ადვოკატი - ათეულობით ტომი გადმომცეს, ჯერ მხოლოდ წონით შემიძლია  ეს მტკიცებულებები შევაფასო - ავთო წერეთელი რაიმე დანაშაულებრივ საქმიანობაში მონაწილეობას გამორიცხავს

"ავთანდილ წერეთელი გამორიცხავს მის მიერ რაიმე დანაშაულებრივ საქმიანობაში მონაწილეობას და მიაჩნია, რომ ბრალის არანაირი დასაბუთება საქმის მასალებში არ იქნება", - ამის შესახებ ავთანდილ წერეთლის ადვოკატმა, კახა წერეთელმა პროკურატურის დატოვების შემდეგ განაცხადა. ადვოკატი პროკურატურაში მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალდების ჩასაბარებლად მივიდა.

"რა ინფორმაციაც გააჩნია გამოძიებას, სრული ინფორმაცია მოგვაწოდეს. აქ საუბარია სისხლის სამართლის საქმის ათეულობით ტომზე და გვჭირდება დრო, რომ ეს ინფორმაცია გავაანალიზოთ. რაც შეეხება ბრალდებას, საუბარია იმაზე, რომ თითქოს 11 წლის წინ ავთანდილ წერეთელმა, როდესაც მან ფული გაასესხა ჯაფარიძეზე და ხაზარაძეზე, იცოდა, რომ თითქოს მათ ეს სჭირდებოდათ შემდგომი ლეგალიზების მიზნით, რაც რა თქმა უნდა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ სრულად დაუსაბუთებელია. ვერც ბრალდების და ვერც აღკვეთის ღონისძიების საფუძველს ვერ ვხედავ, თუმცა პირველი ნაბიჯი უნდა გადადგას ბრალდებამ. ვნახოთ, რა ნაბიჯი გადაიდგმება და ამის მიხედვით იქნება ჩვენი რეაქცია", - განაცხადა კახა წერეთელმა.

მანვე ისაუბრა ავთანდილ წერეთლის პოზიციისა და ბრალდების სიმძიმის შესახებაც. „ავთანდილ წერეთელი გამორიცხავს მის მიერ რაიმე დანაშაულებრივ საქმიანობაში მონაწილეობას და მიაჩნია, რომ ბრალის არანაირი დასაბუთება საქმის მასალებში არ იქნება. ის საქართველოში რამდენიმე დღეში დაბრუნდება და თუ გამოძახებული იქნება, რა თქმა უნდა, გამოცხადდება პროკურატურაში. ბრალდება თავის მხრივ, მძიმეა, თუმცა მხოლოდ ბრალდებით ნუ ვიმსჯელებთ. ამ საქმეში არიან სხვა ბრალდებულებიც, უკვე გამოყენებული იქნა არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებებიც. ძველ საქმეზეა საუბარი და ეს მხოლოდ ჩემი პირადი აზრია, გამოვრიცხავ, რომ დაპატიმრებაზე იყოს საკითხი", - აღნიშნა ადვოკატმა.

კითხვაზე, თუ რით არის გამყარებული მტკიცებულებები, მან უპასუხა, რომ ახლა მასალის შეფასება არ შეუძლია.

"ათეულობით ტომი გადმომეცა, ჯერ მხოლოდ წონით შემიძლია, შევაფასო ეს მტკიცებულებები. საკმაოდ ბევრია, არის სხვადასხვა სახის, ძირითადად, წერილობითია, თუმცა გარკვეული ჩანაწერებიც გადმოგვცეს დისკებზე, ეს ყველაფერი ზუსტად გვეცოდინება რამდენიმე დღეში, როცა დავასრულებთ მასალების გაცნობას", - აღნიშნა კახა წერეთელმა.

მანვე უპასუხა კითხვას მისი დაცვის ქვეშ მყოფისა და ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის კავშირების შესახებ და აღნიშნა, რომ ისინი ცნობილი ბიზნესმენები იყვნენ და არიან და 11 წლის წინ კავშირები იყო, თუმცა მხოლოდ კანონიერი.

შეგახსენებთ, გენერალურმა პროკურატურამ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს, "თიბისი ბანკის" დამფუძნებლების - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში ბრალი წარუდგინა. პროკურატურის განმარტებით, საქმე ეხება „თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელების მიერ "უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება".

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა