პროკურორი - დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე 150-მდე მოწმის დაკითხვა იგეგმება

ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის საქმის პროკურორის, ბესიკ ქვარცხავას განცხადებით, აღნიშულ სისხლის სამართლის საქმეზე 150-მდე მოწმის დაკითხვა იგეგმება. ამასთან, პროკურორის განცხადებით, კალანდიას წინააღმდეგ ბრალდების მხარეს არაერთი ვიდეოჩანაწერი, ათეულობით წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულება აქვს.

„დღევანდელ სხდომაზე ორი მოწმე დაიკითხა. ესენი გახლდათ სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის ექიმები, რომლებიც იმყოფებოდნენ დანაშაულის ჩადენის შემდგომ შემთხვევის ადგილზე. მათ გაუწიეს გარდაცვლილ პირს პირველადი სამედიცინო დახმარება. შესაბამისად, ხსენებულმა მოწმეებმა დაადასტურეს საქმისთვის მნიშვნელოვანი გარკვეული გარემოებები, რომელიც პირდაპირ კავშირშია სისხლის სამართლის საქმესთან დ მ.კ.-სთვის წარდგენილი ბრალდების შინაარსთან. ეს მოწმეები შემთხვევის ადგილზე მას შემდეგ მივიდნენ, რაც დანაშაული იყო მომხდარი და გარკვეული დრო იყო გასული. აღნიშნულმა მოწმეებმა ისაუბრეს იმ ფაქტების ირგვლივ, რაც უშუალოდ მათ დაინახეს. ისინი დანაშაულის ჩადენის შემდეგ იმყოფებოდნენ შემთხვევის ადგილზე და დახმარება აღმოუჩინეს აწ უკვე გარდაცვლილ დაზარალებულს. რატომ არიან ეს მოწმეები მნიშვნელოვანი, ამის შესახებ ბრალების მხარე დასკვნით ეტაპზე ისაუბრებს, მას შემდეგ, რაც გააანალიზებს მათი ჩვენებების შეფასებას. ამოცნობის კუთხით არ მომხდარა მოწმეების დაკითხვა იმდენად, რამდენადაც არ იყო რელევანტური“, - განაცხადა ქვარცხავამ.

მისივე განცხადებით, პროკურატურას ჰყავს მოწმეები, რომლებიც პირდაპირ ადასტურებენ ფაქტობრივ გარემოებებს, რაც პირდაპირ კავშირშია ბრალდებული მ.კ.-ს მიმართ წარდგენილი ბრალდების შინაარსთან.

„მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილია ბრალდების მხარის მიერ დაახლოებით 150 მოწმე. მათ შორის არიან მოწმეები, რომლებიც პირდაპირ ადასტურებენ ფაქტობრივ გარემოებებს, რომელიც პირდაპირ კავშირშია ბრალდებული მ.კ.-ს მიმართ წარდგენილი ბრალდების შინაარსთან. მათ შორის, ის არასრულწლოვნები, რომლებიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ. ასევე არსებობენ სხვა მოწმეები, რომელიც არ იმყოფებოდნენ შემთხვევის ადგილზე, თუმცა გარკვეული შემხებლობა ჰქონდათ საქმესთან. მე მოკლებული ვარ შესაძლებლობას, კონკრეტული თარიღი გითხრათ რომელი მოწმე რა დროს დაიკითხება, მაგრამ იმ კონკრეტულ ვადაში, რა ვადაც არსებობს საპროცესო კოდექსში საქმის არსებთი განხილვისთვის ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით დავკითხოთ ყველა ის მოწმე, რომელიც წარმოდგენილი გვყავს დასაკითხ პირთა სიაში. ცხადია, ამ ეტაპზე მოკლებული ვარ შესაძლებლობას დაბეჯითებით პასუხი გაგცეთ რამდენი მოწმის დაკითხვას შევძლებთ. მნიშვნელოვანია მეორე მხარის პოზიციაც, თუ რა პოზიცია ექნებათ მათ გარკვეულ მტკიცებულებებთან მიმართებაში, გახდის მათ სადავოდ თუ უდავოდ. რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავ, რომელიმე მტკიცებულება მხარეთა შეთანხმებით მიჩნეულ იქნეს უდავო მტკიცებულებად, ამას დრო და შემდეგი პროცესები გვიჩვენებს“, - განაცხცადა პროკურორმა ბესიკ ქვარცხავამ.

მისივე განცხადებით, სასამართლოზე წარმოდგენილი იქნება არაერთი ვიდეოჩანაწერი, ათეულობით წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულება.

„გვჯერა, რომ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლოს მხრიდან მიღებული იქნება ერთადერთი, სამართლიანი, კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილება“, - განაცხადა ქვარცხავამ.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.

დღევანდელი სასამართლო პროცესიც დახურულ რეჟიმში ჩატარდა. მომდევნო სხდომა კი 16 აგვისტოს 11:00 საათზე გაიმართება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა