გაეროში საქართველოს ელჩი - რუსეთს ჯერ კიდევ არ აქვს შესრულებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და კვლავ აგრძელებს საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევას

რუსეთის ფედერაციას ჯერ კიდევ არ აქვს შესრულებული ევროკავშირის შუამდგომლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და კვლავ აგრძელებს საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევას, - ამის შესახებ გაეროსთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, კახა იმნაძემ რუსეთ-საქართველოს ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომელსაც გაერო-ს წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კახა იმნაძემ თავის გამოსვლაში დეტალურად განიხილა 2008 წლის აგვისტოს მოვლენების ქრონოლოგია და აღნიშნა, რომ 11 წლის წინ, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების სრული უგულებელყოფით რუსეთის მიერ განხორციელებული სამხედრო აგრესია წარმოადგენდა სუვერენული სახელმწიფოს საზღვრების ძალისმიერი გზით შეცვლის მცდელობას, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა რეგიონისა და მთლიანად ევროპული უსაფრთხოების სისტემას. მისი განცხადებით, რუსეთის ფედერაციას ჯერ კიდევ არ აქვს შესრულებული ევროკავშირის შუამდგომლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და კვლავ აგრძელებს საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევას, მიუხედავად საერთაშორისო თანამეგობრობის მუდმივი მოწოდებებისა; მისი თქმით, მოსკოვი კიდევ უფრო აძლიერებს თავის უკანონო სამხედრო ყოფნას ადგილზე და ხელს უშლის უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნას საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში.

კახა იმნაძის განცხადებით, რუსეთის ფედერაცია დგამს ნაბიჯებს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დე-ფაქტო ანექსიის მიმართულებით და ცდილობს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა დანარჩენი საქართველოსგან იზოლაციაში მოაქციოს. მისი თქმით, ამ მიზნით, რუსეთის ფედერაცია მიზანმიმართულად აგრძელებს საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვას, ე.წ გადასასვლელი პუნქტების დახურვას, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვას, ადგილობრივი მოსახლეობის გატაცებისა და უკანონო დაკავების პრაქტიკას, რითაც უხეშად არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს და გაუსაძლისს ხდის კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ისედაც რთულ ჰუმანიტარულ და სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას.

როგორც ელჩმა საკუთარ გამოსვლაში აღნიშნა მიუხედავად ყველა დაბრკოლებისა, საქართველო კვლავაც განაგრძობს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას დიალოგისა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში კონსტრუქციული ჩართულობის გზით. საქართველოს მთავრობა დგამს ნაბიჯებს ომითა და საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ მოსახლეობას შორის შერიგებისა და ნდობის აღდგენის უზრუნველსაყოფად, რისი დასტურიცაა სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“.

თავიანთ გამოსვლებში ავსტრალიის, აშშ-ს, გაერთიანებული სამეფოს, ევროკავშირის, ესტონეთის, თურქეთის, ირლანდიის, კანადის, ლიეტუვის, მოლდოვის, პოლონეთის, უკრაინის და შვედეთის წარმომადგენელებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მონაწილეებმა შეშფოთება გამოთქვეს და დაგმეს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენცია და საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონების მიმდინარე ოკუპაცია, მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და გაეროს წესდების პრინციპებს. მონაწილეებმა დადებითად შეაფასეს და მოიწონეს საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა - “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ”.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა