თეონა აქუბარდია პრეზიდენტის ახალ მრჩეველზე - დიმიტრი ლეჟავას საბჭოთა წარსული და მისი გამოცდილება არც თუ ისე პოზიტიურად მეტყველებს პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე

„მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი თავად წყვეტს, ვინ დანიშნოს მრჩევლის პოსტზე, დიმიტრი ლეჟავას საბჭოთა წარსული და მისი გამოცდილება არც თუ ისე პოზიტიურად მეტყველებს პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე,“ - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილმა მოადგილე თეონა აქუბარდიამ განუცხადა, რითაც გამოეხმაურა თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლად დიმიტრი ლეჟავას დანიშვნას.

უსაფრთხოების საკითხთა ექსპერტის შეფასებით, იმ ფონზე, როდესაც საქართველოს მკაფიოდ გაცხადებული საგარეო კურსი აქვს, რაც ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებას გულისხმობს, უმჯობესი იქნებოდა, აღნიშნულ თანამდებობაზე ისეთი ადამიანი დანიშნულიყო, ვისაც ერთი მხრივ, არ ექნებოდა საბჭოთა წარსული და მეორე მხრივ, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში დასავლური ცოდნა და გამოცდილება ექნებოდა.

„თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი საკმაოდ მნიშვნელოვანი თანამდებობაა. მრჩევლის კომპეტენცია იქნება ყველა ის საკითხი, რომელიც უკავშირდება პრეზიდენტის, როგორც უმაღლესი მთავარსარდლის როლს. ასევე, ჩვენ ვნახეთ, რომ მთავრობასა და პრეზიდენტს შორის შეთანხმება შედგა, რომ პრეზიდენტს ეყოლება მუდმივი წარმომადგენელი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში, სადაც განიხილება ეროვნული უსაფრთხოების დაგეგმვის და კოორდინაციის საკითხები. შესაბამისად, მას საიდუმლო ინფორმაციაზე სრული დაშვება ექნება.

ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი თავად წყვეტს ვინ დანიშნოს ამ პოსტზე, ბატონი ლეჟავას საბჭოთა წარსული და მისი გამოცდილება არც თუ ისე პოზიტიურად მეტყველებს პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე. საქართველოს არ აქვს ლუსტრაციის კანონი, როგორც ეს გააკეთეს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა და მათ შორის უკრაინამაც, რომ ვიცოდეთ, ვინ თანამშრომლობდა „კა-გე-ბეს“ სამსახურებთან,“ - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

გარდა ამისა, ექსპერტის შეფასებით, უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით, დიმიტრი ლეჟავას პიროვნება 2003 წლის შემდეგ აღარ ჩანდა, რაც მისი თქმით, საკმაოდ დიდი წყვეტაა. აქუბარდიას განცხადებით, აქ თავს იჩენს კომპეტენციის საკითხი, თუ რამდენად შეუძლია ლეჟავას მრჩევლის ფუნქციების ჯეროვნად შესრულება.

„ამ სფეროს საკმაოდ ბევრი სპეციალისტი გვყავს, რომლებსაც დასავლეთში აქვთ უმაღლესი განათლება მიღებული. მაშინ, როდესაც პრეზიდენტი თავად არის დასავლეთში გაზრდილი და იცნობს ამ სტანდარტებს, ის უნდა ყოფილიყო პირველი, ვინც თავის მრჩევლის პოსტზე ამ რაკურსით შეარჩევდა კადრს. ალბათ, პრეზიდენტი ან მისი ადმინისტრაცია თავად ახსნის, რა კრიტერიუმით შეარჩია მრჩეველი, თუმცა რა თქმა უნდა, ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის უკეთესი იქნებოდა, რომ ამ თანამდებობაზე დანიშნულ პირს არ ჰქონოდა საბჭოთა წარსული,“ - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

შეგახსენებთ, რომ თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლად დიმიტრი ლეჟავა დაინიშნა. 1983-1994 წლებში დიმიტრი ლეჟავა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში მუშაობდა. 1994-1996 წლებში ის სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურში, ხოლო 1996-1998 ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატში იყო დასაქმებული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა