ქართული პრესის მიმოხილვა 15.08.2019

ვინ არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და რა სახის დახმარებას ვიღებთ

ვის არ უშვებენ ქუთაისის აეროპორტიდან ევროპაში

სასიკვდილო ნაკბენი - რა მწერი კბენს მოსახლეობას, რაც სხეულის პარალიზებას იწვევს

* * *

ვინ არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და რა სახის დახმარებას ვიღებთ

“ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მსოფლიოში მნიშვნელოვანი გეოსტრატეგიული ცვლილებები მოხდა, რაც, ცალსახად, შავი ზღვის რეგიონზეც აისახა - ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციამ და რუსეთის ფედერაციამ თავიანთი პოზიციების გამაგრება აქტიურად დაიწყეს და მოკავშირეებთან ერთად ცდილობენ რეგიონში ლიდერობის მოპოვებას. “რეზონანსი” სამხედრო ექსპერტ ვახტანგ მაისაიასთან და ანალიტიკოს კორნელი კაკაჩიასთან შეეცადა იმის გარკვევას, თუ რა მდგომარეობა აქვს ამჟამად საქართველოს, რომელიც ჯვარედინი დარტყმის ქვეშაა მოქცეული. მათი აზრით, საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნორები აშშ და ნატო-ს წევრი ქვეყნები არიან, მაგრამ, ვახტანგ მაისაიამ დაამატა, რომ საქართველოს პარტნიორების სიაში ირანი და ჩინეთიც არიან”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ვინ არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და რა სახის დახმარებას ვიღებთ / “ჩვენ, ელემენტარულად, ოკუპაციასაც კი ვერ ვიგერიებთ და აშშ-სთან თანამშრომლობა ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია”.

“ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, რა თქმა უნდა, ნატოა და ნატო-ს წევრი ქვეყნები, ძირითადად, აშშ და შავი ზღვის აუზში ჩვენი უშუალო მეზობლები, ასევე რუმინეთი ბულგარეთი, თურქეთი და მიუხედავად იმისა, რომ ნატო-ს წევრი ქვეყანა არაა - უკრაინაც. ამას კიდევ ერთი ნიუანსი ემატება, რადგან შავი ზღვის აკვატორიაში შემოდის ახალი აქტორი - ირანის რესპუბლიკა, რომელიც თავის სამხედრო პოტენციალს კიდევ უფრო აძლიერებს და ჩვენთვის სტრატეგიული პარტნიორიცაა, რომელთან ძალიან მჭიდრო სავაჭრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული ურთიერთობა გვაქვს. მეორე მხრივ, ირანი აშშს-ის მტერია და ნატო-სთვისაც მოწინააღმდეგე ხდება, ხოლო რუსეთთან მიმართებით კი მისი სტრატეგიული პარტნიორი ხდება. საინტერესო სიტუაციაა თურქეთთანაც, რომელიც, პრინციპში, არის აშშ სტრატეგიული პარტნიორი და ნატო-ს წევრი, მაგრამ რეალურად, თურქეთსა და ამერიკას შორის იმდენადაა სიტუაცია დაძაბული, რომ მათს პარტნიორობას პირობითად შეგვიძლია ეს სახელი დავარქვათ. თურქეთი რუსეთთან ავითარებს ურთიერთობას”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

“პარადოქსული სიტუაციაა - შავი ზღვის აკვატორიაში ნატო-ს ძალები იკრებენ ძალას, ამერიკელებიც შემოდიან ხოლმე მცირე საბრძოლო კატერებითა და სხვა ტიპის გემების მეშვეობით, ახორციელებენ წვრთნებს, მაგრამ კავკასიის რეგიონში სიტუაცია აბსოლუტურად შეცვლილია - კავკასიაში 3 ჰეგემონი ქვეყანაა - რუსეთი, ირანი, თურქეთი და მათ ერთმანეთთან გააჩნიათ მჭირდო ურთიერთობა. ამ სამივე ქვეყნის ინტერესი, ფაქტობრივად, ამერიკელებისა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების არშემოშვებაა რეგიონში. ემატება ჩინეთის ფაქტორიც, რომელიც ზრდის თავის გავლენას, რადგან ქვეყანას აქვს საკუთარი ინტერესები შავი ზღვისპირეთში, ასევე, დიდი ინტერესი აქვს ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით, ხოლო ყველაზე მოკლე გზა ახლო აღმოსავლეთში გავლენის გასაზრდელად, ეს არის კავკასია - კასპიისპირეთის რეგიონი და ამიტომ ცდილობს ჩინეთი თავისი გავლენის გაზრდას. ამავე დროს ის ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორია, რადგან ჩინეთთან დადებული გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, საქართველოს მეოთხე ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორია და საკმაოდ მჭიდრო პოლიტიკური ურთიერთოებაც გვაკავშირებს მათთან”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“პარადოქსი ისაა, რომ ჩინეთი, ფაქტობრივად, ამერიკის მტერია უკვე. საქართველოს, გასაგები მიზეზების გამო, მხოლოდ რუსეთთან გააჩნია რთული დამოკიდებულება, მაგრამ დასავლეთის ორ მოწინააღმდეგესთან გვაქვს სტრატეგიული ურთიერთობა. ბოლოდროინდელმა მოვლენებმა ისიც აჩვენა, რომ მიუხედავად დაძაბული ურთიერთობისა, რუსეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი იყო ეკონომიკის საკითხებში. ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, დიდ ბრიტანეთთან, ნატო-ს წევრ სხვა ქვეყნებთან და, რა თქმა უნდა, პოლონეთთან, რომელთანაც ძალიან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს და შემიძლია, რომ ის დაავასახელო ამერიკის შემდეგ საქართველოს მეორე, ყველაზე მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორად. პოლონეთი დღითი-დღე ძლიერდება და საქართველოს მთავრობას შემიძლია ვურჩიო, რომ პოლონეთის გამოცდილება გამოიყენოს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური რეფორმების დარგში”, - დაასკვნის ვახტანგ მაისაია.

პოლიტიკური ექსპერტი კორნელი კაკაჩია მიიჩნევს, რომ საქართველოს დღეს არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ თავად გაუწიოს წინააღდმდეგობა რუსეთს და ამიტომ საჭიროა, რომ ვიმოქმედოთ სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად. “ჩვენი სტატეგიული პარტნიორი დღეს და ბოლო ათწლეულის განმავლობაში არის დასავლეთი, კონკრეტულად, ნატო-ს წევრი სახელმწიფოები, რომლებიც დაინტერესებულები არიან იმაში, რომ მეტ-ნაკლებად სტაბილური სიტუაცია შეიქმნას შავი ზღვის რეგიონში, იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო პერიოდში ეს რეგიონი გახდა ძალიან მილიტარიზირებული, სადაც თავმოყრაა სამხედრო-საზღვაო ძალების. ბუნებრივია, ეს ქმნის გარკვეულ დაძაბულობას. საქართველოსთვის პარტნიორების მხრიდან დახმარება, გემების დროდადრო გამოჩენა ფოთისა და ბათუმში, ძალიან მკაფიო გზავნილია რუსეთისთვის, რომელიც ცდილობს, რომ შავი ზღვის რეგიონში მოიპოვოს გარკვეული უპირატესობა დასავლეთთან შედარებით. დღეს ჩვენ არ გვყავს ფლოტი და არ გვაქვს შესაძლებლობა, რომ რუსეთს რაიმე სახის წინააღმდეგობა გავუწიოთ და ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია - ამ სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად მოქმედებაა”, - ამბობს კაკაჩია, რომლის თქმით, “ამაზეა მთელი ჩვენი სტრატეგია გათვლილი”, - აღნიშნავს გამოცემა.

“უნდა ვაღიაროთ სამწუხარო რეალობა, რომ რეგიონალურ დონეზე საქართველო სუსტი ქვეყანაა, თუ შევადარებთ სომხეთის, თურქეთის, ირანისა და აზერბაიჯანის ძალებს. ბუნებრივია, რომ ამერიკასთან თანამშრომლობა ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი მომენტია, რათა ეს სისუსტე როგორმე გამოვასწოროთ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დიდი წვლილი შეგვაქვს საერთაშორისო მისიებში და საერთაშორისო უსაფრთხოების შემქმნელები გავხდით. წვრთნები, რომელიც ტარდება ნატო-ს ეგიდით და ა.შ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება იმ ფონზე, როდესაც საქართველო ჯერჯერობით არ არის ნატო-ს წევრი და ეს დახმარება უნდა მოვიაზროთ, როგორც პარტნიორებისგან გაწეული დახმარება. თუნდაც, ბოლო კვირის განმავლობაში რამდენიმე ქვეყნის გაერთიანებით და ნატო-ს ეგიდით ჩატარდა ყოველწლიური სამხედრო წვრთნები და საქართველოში იმართება. ეს საკმაოდ დიდი დახმარებაა. გარდა ამისა, ცალკე აშშ-სა და ნატო-ს წევრ სახელმწიფოებს აქვს სხვადასხვა პროგრამა, რომელიც მნიშვნელოვანია საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად და იმისთვის, რომ ქვეყანამ შეინარჩუნოს ბრძოლისუნარიანი ჯარი, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვანია იმ რეგიონში, სადაც ჩვენ ვართ. ეს წვრთნები რომ არ იყოს, მათ შორის, საერთაშორისო მისიები, რომელიც ჩვენს ჯარისკაცებს აძლევს პროფესიონალიზმის ამაღლების საშუალებას, ძალიან გაჭირდებოდა, რადგან ჩვენ არ ვართ არცერთი რეგიონალური უსაფრთხოების ორგანიზაციის წევრი”, - დასძენს კორნელი კაკაჩია.

ვის არ უშვებენ ქუთაისის აეროპორტიდან ევროპაში

“2017 წელს საქართველოსა და ევროკავშირის 22 წევრ და 4 არაწევრ ქვეყანას შორის უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა. უვიზო მიმოსვლა გულისხმობს ბიომეტრიული პასპორტით მოკლევადიან 90-დღიან ვიზიტს ევროპის აღნიშნულ ქვეყნებში. მოკლევადიანში იგულისხმება სამი თვის ვადაში განხორციელებული ისეთი ვიზიტები, როგორებიცაა, ტურისტული, ოჯახის მოსანახულებლად გამგზავრება თუ სხვა. სავიზო ვალდებულების მოხსნას მოჰყვა მოწოდება წესების დაცვის შესახებ. ვადების პატივისცემა აუცილებელია. ამ რეჟიმის ბოროტად გამოყენება კი აკრძალულია და შეიძლება ისტორიული მონაპოვარის შეჩერებამდე მიგვიყვანოს. დღეს საქართველოს მოსახლეობის 25% მიგრანტია, რომელთა უდიდესი ნაწილი სამშობლოში სამუშაო ადგილების არარსებობის გამო გადაიხვეწა, უვიზო მიმოსვლის პირობებში კი მიგრანტთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდა, შენგენის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვმა იმატა, რაც უვიზო მიმოსვლის დარღვევის ერთ-ერთი წინაპირობაა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ვის არ უშვებენ ქუთაისის აეროპორტიდან ევროპაში.

“ბოლო პერიოდში საქართველოს მოქალაქეები თავშესაფრის მოთხოვნით ხშირ შემთხვევაში საფრანგეთს მიმართავენ, მიზეზი, რის გამოც ქართველებს საფრანგეთში სურთ თავშესაფრის მიღება ბევრია, მთავარი მიზეზები კი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორება და მძიმე დაავადება, რომლის მკურნალობა საქართველოში ძვირი ჯდება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2017 წლის 28 მარტიდან დღემდე ევროკავშირის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლით საქართველოს მოქალაქეებმა ისარგებლეს, დაახლოებით, 240 000-ჯერ. სამინისტროს განცხადებით, სავიზო ლიბერალიზაციას ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება, თუმცა, საქართველოს მოქალაქეთა მიერ წესების დარღვევისა და თავშესაფრის მიღების პროცედურით ბოროტად სარგებლობის ფაქტების შემდგომი ზრდის შემთხვევაში, შესაძლოა დადგეს უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხიც. მიმდინარე წლის 10 მაისს საფრანგეთის შს მინისტრი კრისტოფ კასტანერი თბილისს ოფიციალური ვიზიტით ეწვია, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საფრანგეთის ამ უწყების ხელმძღვანელი პირველად ესტუმრა, მან ქართველ კოლეგასთან პრესკონფერენციაზე საკმაოდ ხისტი განცხადებები გააჟღერა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“საფრანგეთს პრაქტიკულად არ შეუძლია რეალურად მიიღოს ყველა, ვისაც სჭირდება დაცვა. ჩვენ რეგულარულად ვმუშაობთ ამ საკითხზე, მოხდეს ამ ადამიანებს დაბრუნება თავიანთ სამშობლოში. ზოგიერთი ადამიანი სამედიცინო თვალსაზრისით ჩამოდის სამკურნალოდ საფრანგეთში, თუმცა საქართველოშიც არსებობს საშუალება, მიიღონ შესაბამისი მკურნალობა. ამიერიდან უშუალოდ ისინი იქნებიან მიღებული, ვისაც რეალურად სჭირდება ამ თვალსაზრისით საფრანგეთის დახმარება და თავშესაფრის მომთხოვნთა დოსიეების განხილვა ამ ჩვენი თანამშრომლობის პროცესს კიდევ უფრო გააღრმავებს”, - განაცხადა კრისტოფ კასტანერმა. მას შემდეგ, რაც საფრანგეთის შს მინისტრი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია, ქუთაისის აეროპორტში, საიდანაც ყველაზე მეტი მგზავრი გაედინება, უცხოელი მესაზღვრეები გამოჩდნენ, ვარაუდი არსებობს იმისა რომ მესაზღვრეები მგზავრების ერთგვარ “გაფილტვრას” ახდენენ”, - განაგრძობს გამოცემა.

“შსს არ ასაჯაროებს ინფორმაციას, თუ საქართველოს რამდენ მოქალაქეს უთხრეს უარი ქუთაისის აეროპორტიდან გაფრენილიყო შენგენის ზონაში - აეროპორტების გაერთიანება სტატისტიკურ მონაცემებს თავად არ ავრცელებს. ქუთაისის აეროპორტში საზღვრის კვეთას ქართველ მესაზღვრეებთან ერთად საფრანგეთისა და საბერძნეთის მესაზღვრეებიც აკონტროლებენ. “ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს” ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე ამბობს, რომ ამ პირობებში, რაც დღეს გვაქვს, უვიზო მიმოსვლის დაკარგვის საფრთხის ალბათობა ნაკლებია. “იმ ინფორმაციის საფუძველზე, რაც მე მაქვს და იმ სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე, რაც ხელმისაწვდომი და საჯაროა, მსგავს მყისიერად დადგომის საფრთხის ალბათობა ნაკლებია, შემდგომ რა იქნება, მომავალი გვიჩვენებს”, - აცხადებს ჩხიკვაძე, რომლის განმარტებით, “ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე ეს საკითხი რომელიმე სახელმწიფოს განეხილოს და დაეყენებინოს, ასეთი რამე არ მომხდარა ევროკავშირის სახელმწიფოებში”, - დასძენს გამოცემა.

“როდესაც საფრანგეთის შს მინისტრმა საქართველოში ვიზიტისას განცხადება გააკეთა, იმ პერიოდში საქართველოდან ძალიან მზარდი იყო თავშესაფრის მაძიებლის რაოდენობა, ახლა რიცხვი შედარებით ქვემოთ წამოვიდა. ვერ ვიტყვი რომ ნულის ტოლია, თუმცა საგრძნობლად დაიკლო, ამ წუთას შეიძლება ითქვას მეტ-ნაკლებად სტაბილურია. იმ პერიოდში, როცა ეს განხადებები გაკეთდა, ძალიან გაზრდილი იყო საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი, არა მარტო საფრანგეთში, არამედ გერმანიაშიც”, - დასძენს გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას ვანო ჩხიკვაძე და შეკითხვაზე - “შენგენის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელთა საქართველოს მოქალაქეთა რიცხვის საგრძნობი კლება ქუთაისის აეროპორტში უცხოელი მესაზღვრეების შედეგად ხომ არ მოხდა?” - პასუხობს:

“ვერ გეტყვით, პირდაპირ ამ ფაქტთან გამიჭირდება დაკავშირება, იმიტომ, რომ ბევრი სხვადასხვა კომპლექსური ღონისძიებები გატარდა, საინფორმაციო კამპანიების გააქტიურება, მეორე საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის მომზადება და ა.შ. ასევე ბევრი იყო საზღვრიდან უკან გამობრუნებულების რაოდენობა და შესაძლებელია ამანაც მოახდინა გავლენა, რომ თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვმა დაიკლო, ასევე ზოგიერთმა ქვეყანამ საქართველო აღიარა უსაფრთხო ქვეყანად, ესეც გარკვეულწილად თავის როლს თამაშობს ამ ყველაფერში”.

სასიკვდილო ნაკბენი - რა მწერი კბენს მოსახლეობას, რაც სხეულის პარალიზებას იწვევს

“ზაფხულის დადგომასთან ერთად, ხშირ შემთხვევაში, მთელი რიგი პრობლემები იჩენს ხოლმე თავს, მაგალითად, როგორიც არის კრაზანის, ფუტკრის, თუ ბზიკის ნაკბენი, რომელიც იწვევს ალერგიულ შოკს, რაც ხშირ შემთხვევაში ფატალური შედეგით სრულდება. თუმცა, არსებობს საშუალება, რომ ეს შედეგი თავიდან ავიცილოთ და ალერგიულ შოკს გავუმკლავდეთ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით სასიკვდილო ნაკბენი - რა მწერი კბენს მოსახლეობას, რაც სხეულის პარალიზებას იწვევს.

“კრაზანას ნაკბენს 99%-მდე ადამიანი ვერ უმკლავდება. ეს არის შეუნელებელი ტიპის ალერგიული რეაქცია, რომელიც სიკვდილამდეც კი მიდის. შეიძლება ტანის, ტვინის და ხორხის შეშუპება მოხდეს, საბოლოოდ კი კატასრტოფულად დამთავრდეს”, - აცხადებს “რეზონანსთან” ალერგოლოგი და იმუნოლოგი დალი ლეჟავა. დაზარალებული მოქალაქე მედიკო მოწაფია ჰყვება იმ შემთხვევის შესახებ, რომელიც ორი დღის წინ გადახდა. მოწაფიას საკუთარ ეზოში კრაზანამ უკბინა, რამაც, ფაქტობრივად, მთელი სხეულის პარალიზება გამოიწვია. საბოლოოდ კი პრეპარატ დექსამეტაზონის საშუალებით მოხდა მისი მდგომარეობის შემსუბუქება, რომელსაც იმუნოდეპრესიული აქტივობა გააჩნია. მსგავსი შემთხვევა მას ორჯერ ჰქონდა. პირველი შემთხვევისას მან გონება დაკარგა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ფეხებიდან იწყებს ბჟუილს, შემდეგ ნელ-ნელა ზემოდ ამოდის, ბოლოს კი კეფაზე გადადის. გონება არ დამიკარგავს, თუმცა ხელ-ფეხი წამერთვა და კრიჭა შემეკრა. აბსოლუტურად ყველაფერი მესმოდა, გონებრივად ადეკვატური ვიყავი, მაგრამ, არაფრის გაკეთება არ შემეძლო, თვალის გახელაც კი. სასწრაფოს მოსვლამდე გავიკეთე დექსამეტაზონი, რამაც სასწრაფოს საშუალება მისცა ადგილზე ცოცხალი მივეყვანე. ნემსის გაკეთებას ვეღარ ვასწრებდი, გავტეხე ამპულა და დავლიე. სანამ ამას გავაკეთებდი, მეუღლემ უკვე ნემსი გაამზადა და ისიც გავიკეთე. ფილტვებისა და ხორხის შეშუპება მოხდა სასწრაფოს მოსვლამდე. ეზოში, პირდაპირ აგურზე იყო ბუდე გაკეთებული. თქვეს, რომ ეს ძალიან გავრცელებულია. ბოქლომშიც კი შედიან და იქ იბუდებენ. ფაქტობრივად, ყველგან ბუდობენ. ეს ფუტკარი არ არის, ეს კრაზანაა. ძალიან ჰგავს ფუტკარს და ვერ მიხვდები რომ კრაზანაა. ერთდროულად ოთხ ადგილას მიკბინა ორივე ფეხზე. ეს უკვე მეორე შემთხვევა იყო. პირველი შემთხვევა ამისგან ძალიან განსხვავდებოდა, რადგან ის იყო ძალიან დიდი ამასთან შედარებით და უფრო მუქი. თუმცა, პირველი შემთხვევისას გავითიშე. იმასაც კი არ მოელოდნენ, რომ მოვბრუნდებოდი. ეს საღამოს 19:00 საათზე მოხდა. გონება უცებ დავკარგე და გონს რომ მოვედი, უკვე დილის ოთხი საათი იყო”, - ამბობს გამოცემასთან საუბრისას მედიკო მოწაფია.

“კრაზანა ხშირ შემთხვევაში, ადამიანის სახლთან ახლოს იკეთებს ბუდეს. შენობის ჭერს, ფანჯრებს ირჩევენ და იკვებებიან საკვების ნარჩენებით, რომელსაც ადამიანი ტოვებს. კრაზანა კბენის შემდეგ შხამს ტოვებს ადამიანის ორგანიზმში. მსგავსი შემთხვევის შემდეგ აუცილებელია იმ პრეპარატის მიღება, რომელიც ამ შხამს გაუმკლავდება, თუმცა ასაკის, წონისა და დოზის გაკონტროლება აუცილებელია, - გვირჩევენ ალერგოლოგები. დალი ლეჟავა აცხადებს, რომ ასეთი შემთხვევისას აუცილებელია ადრენალინის მიღება, რომელიც ადამიანის ორგანიზმში შხამს ებრძვის. ის გარკვეულ რეკომენდაციებსა და რჩევებს იძლევა”, - წერს სტატიის ავტორი.

“კრაზანას ნაკბენს 99%-მდე ადამიანი ვერ უმკლავდება. ეს არის შეუნელებელი ტიპის ალერგიული რეაქცია, რომელიც სიკვდილამდეც კი მიდის. პირველ ჯერზე იყო შოკი და პაციენტი დაცვითი ორგანიზმის ძალების საფუძველზე მას გაუმკლავდა და არ გამოიწვია სიკვდილი. მაგალითად, ადამიანი, რომ ქუნთრუშას გადაიტანს, შემდეგ რჩება იმუნიტეტი და მეორედ ეს ადამიანი ქუნთრუშით არ ავადდება. აქაც შეიძლება მსგავსი რამ ვთქვათ, - ანტისხეულები გამოუმუშავდა, რომელიც ორგანიზმში ცირკულაციას აგრძელებენ. მეორე შემთხვევის შემდეგ ეს ანტისხეული დახვდა აგენტს, რომელიც შხამის სახით ორგანიზმში შევიდა, არ მოხდა შოკის განვითარება ბოლომდე და შესაბამისად სიკვდილი. ორივე არის ორგანიზმის გავრცელებული რეაქცია. გაბუჟება, ფაქტობრივად, შოკის წინა მდგომარეობაა. თუკი დაბუჟდა სხეული, ეს არის ალერგიულ აგენტთან ჭიდილი ორგანიზმის მიერ. საბოლოოდ მოხდა ის, რომ ადამიანი გადარჩა. არსებობდა ვარაუდი, რომ კატასტროფით დამთავრებულიყო”, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დალი ლეჟავა.

“რაიმე სპეციფიური აცრის მსგავსი კრაზანას წინააღმდეგ არ არსებობს... პირველ რიგში, ადამიანმა ნაკბენის ადგილას ადრენალინის პრეპარატი უნდა გაიკეთოს, შემდეგ ჰორმონიც შეიძლება. მომენტალურად ასეთ ადამიანს სახლში უნდა ედოს ადრენალინი გამზადებული, რაც თავისივე შპრიცშია მოთავსებული და კანქვეშ ხდება მისი შეყვანა, ჰორმონიც უნდა ჰქონდეს თან. ასეთი შემთხვევის შემდეგ ეს ადამიანი ორი კვირის განმავლობაში მაინც უნდა იყოს დიეტაზე”, - გვირჩევს დალი ლეჟავა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი