ლუკ კოფი -რუსეთმა იცის, რომ საქართველოს ტერიტორიების ნაწილ-ნაწილ მიტაცებისთვის პასუხს არავინ მოსთხოვს

რუსეთმა იცის, რომ საქართველოს ტერიტორიების ნაწილ-ნაწილ მიტაცებისთვის პასუხს არავინ მოსთხოვს,-ამის შესახებ "ჰერიტიჯის ფონდის" მკვლევარმა ლუკ კოფიმ „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა.

ლუკ კოფი ბოლო პერიოდში რუსი სამხედროების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე „ბორდერიზაციის“ პროცესს აფასებს და ამბობს, რომ რუსეთს სურს საქართველომ ისეთი რაღაც გააკეთოს, რომ სამხედრო კონფლიქტი განაახლოს.

კითხვაზე, ხშირად მთავრობის მიმართ კრიტიკული პოზიცია ისმის, რომ ხელისუფლება საკმარისად არ ახმაურებს „ბორდერიზაციის“ შემთხვევებს და ამ საკითხზე განგაშის ზარს არ რეკავენ, რა პოზიცია აქვს მას, კოფი პასუხობს, რომ ის ამ მოსაზრებას გარკვეულწილად იზიარებს.

„მე ამ მოსაზრებას გარკვეულწილად ვიზიარებ. თუმცა, ვფიქრობ, რომ საქართველოს მთავრობა საკმარისად აწვდის ინფორმაციას საერთაშორისო ორგანიზაციებს, მთავრობებს და მიმომხილველებს. ვიცი, რომ მაღალი დონის შეხვედრებზე „მცოცავ ოკუპაციაზე“ საუბარი ყოველთვის იმართება. მაგრამ რომ დავფიქრდეთ, სინამდვილეში რის გაკეთება შეუძლია საქართველოს, როცა რუსული თოფის ლულის წინ დგას უწყვეტად? რუსეთს უნდა საქართველომ რაღაც ისეთი გააკეთოს, რომ მათ სამხედრო კონფლიქტი განაახლონ, მაგრამ თუ საქართველო ამას არ გააკეთებს, ის უკვე აცლის რუსეთს ხელიდან სასურველ შედეგს.

იმაში, რაც ხდება დამნაშავე რუსეთია. ისინი დგამენ ამ აგრესიულ ნაბიჯებს. თუმცა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამაც უფრო მეტი უნდა გააკეთოს. მე უნდა შემეძლოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ვებგვერდზე შესვლა და „ბორდერიზაციის“ თითოეული შემთხვევის შესახებ ინფორმაციის ნახვა. თუმცა ამის გაკეთება დღეს ვერ ხერხდება. ისინი უფრო მეტად გამჭვირვალე უნდა იყვნენ. ერთგვარად, ეს ირონიულიცაა იმის გამო, რომ მათი მისია საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე მოვლენების გამჭვირვალედ წარმოჩენაა“,-აცხადებს ლუკ კოფი.

მან ასევე ისაუბრა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან დაკავშირებითაც.

„შიდა პოლიტიკაზე საუბარი არ მსურს, თუმცა ერთ რამეს ვიტყვი. ბოლო პერიოდში თითქოს ჩანს, რომ საქართველოს მთავრობის ზოგიერთი წარმომადგენელი და პრეზიდენტიც კი, აზერბაიჯანით უფრო არიან შეშფოთებული, ვიდრე იმით, თუ რას აკეთებს რუსეთი. ვფიქრობ, ეს სიგიჟეა. ის, რაც მონასტერთან დაკავშირებით ხდება არაფერია იმასთან შედარებით, რასაც რუსეთი აკეთებს.

აზერბაიჯანი და საქართველო ახლო პარტნიორები არიან, სხვადასხვა კუთხით ისინი ერთმანეთზე დამოკიდებულები არიან. სიფრთხილეა გამოსაჩენი, განსაკუთრებით ზოგიერთი მაღალჩინოსნის მიერ, რადგან რუსეთი ახერხებს იმას, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული დაძაბულობა თავის სასარგებლოდ გამოიყენოს და დაძაბულობა კიდევ უფრო გააღრმაოს“,-აცხადებს კოფი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა