პროკურატურა „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასთვის 80 000- ლარიანი გირაოს შეფარდებას და უწყების გაფრთხილების გარეშე ქვეყნის დატოვების აკრძალვას მოითხოვს. ამის შესახებ სასამართლოს სხდომის დაწყებამდე საქმის პროკურორმა, ზვიად გუბელაძემ განაცხადა.
როგორც პროკურორმა აღნიშნა, მთავარი მტკიცებულებები ფინანსური დოკუმენტებია, რომელიც საქმეშია, ასევე არსებობს მოწმეთა ჩვენებები.
„აღნიშნული დოკუმენტები მთლიანობაში და მტკიცებულებები იძლევა დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს, რომ ნიკა გვარამიას ჩადენილი აქვს დანაშაული“, - განაცხადა ზვიად გუბელაძემ.
მისივე თქმით, სისხლის სამართლის საქმეში მოპოვებულია მტკიცებულებები, რაც იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ ბრალდებული ნიკა გვარამია მიიმალება, მოახდენს მოწმეებზე ზეწოლას და ხელს შეუშლის მტკიცებულებების მოპოვებას. მისივე თქმით, გირაო და დამატებითი ღონისძიება იქნება ამ საფრთხეეების განეიტრალების ერთადერთი საშუალება.
„ბრალდების მხარემ შემოიტანა შუამდგომლობა, ბრალდებულ ნიკა გვარამიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შესახებ 80 000 ლარის ოდენობით და ამავე დროს ჩვენი მხრიდან მოთხოვნილი იქნა დამატებითი ღონისძიება, რაც გულისხმობს, ბრალდებულს აეკრძალოს საქართველოს საზღვრების დატოვება სამართალდამცავი ორგანოს ინფორმირებისა და ნებართვის გარეშე. შესწავლილი გვაქვს ბრალდებულის ქონებრივი მდგომარეობა, მათ შორის მისი შემოსავლები კომპანიაში გენერალურ დირექტორად მუშაობის პერიოდში მისი ბოლო ხელფასის მეშვებითაც იქნა განსაზღვრული აღნიშნული თანხა. მიგვაჩნია რომ 80 ათასი ლარი არის სრულიად ადეკვატური თანხა“, - განაცხადა პროკურორმა.
თბილისის საქალაქო სასამართლო „რუსთავი 2“ - ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს, 20:00 საათზე იმსჯელებს. სხდომას მოსამართლე გიორგი კერატიშვილი წარუძღვება.
გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს ნიკა გვარამიას საქმეზე აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე შუამდგომლობით დღეს მიმართა.
შეგახსენებთ, რომ „რუსთავი2“ - ის ყოფილ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას გენერალურმა პროკურატურამ ბრალი 9 აგვისტოს წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, „გამოტანილია დადგენილება ნიკა გვარამიას ბრალდების შესახებ, საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გულისხმობს საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია“.