ბაჩანა შენგელია - ისე დაასრულეს ია კერზაიას საქმის გამოძიება, რომ ბატიაშვილი და გახარია არ დაუკითხავთ, პროცესი პოლიტიკური იყო, საქმეს  სტრასბურგისთვის ვამზადებ

ია კერზაიას საქმის გამოძიება ფორმალურად მიმდინარეობდა და პროცესი პოლიტიკური იყო, პროკურატურის გადაწყვეტილებას ყველა ინსტანციაში გავასაჩივრებ და შემდეგ სტრასბურგს მივმართავ,- ასე ეხმაურება ზუგდიდის მეექვსე სკოლის ყოფილი დირექტორის ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია, პროკურატურის გადაწყვეტილებას საქმის შეწყვეტის შესახებ.

როგორც შენგელია „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში აცხადებს, ია კერზაიას საქმეზე მტკიცებულებები განადგურდა. ასევე, ბაჩანა შენგელია ვარაუდობს, რომ საქმის დახურვა შს მინისტრ გიორგი გახარიას პოლიტიკურ გეგმებს უკავშირდება.

„როგორც ეს გადაწყვეტილება, ასევე მთლიანად პროცესი იყო პოლიტიკური და არ ხდებოდა სამართლებრივად საკითხების შეფასება. როგორც ჩანს, დღეს მათ არ სურთ გამოუძიებელი საქმე იყო გახარიას კისერზე რაიმე ფორმით. ვფიქრობ, ზუსტად ამას უკავშირდება დღევანდელი განცხადება. მათ სურთ რაც შეიძლება ნაკლები ხმაური მოჰყვეს ამ ყველაფერს. რაც შეეხება ჩემს სამომავლო გეგმას, აპრილში, როცა საქმეს გავეცანი, უკვე ცხადი იყო ამ საქმის გამოუძიებლობა, ყველა მტკიცებულება და საპროცესო მოქმედება არასწორად იყო გაკეთებული, დაგვიანებით იყო ვიდეოკადრები ამოღებული, განადგურებული იყო მტკიცებულებები. ისე დაასრულეს საქმის გამოძიება, რომ მიხეილ ბატიაშვილი საერთოდ არ დაკითხეს, ასევე არ დაუკითხავთ გიორგი გახარია, რომელმაც დავალება გასცა. მთელი ეს პროცესი პოლიტიკური იყო და ფორმალურად აწარმოებდნენ ისინი გამოძიებას. მე აქ ყველა ინსტანცია ამოწურული უნდა მქონდეს, ამიტომ, ვაპირებ ეს გადაწყვეტილება გავასაჩივრო. შემდეგ კი, სტრასბურგისთვის ვამზადებ ამ საქმეს. რაც მთავარია, ეს იყო ადგილის მოსუფთავება გიორგი გახარიასთვის, რომელსაც, სავარაუდოდ, დააწინაურებენ და არ უნდა ჰქონდეს გამოუძიებელი საქმე“,- განაცხადა შენგელიამ.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურის ცნობით, დანაშაულის ნიშნების არარსებობის საფუძველზე ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის ინსპექტირებასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყდა.

„საქმეზე ჩატარებული გამოძიებით არ დადასტურდა, რომ ქ. ზუგდიდის N6 საჯარო სკოლაში ჩატარებული ინსპექტირებისას ადგილი ჰქონდა ია კერზაიას მიმართ უკანონო მოპყრობას. გამოძიების ფარგლებში მრავალი მოწმისგან მიღებული ჩვენებით და სხვა ფაქტობრივი გარემოებების შესწავლით არ დადასტურდა ია კერზაიას მიმართ პოლიტიკური დევნა, მის მიმართ დამამცირებელი მოპყრობა და ის ფაქტი, თითქოს სკოლის ინსპექტირება პოლიტიკური მოტივით იყო განპირობებული“,- ნათქვამია განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა