურვილი გამოთქვა, რათა ადგილზე გაეცნოს არსებულ ვითარებას.
დღესვე მხარეებმა ლუბლიანას ქუჩაზე ვეტერანთა მრავალპროფილური ჰოსპიტალის მშენებლობის შესაძლებლობის საკითხებზეც ისაუბრეს.განხილულ იქნა ვეტერანთა ჯანმთელობის დაზღვევის პაკეტში იმ ცვლილებების შეტანის საკითხი, რომელიც უწყების ბენეფიციართათვის სისტემას უფრო მოქნილს გახდის. ამასთან საუბარი შეეხო, დევნილი ვეტერანებისათვის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებასაც. ყველა აღნიშნული საკითხის გადაწყვეტაში ეკატერინე ტიკარაძემ დახმარებისთვის მზადყოფნა გამოთქვა. მინისტრის თქმით, ვეტერანთა საკითხები, მათი უფლებების დაცვა, სოციალური უზრუნველყოფა მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, მხარეები შეთანხმდნენ, აღნიშნული პრობლემების ეფექტური და დროული გადაწყვეტისთვის, შეიქმნას ორმხრივი სამუშაო ჯგუფი, რომლის პირველი სხდომის გამართვაც მომავალ კვირას იგეგმება.
შეხვედრას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე, ჯანდრი უბირია, ვ.სანიკიძის სახელობის ვეტერანთა ჰოსპიტლის დირექტორი, ლევან ჯუღელი და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა და ეკომიგრანტთა საკითხების დეპარტამენტის უფროსი, ბესარიონ სიმონიშვილი ესწრებოდნენ.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"