კორნელი კაკაჩია - აგვისტოს ომთან დაკავშირებით წინა ხელისუფლების მიმართ ბრალდებების ტრადიციულად გაჟღერება შიდა პოლიტიკაში  სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა ვიწროპარტიული ინტერესების დაყენებას უკავშირდება

2008 წლის აგვისტოს ომიდან 11 წლის შემდეგ ომის გაკვეთილებზე, იმაზე, თუ რამდენად ითვალისწინებს ოფიციალური თბილისი აგვისტოს ომის გაკვეთილებს რუსეთ-საქართველოს, აშშ-სა და დასავლეთთან ურთიერთობებში, "ინტერპრესნიუსი" თსუ-ს პროფესორს კორნელი კაკაჩიას ესაუბრა.

- ბატონო კორნელი, 2008 წლის ომის შემდეგ 11 წელი გავიდა. უცნაურია, მაგრამ ფაქტია, რომ ამ თემებზე საჯარო სივრცეში მსჯელობისას კომენტატორთა თუ შემფასებელთა უმეტესობა ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ქართულმა მხარემ დაიწყო ომი, თუ როგორ არასწორად იქცეოდა „ნაციონალური“ ხელისუფლება.

არადა, თქვენთან დაკავშირებამდე კიდევ ერთხელ გადავავლე თვალი ომამდე პერიოდის ქრონიკას, რომელიც ცალსახად ადასტურებს, რომ მოსკოვი ამ ომში ჩვენს მიმართ კარგა ხნის წინ შემუშავებულ სცენარს ახორციელებდა და არ დაუშურებია რესურსები, რომ მოვლენები სწორედ იმ სცენარით წარმართულიყო.

ახლა ამ თემებზე მეტად ბევრად აქტუალურია იმაზე საუბარი, თუ რა გაკვეთილები გამოვიტანეთ ჩვენ 2008 წლის აგვისტოს ომიდან, როგორ ვითვალისწინებთ მათ რუსეთთან და აშშ-სა და დასავლეთან ურთიერთობებში.

ვიდრე ჩვენ ამ თემაზე შევეცდებით საუბრის გაგრძელებას, მაინც გკითხავთ - თქვენი დაკვირვებით, რატომაა ჩვენში ლამის ტრადიციად ქცეული 2008 წლის ომის მორიგ წლისთავზე რუსეთის ხელისუფლებაზე მეტად საქართველოს ხელისუფლების დადანაშაულება? სავარაუდოდ, რას ემსახურება ამგვარი მტკიცებები თუ ქმედებები?

- პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ 2008 წლის აგვისტოს ომიდან არც ისე დიდი დროა გასული, ხალხს ახსოვს რაც მაშინ ხდებოდა და ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ამ თემებზე აზრთა სხვადასხვაობა არსებობს.

ჩემი აზრით, მეორე და ალბათ უმთავრესი მიზეზი, რის გამოც 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებულ თემებზე ხშირად გვესმის რუსეთის ხელისუფლებაზე მეტად საქართველოს ხელისუფლების დადანაშაულება ისაა, რომ ეს თემები დიდი ხანია გახდა ვიწროპარტიული ინტერესების საკითხი.

ვხედავთ, რომ პოლიტიკოსები თავისი ოპონენტების წინააღმდეგ ხშირად იყენებენ სხვადასხვა სახის ბრალდებებს. მესმის, რომ ამგვარია მათი პარტიული პოლიტიკა. მაგრამ, რაც არ უნდა კრიტიკული დამოკიდებულება გვქონდეს წინა ხელისუფლების მიმართ, უნდა გვესმოდეს, რომ აგვისტოს ომის თემებზე საუბრისას საკუთარ ქვეყანას არ უნდა ვაზარალებდეთ.

რაც არ უნდა კრიტიკული დამოკიდებულება გვქონდეს წინა ხელისუფლების მიმართ, უნდა გვესმოდეს, რომ აგვისტოს ომის თემებზე საუბრისას საკუთარ ქვეყანას არ უნდა ვაზარალებდეთ

მხედველობაში მაქვს ჩვენსავე საჯარო სივრცეში იმგვარი ნარატივის დამკვიდრება, რომელიც აგვისტოს ომთან დაკავშირებით რუსული პროპაგანდა წლებია იმეორებს და ცდილობს დაამკვიდროს მოსაზრება, რომ 2008 წლის აგვისტოში ყველაფერში ბრალი ქართულ მხარეს მიუძღვის.

რუსეთი 2008 წლის აგვისტოს ომისთვის 2005 წლიდან ემზადებოდა. ამ ომისთვის მზადება რუსულმა სამხედრო მანქანამ პუტინის პრეზიდენტობისას დაიწყო. მათ იმ პერიოდში შეიმუშავეს გარკვეული სამოქმედო გეგმები საქართველოსთან მიმართებაში.

არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ რუსეთმა საქართველოსთან ურთიერთობის დინამიკა ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს შეცვალა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც როგორც თავად პრეზიდენტმა შევარდნაძემ თქვა - „საქართველომ ნატოს კარზე დააკაკუნა“. ამის შემდეგ რუსულ-ქართული ურთიერთობები სულ უფრო მეტად რთულდებოდა.

2005 წელს რუსეთმა ვერ მიიღო ის, რასაც ის საქართველოში „ვარდების რევოლუციის“ შედეგად მოსული ხელისუფლებისგან ელოდა. ყველას გვახსოვს თუ რა ტიპის მორჩილებას ელოდა მოსკოვი თბილისისაგან. მას შემდეგ, რაც კრემლი მიხვდა, რომ იგი ისე ვერ დაიმორჩილებდა საქართველოს, როგორ მორჩილებაშიც მას სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნები ჰყავდა, დაიწყო საქართველოსთვის იმ „საშინაო დავალებისთვის“ მზადება, რომელზეც თავად პუტინმა საჯაროდ განაცხადა.

„ოცნების“ ხელისუფლება აგვისტოს ომთან დაკავშირებით „ნაციონალების“ ხელისუფლების კრიტიკით ცდილობს აამოს მოსკოვს. მეტიც, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ცდილობდა და დღესაც ცდილობს აგვისტოს ომთან დაკავშირებით რუსულ ნარატივისთვის დაეახლოვებინა ქართული ნარატივი, რომ შემდეგ გაიოლებოდა მასთან ურთიერთობები

თუ ისევ თქვენს კითხვას დავუბრუნდებით, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ აგვისტოს ომთან დაკავშირებით წინა ხელისუფლების მიმართ ბრალდებების ტრადიციულად გაჟღერება შიდა პოლიტიკაში ვიწროპარტიულ ინტერესებს და სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა ვიწროპარტიული ინტერესების დაყენებას უკავშირდება. აგვისტოს ომის თემით დღევანდელი ხელისუფლება წინა ხელისუფლების მარგინალიზაციასა და დემონიზაციას ცდილობს.

თუ 2012 წლიდან ქვეყნის საგარეო პოლიტიკას გადავხედავთ, ამის მეორე მიზეზი შესაძლოა ისიც იყოს, რომ „ოცნების“ ხელისუფლება აგვისტოს ომთან დაკავშირებით „ნაციონალების“ ხელისუფლების კრიტიკით ცდილობს აამოს მოსკოვს. მეტიც, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ცდილობდა და დღესაც ცდილობს აგვისტოს ომთან დაკავშირებით რუსულ ნარატივისთვის დაეახლოვებინა ქართული ნარატივი, რომ შემდეგ გაიოლებოდა მასთან ურთიერთობები.

- ომის დასრულების პირველივე დღეებიდან საკმაოდ კრიტიკული იყო ამ მოვლენებისადმი მაშინდელი პოლიტიკური კლასი, მათ შორის ოპოზიციური. მაგრამ, ყველა ცდილობდა მომხდარზე საუბრისას ნაციონალურ-სახელმწიფოებრივი ინტერესებით ეხელმძღვანელა. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ კრიტიკული აზრი ნაკლებად ისმოდა.

ისტორია გვასწავლის, რომ პრაქტიკულად ნებისმიერ ომთან დაკავშირებით უამრავი ინფორმაცია, თან საკმაოდ მნიშვნელოვანი, მხოლოდ წლების შემდეგ ხდება ცნობილი. მაგრამ, თქვენი დაკვირვებით, ამ ომთან დაკავშირებით ქართული მხარისთვის და საზოგადოებისთვის რა მნიშვნელოვანი ინფორმაცია გახდა მოგვიანებით ცნობილი?

- 2012 წელს ჩვენში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ალაპარაკდნენ ის ადამიანები, ვისაც აგვისტოს ომთან ჰქონდა რაიმე კავშირი. აგვისტოს ომთან დაკავშირებით მეტ-ნაკლებად ნათელია სურათი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ საქმეს ჰააგის ტრიბუნალი იძიებს და მას ძიება ჯერ კიდევ არ დაუსრულებია.

შესაძლოა, ბევრი არ ენდობა აგვისტოს ომთან დაკავშირებით მაშინდელი საპარლამენტო კომისიის მასალებს, მაგრამ, ვიმეორებ, აგვისტოს ომთან დაკავშირებით ქართული მხრიდან ბევრი რამ მეტ-ნაკლებად ნათელია. ფაქტია, რომ ქართული მხრიდან პრაქტიკულად ყველანაირი მცდელობა იყო იმისა, რომ საერთაშორისო საზოგადოებას სცოდნოდა ომის ქართულ ვერსიაზე.

აგვისტოს ომთან დაკავშირებით ქართული მხრიდან ბევრი რამ მეტ-ნაკლებად ნათელია. ფაქტია, რომ ქართული მხრიდან პრაქტიკულად ყველანაირი მცდელობა იყო იმისა, რომ საერთაშორისო საზოგადოებას სცოდნოდა ომის ქართულ ვერსიაზე

მაგრამ, ჩვენ ბევრი რამ არ ვიცით თუ რა ხდებოდა მეორე, რუსულ მხარეს. რუსეთი არ თანამშრომლობს ჰააგის ტრიბუნალთან. რუსეთს არც ჰააგის ტრიბუნალისთვის მიუცია და არც გაუსაჯაროებია ის დოკუმენტები, რაც აგვისტოს ომს ეხება.

ცხადია, რომ რუსეთი ამის გაკეთებას არ აპირებს. ამგვარი რამ მოსალოდნელი არცაა, რადგან საქართველოსგან განსხვავებით, რუსეთში ხელისუფლება და სახელისუფლებო ვერტიკალი, რომელმაც ზედმიწევნით კარგად იცის რა ხდებოდა 2008 წლის აგვისტოში, არ იცვლება.

ჩვენ ბევრი რამ არ ვიცით თუ რა ხდებოდა მეორე, რუსულ მხარეს. რუსეთი არ თანამშრომლობს ჰააგის ტრიბუნალთან. რუსეთს არც ჰააგის ტრიბუნალისთვის მიუცია და არც გაუსაჯაროებია ის დოკუმენტები, რაც აგვისტოს ომს ეხება

ჩვენ პრაქტიკულად არაფერი ვიცით იმაზე, თუ როგორ მოქმედებდა აგვისტოს ომის დროს რუსეთი, რა განაპირობებდა მის მიერ იმ გადაწყვეტილებების მიღებას, რომელსაც აგვისტოს ომამდე, ომის მსვლელობისას და შემდგომ იღებდა და რა მიზნები ჰქონდა მას დასახული.

- სამხედრო მოქმედებების მიმდინარეობაზე უამრავი გადაუმოწმებელი ინფორმაცია და საეჭვო ღირებულების ანალიზები იდება. უტაქტობა იქნებოდა მათზე რამე მეკითხა.

თქვენ დღეს რა პოლიტიკური მნიშვნელობის ინფორმაციას ჩათვლიდით ჩვენთვის მეტად აქტუალურად ანდა ისეთად, რაც ჩვენ ამ ომზე არ ვიცით ან პასუხები არ გვაქვს?

- მიუხედავად იმისა, რომ 11 წელია გასული, ეს დრო არაა საკმარისი იმისთვის, რომ აგვისტოს მოვლენებს მეტ-ნაკლებად ობიექტურად შევხედოთ და შევაფასოთ. ისტორიკოსებს უყვართ თქმა, რომ ამა თუ იმ მოვლენიდან სულ მცირე 50 წელი უნდა გავიდეს, თუ გვინდა ობიექტურად შევაფასოთ მომხდარი.

ალბათ, საინტერესო იქნება თუ რა მასალებს დადებს ჰააგის ტრიბუნალი აგვისტოს ომზე

რაც შეეხება ახალ და მნიშვნელოვან ინფორმაციას ამ თემაზე, ალბათ, საინტერესო იქნება თუ რა მასალებს დადებს ჰააგის ტრიბუნალი აგვისტოს ომზე, რომელსაც იგი კარგა ხანია იძიებს. გასაგებია, რომ ისინი სკურპულოზურად უდგებიან საქმეს.

- თქვენი მოლოდინი ჰააგის ტრიბუნალის გამოძიებასთან დაკავშირებით როგორია, სავარაუდოდ, რა შეიძლება დაადგინოს ჰააგის ტრიბუნალმა?

- ჰააგის ტრიბუნალისგან ბევრ კითხვაზე მივიღებთ პასუხებს. ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება გამოძიების შედეგების ის ნაწილი, რომელიც საომარ მოქმედებებს უკავშირდება. იყო თუ არა ჩადენილი სამხედრო დანაშაულობები.

ყველაზე ცუდი ის გახლავთ, რომ რუსეთი არ არის რომის სტატუტის მონაწილე ქვეყანა და ის ამ საერთაშორისო ტრიბუნალთან არ თანამშრომლობს.

აგვისტოს ომზე ჰააგის ტრიბუნალის გამოძიება არ იქნება სრული, რადგან მასთან რუსეთი არანაირი ფორმით არ თანამშრომლობს. ჰააგის ტრიბუნალთან ასევე არ თანამშრომლობენ სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებები

საქართველოს ხელისუფლებამ და ჩვენმა არასამთავრობო სექტორმა ჰააგის ტრიბუნალს საკმაოდ ბევრი მასალები მიაწოდეს და ვნახოთ რა მასალები დაიდება. მე მაინც მგონია, რომ აგვისტოს ომზე ჰააგის ტრიბუნალის გამოძიება არ იქნება სრული, რადგან მასთან რუსეთი არანაირი ფორმით არ თანამშრომლობს. ჰააგის ტრიბუნალთან ასევე არ თანამშრომლობენ სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებები.

- ომის დაწყების, მიმდინარეობასა თუ შედეგებთან დაკავშირებით კრემლის ვერსიაში არათუ არანაირი ცვლილებები არ მომხდარა, მოსკოვი დაჟინებით ითხოვს თბილისისაგან და საერთაშორისო თანამეგობრობისაგან 2008 წლის ომის შედეგების აღიარებას.

სულ მალე, თანამდებობას დატოვებს რუსეთის მხრიდან საქართველოსთან მომლაპარაკებელი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი. მას არაერთხელ უთქვამს - „რუსეთს სურს საქართველოსთან ურთიერთობების მოწესრიგება, მაგრამ არა სოხუმისა და ცხინვალის ხარჯზე“.

სხვა სიტყვებიც მოგვისმენია რუსეთის ხელისუფლებისაგან, მაგალითად, „ახალი რეალობის,“ ანუ თბილისის მიერ ომის შედეგების მიღებისა და აღიარებასთან დაკავშირებით.

მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხებზე მოსკოვის პოზიციები ნათელია, ბევრი მაინც მიიჩნევს, რომ კრემლის ამოცანა სოხუმი და ცხინვალი სულაც არაა, თქვენი დაკვირვებით, საბოლოდ რა მიზანები აქვს კრემლს საქართველოსთან დაკავშირებით?

- კრემლის მიზნები პოსტსაბჭოთა სივრცის მიმართ დიდი ხანია ცნობილია. აგვისტოს ომის შედეგებით რუსეთმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე განუსაზღვრელი გავლენა კი მოიპოვა, მაგრამ მხოლოდ ეს არ იყო კრემლის მიზანი. რუსეთის მიზანი იყო და დღესაც არის სამხრეთ კავკასიაში საკვანძო ქვეყანა საქართველოზე ჰქონდეს სრული კონტროლი. კრემლს კარგად ესმის, რომ მისი განუსაზღვრელი გავლენა სოხუმზე და ცხინვალზე მისთვის დიდი გეოპოლიტიკური საჩუქარი არ არის.

თუ უკრაინასა და მოლდოვაში არსებულ კონფლიქტებსა და ასევე ჩვენს კონფლიქტებს დავაკვირდებით, ძნელი დასანახი არაა, რომ სეპარატისტული რეგიონები კრემლისთვის მხოლოდ ინსტრუმენტებია თბილისზე, კიევზე და კიშინიოვზე ზეწოლისათვის.

რუსეთის მიზანი იყო და დღესაც არის სამხრეთ კავკასიაში საკვანძო ქვეყანა საქართველოზე ჰქონდეს სრული კონტროლი. კრემლს კარგად ესმის, რომ მისი განუსაზღვრელი გავლენა სოხუმზე და ცხინვალზე მისთვის დიდი გეოპოლიტიკური საჩუქარი არ არის

მოსკოვში კარგად იციან, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა არ ცნობს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას. ფაქტია, რომ რუსეთი თბილისი-სოხუმისა და თბილისი-ცხინვალის კონფლიქტში მიუმხრობელი მხარე ვერ გახდება მანამდე, ვიდრე მას ამ ტერიტორიებზე განლაგებული ჰყავს თავისი სამხედრო შენაერთები.

ვიდრე რუსეთს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში თავისი ჯარი უყენია, მოსკოვთან თბილისის ურთიერთობა ნორმალური ვერასოდეს იქნება. შესაბამისად, ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების მოგვარების პერსპექტივა არ ჩანს და ფაქტია, რომ იგი ასე იოლად ვერ მოგვარდება.

- სულ უფრო აშკარაა, რომ მოსკოვი თანმიმდევრულად ახორციელებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის რუსულ სამართლებრივ, ეკონომიკურ, ფინანსურ თუ სამხედრო სივრცეში ინტეგრირებას.

მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთი სულ უფრო ებმება კრასნოდარის მხარეს, ხოლო ცხინვალის რეგიონი ჩრდილოეთ ოსეთს, მოსკოვის ძალისხმევით აფხაზეთის საერთაშორისო სუბიექტად მცდელობებს ვადევნებთ თვალს.

თქვენი დაკვირვებით, რამდენად საფუძვლიანია მტკიცება, რომ თუ საქართველო თავის საგარეო კურსში მოსკოვისთვის სასარგებლო ცვლილებებს შეიტანს, მოსკოვისვე სურვილით შესაძლებელი იქნება საქართველოს ტერიტორიალური მთლიანობის აღდგენა?

- ის შეხედულებები, თუ როგორ ესმის კრემლს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, ვიცით. მოსკოვი ჩვენგან მოითხოვს აგვისტოს ომის შედეგების აღიარებას, ანუ საქართველოს ტერიტორიაზე ორი დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობასთან შეგუებას.

კრემლთან დაახლოებული ექსპერტები დროგამოშვებით აჟღერებენ მოსაზრებას, რომ იმ შემთხვევაში თუ საქართველო ევრაზიულ კავშირში შევა, უარს იტყვის ევროკავშირთან თანამშრომლობაზე და ნატოს ალიანსისკენ სწრაფვაზე, დროთა განმავლობაში საქართველოსთან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონს შორის ინტეგრაციული პროცესები თავისთავად დაიწყება.

ფაქტობრივად, რუსეთი თბილისს სთავაზობს საქართველო მიუერთდეს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს, რომლებიც თავად არიან რუსული სივრცის ნაწილი. ეს წარმოუდგენელია, ვინაიდან საქართველო თითქმის 30 წელია დამოუკიდებელი ქვეყანაა.

ფაქტობრივად, რუსეთი თბილისს სთავაზობს საქართველო მიუერთდეს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს, რომლებიც თავად არიან რუსული სივრცის ნაწილი

მოსკოვის შეთავაზება თეორიულადაც წარმოუდგენელია, ვინაიდან საქართველოში ქვეყნის დამოუკიდებლობის პირობებში როგორც მინიმუმ ორი თაობა მაინც გაიზარდა, რომლებიც ქვეყნის დამოუკიდებლობაზე უარს არასოდეს იტყვიან და მათთვის რუსული სივრცე უცხოა.

მოსკოვსა და თბილისს შორის მთავარი პრობლემა ისაა, რომ რუსეთისა და საქართველოს ეროვნული ინტერესები ერთმანეთს არ ემთხვევა. მოსკოვისა და თბილისის ხედვები რეგიონალურ და გლობალურ საკითხებში ერთმანეთს არათუ არ ემთხვევა, ისინი დიამეტრალურადაც კი განსხვავდება.

მოსკოვსა და თბილისს შორის მთავარი პრობლემა ისაა, რომ რუსეთისა და საქართველოს ეროვნული ინტერესები ერთმანეთს არ ემთხვევა

ბუნებრივია, რომ ეს კიდევ უფრო უშლის ხელს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კონფლიქტების მოგვარებას.

- საუბრის დასაწყისში ვთქვი, რომ ახლა ყველაზე აქტუალურია იმაზე საუბარი, თუ რა გაკვეთილები მიიღო საქართველომ 2008 წლის აგვისტოს ომისგან. თქვენი აზრით, სავარაუდოდ, როგორ გამოიყურება ეს გაკვეთილები?

- მთავარი გაკვეთილი ალბათ ის იყო, რომ ჩვენს პოლიტიკურ კლასს დასავლეთთან დაკავშირებით გადაჭარბებული მოლოდინები ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ იყო ნატოს წევრი, მას სამოკავშირეო ურთიერთობები არ ჰქონია ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან, ჩვენ პრაქტიკულად ისე ვიქცეოდით, როგორც ნატოს წევრ ქვეყანას შეეძლო მოქცეულიყო.

ამან გააჩინა საქართველოს მოსახლეობასა და პოლიტიკურ კლასში გარკვეული მოლოდინები იმისა, რომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შემთხვევაში დასავლეთი სამხედრო ძალითაც დაეხმარებოდა საქართველოს. ბუნებრივია, რომ ამგვარი მოლოდინი საფუძველს მოკლებული იყო.

საქართველოს მოსახლეობასა და პოლიტიკურ კლასში იყო გარკვეული მოლოდინები, რომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შემთხვევაში დასავლეთი სამხედრო ძალითაც დაეხმარებოდა საქართველოს. ბუნებრივია, რომ ამგვარი მოლოდინი საფუძველს მოკლებული იყო

გაკვეთილი გახლავთ ისიც, რომ საქართველომ უნდა გააგრძელოს ჩრდილოატლანტიკური კურსი და მიაღწიოს ნატოში გაწევრიანებას. თუ საქართველო ნატოში არ გაწევრიანდება, იგი სერიოზულად ვერც კი განიხილავს საკითხს რამდენად შეძლებს იგი საკუთარი ტერიტორიების დაბრუნებას.

გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო პატარა და სუსტი ქვეყანაა, იგი ვერასდროს მოახერხებს რუსეთის დაბალანსებას. ამიტომ სჭირდება საქართველოს ისეთ კავშირებში შესვლა, რომელიც შესაძლებელს გახდის რუსული საფრთხის დაბალანსებას.

- მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ცდილობს კონფლიქტურ თემებზე თბილისთან ისაუბროს ერთი-ერთზე, ჟენევის ფორმატში ამ დიალოგსა და დისკუსიაში სოხუმისა და ცხინვალის წარმომადგენლების გარდა მონაწილეობენ აშშ-ს, ევროკავშირის, ეუთოსა და გაეროს წარმომადგენლები.

ვიცით, რომ ჟენევის ფორმატი პრაქტიკულად არაფრის მომტანია ქართული მხარისთვის, მაგრამ თუ კარასინ-აბაშიძის ფორმატს არ ჩავთვლით, იგი ერთადერთია, რომლის ფარგლებშიც თბილისი მოსკოვს ვაშინგტონის, ბრიუსელის, გაეროსა და ეუთოს თანდასწრებით ელაპარაკება.

დღეს სულ უფრო ხმამაღლა ისმის ხმები მოსკოვთან, სოხუმთან და ცხინვალთან მოლაპარაკებების დაწყებაზე, მათ შორის უმაღლეს დონეზე. რადგან აზრთა სხვადასხვაობაა ამ თემაზე, მე კითხვას მაინც ასე დავსვამდი - რა არ უნდა გააკეთოს თბილისმა, თუ სურს რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის თემაზე მოსკოვმა მასთან კონსტრუქციული დიალოგი დაიწყოს?

- ვერც ჟენევის ფორმატში და ვერც კარასინ-აბაშიძის ფორმატში სასურველი შედეგი იმის გამო ვერ იქნება, რომ რეალურად, ჩვენ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კონფლიქტებთან დაკავშირებით სამი ტიპის საყოველთაოდ ცნობილი შრე გვაქვს.

პირველი გახლავთ რუსულ-ქართული კონფლიქტი, მეორე - ჩვენ პრობლემები გვაქვს ჩვენს აფხაზ და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ თანამოქალაქეებთან, მესამე კი გახლავთ გეოპოლიტიკური პრობლემა, რომელიც დასავლეთსა და რუსეთს შორის ღია კონფლიქტსა და დაპირისპირებას უკავშირდება. არ ჩანს, რომ უახლოეს ხანში რომელიმე მათგანი მოგვარდება.

პრობლემების სამი შრე გვაქვს - რუსულ-ქართული კონფლიქტი, ჩვენ პრობლემები აფხაზ და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ თანამოქალაქეებთან და გეოპოლიტიკური პრობლემა, რომელიც დასავლეთსა და რუსეთს შორის ღია კონფლიქტსა და დაპირისპირებას უკავშირდება. არ ჩანს, რომ უახლოეს ხანში რომელიმე მათგანი მოგვარდება

ასეთ ფონზე მოსკოვთან ან სოხუმთან და ცხინვალთან საქართველოს მხრიდან პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყება, გარდა იმისა, რომ არამომგებიანი იქნება, არაეფექტურიც იქნება.

თუ საქართველომ იმ რეჟიმში გააგრძელა პოლიტიკის გატარება მოსკოვს რა მოეწონება - ბოლო პერიოდში ამის მსგავსი მცდელობები იყო, სულ იმაზე თუ ვიფიქრეთ, რომ მოსკოვი არ გავაღიზიანოთ, არა მგონია, ჩვენ ამით შორს წავიდეთ.

საქართველოს აქვს თავისი ეროვნული ინტერესები და ბუნებრივია, რომ მან სწორედ თავისი ინტერესებით იხელმძღვანელოს.

მოსკოვთან ან სოხუმთან და ცხინვალთან საქართველოს მხრიდან პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყება, გარდა იმისა, რომ არამომგებიანი იქნება, არაეფექტურიც იქნება

ეს სულაც არ ნიშნავს ჩვენი მხრიდან აგრესიულ რიტორიკაში ჩაბმას. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენს მიერვე განსაზღრული და დეკლარირებული საგარეო კურსის განხორციელება, ანუ მიზანმიმართულად და თანმიმდებრულად სვლა ევროკავშირისა და ნატოსაკენ.

იმისათვის, რომ მოსკოვმა თბილისთან კონსტრუქციული დიალოგის დაწყება მოისურვოს, ამისათვის საუკეთოსო გზაა, ჩვენში დაწყებული ქვეყნის ევროპეიზაციის პროცესის დაჩქარება. ეს პროცესი ჩვენ მოგვცემს საშუალებას ეფექტურად ვუპასუხოთ რუსეთის მიერ ჩვენთვის გაჩენილ პრობლემებსა და რუსულ აგრესიას.

- იმის ფონზე, რომ რუსეთის მიმართ მნიშვნელოვანი დათმობა გააკეთა ევროსაბჭომ, მხედველობაში მაქვს ყირიმის ანექსიის გამო ამ ორგანიზაციაში უფლებაშეჩერებული რუსეთისათვის ხმის უფლების აღდგენა. მეტიც, იმგვარი დადგენილების მიღება, რომ აწი რუსეთმა რაც არ უნდა ჩაიდინოს, მას ევროსაბჭოდან გარიცხვა არ ემუქრება. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ რუსეთისათვის დაწესებული ეკონომიკური სანქციების მოხსნის სასარგებლოდ ევროპაში დღეს ბევრი ლაპარაკობს.

თქვენი აზრით, ასეთ ვითარებაში, სავარაუდოდ როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს თბილისმა, რომ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება, რომლის პუნქტები აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან რუსული ჯარების გაყვანას და ამ რეგიონების სტატუსზე საერთაშორისო მოლაპარაკებების დაწყებას ითვალისწინებს, ამ პროცესებში უფრო აქტიურად ჩაერთოს აშშ და ევროპა და იგი შესრულდეს?

- მიუხედავად იმისა, რომ ევროსაბჭომ რუსეთს უფლებები აღუდგინა, ყირიმის ანექსიის გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციები არავის გაუუქმებია.

მიუხედავად იმისა, რომ ევროპის რიგ ქვეყნებში რუსეთის სასარგებლო რიტორიკა ისმის, ევროკავშირმა უკრაინაში რუსეთის მოქმედებების გამო სერიოზულად გადახედა თავის დამოკიდებულებას რუსეთის მიმართ. სანქციები ძალაშია და ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია.

მიუხედავად იმისა, რომ ევროსაბჭომ რუსეთს უფლებები აღუდგინა, ყირიმის ანექსიის გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციები არავის გაუუქმებია

რაც შეეხება 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებას. იმის ფონზე, თუ რა ხდება უკრაინასა და მსოფლიოს სხვა ცხელ წერტილებში, ძალიან რთულია 12 აგვისტოს შეთანხმების რეალიზაციის თემით საქართველო მოხვდეს საერთაშორისო პოლიტიკის დღის წესრიგში.

ჩემი აზრით, ახლა ყველაზე ეფექტური იქნებოდა საქართველომ უფრო მეტად აქტიურად იმუშაოს გერმანიასთან და საფრანგეთთან, რომლებსაც ევროპულ სტრუქტურებში სიტყვა ეთქმით. მათ ყოველწლიურად აქვთ დიალოგი რუსეთთან.

ქართულმა დიპლომატიამ გერმანულ-ქართულ და საფრანგეთ-საქართველოს ორმხრივი დიალოგის ფარგლებში უფრო აქტიურად უნდა დააყენოს ის პრობლემები, რომელიც 12 აგვისტოს შეთანხმების შესრულებას ეხება. იგივეს უნდა ვაკეთებდეთ ჩვენ საერთაშორისო ორგანიზაციებში.

ჩვენ მუდმივად უნდა ვახსენებდეთ აშშ-ს, ევროკავშირს და ევროპაში ყველა ჩვენს პარტნიორებს, რომ 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტი დასრულებული არა. ომის შედეგი არასამართლიანია და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს

თუ ჩვენ ამ თემების აქტუალიზაციაზე მუდმივად არ ვიზრუნეთ, ამას ჩვენ ნაცვლად არავინ გააკეთებს.

ჩვენ მუდმივად უნდა ვახსენებდეთ აშშ-ს, ევროკავშირს და ევროპაში ყველა ჩვენს პარტნიორებს, რომ 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტი დასრულებული არა. ომის შედეგი არასამართლიანია და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს.

ქართული დიპლომატიას ამის გაკეთება შეუძლია, აკეთებს კიდეც, მაგარამ ალბათ ამ თვალსაზრისით მეტი აქტიურობაა საჭირო.

კობა ბენდელიანი

”ინტერპრესნიუსი”

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა