„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ ჭიაბერაშვილის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი ანაკლიის კონსორციუმთან „კატა-თაგვობანას თამაშობს“. როგორც ჭიაბერაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ერთის მხრივ ის არ აძლევს საზოგადოებას ფორმალურ საბაბს პირდაპირ თქვას, რომ ებრძვის ანაკლიის კონსორციუმს და მეორეს მხრივ, დგამს ისეთ ნაბიჯებს, რაც დაბრკოლებას უქმნის ანაკლიის კონსორციუმს, რომ საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე იმუშაონ სახსრების მოსაძიებლად.
„ბიძინა ივანიშვილი ანაკლიის პორტთან დაკავშირებით კატა-თაგვობანას თამაშობს. ის ერთის მხრივ გვარწმუნებს საზოგადოებას - აი რა გინდათ, ვერ აწია ფული ანაკლიის კონსორციუმმა და გადავუვადეთ. ანუ ფორმალურ საბაბს, რომ ის თითქოს ებრძვის კონსორციუმს, არ გვაძლევს და მეორეს მხრივ ხაზარაძე-ჯაფარიძის მიმართ უკვე სისხლის სამართლებრივი დევნით, პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის კონსორციუმის ოპერირებას, რომ კონსორციუმმა საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე ფული აწიოს. ამიტომ, ის რასაც მაია ცქიტიშვილი ახმოვანებს, ეს არის ყველაზე მკაფიო მესიჯი ბიძინა ივანიშვილისგან და ეს სხვა არაფერია თუ არა კატა-თაგვობანას თამაში ანაკლიის კონსორციუმთან“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.