ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ახალციხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეხვდნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, საქართველოს პარლამენტის წევრები კახა ოქრიაშვილი, სიმონ ნოზაძე, სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი კოპაძე და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელები მუნიციპალიტეტის სოფლებში - აწყურში, ტყემლანაში, თისელსა და ქალაქ ვალეში მოსახლეობას შეხვდნენ, მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მათთან ერთად განიხილეს, სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს და მოსახლეობის საჭიროებებს გაეცნენ.
სამინისტროს ცნობით, ახალციხის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი და უკვე მიმდინარე პროექტები მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით დაიგეგმა და ადგილობრივი ინფრასტრუქტურის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ამ დრომდე აქტიურად გრძელდება. კერძოდ, გასულ წლებში სოფელ აწყურში მოეწყო სასმელი წყლის მაგისტრალური მილსადენი, სატუმბი სადგური, გარე განათება, სკვერი, საყრდენი კედელი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა კულტურის სახლსა და მუსიკალურ სკოლას, გაიხსნა საზოგადოებრივი ცენტრი. მიმდინარე წელს ატიურად გრძელდება აწყურის ციხისა და კათედრალის რეაბილიტაცია. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში კი მოსხლეობის გადაწყვეტილებით, სასაფლაოსთან მისასვლელ გზაზე ბეტონის საფარი იგება. სოფელ ტყემლანაში მოეწყო სკვერი და სოფლამდე მისასვლელ გზაზე ასფალტის საფარი იგება. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ასევე აშენდა სამეურნეო დანიშნულების შენობა და ეწყობა სველი წერტილი. სოფელ თისელში, გასულ წლებში მოეწყო გარე განათება, შემოიღობა სასაფლაო და მოიხრეშა შიდა გზები.
ასევე, კეთდება ამბულატორია და გრძელდება გარე განათების მოწყობა. გარდა ამისა, სხვადასხვა სახის მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდა ვალეში. კერძოდ, რეაბილიტაცია ჩაუტარდა კულტურის სახლს , საბაშვო ბაღს, მუსიკალურ სკოლას, N1 საჯარო სკოლას. მოეწყო სკვერები, სარწყავი და სანიაღვრე არხები, სატუმბი სადგური, გაიხსნა საზოგადოებრივი ცენტრი, შიდა ქუჩებზე, ასფალტის საფარი დაიგო, გაკეთდა საფეხმავლო ბილიკები. მეორე შახტის დასახლებაში გაიხსნა ახალი საბავშვო ბაღი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავს. მიმდინარე წელს რეაბილიტაცია უტარდება სასმელი წყლის შიდა ქსელს და სარწყავს სისტემას. N2 საჯარო სკოლაში კი კეთდება ცენტრალური გათბობა.