როგორც ჩანს, ეკატერინე ტიკარაძეს ჰგონია, რომ უკეთეს შემთხვევაში, 60 ლარი თვეში საარსებო შემწეობა იმხელა ფულია, რომ ადამიანებს ურჩევნიათ ეს დახმარება აიღონ და სამსახურებზე უარს ამბობენ, - ასე აფასებს პარტია,,ახალი საქართველოს“ სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი თეონა ჭალიძე ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატის ეკატერინე ტიკარაძის პარლამენტში გამოსვლას.
როგორც ჭალიძემ აღნიშნა, მინისტრობის კანდიდატებს შორის ყველაზე სუსტებში ეკატერინე ტიკარაძე ლიდერობს, რადგან მან უმნიშვნელოვანესი ცვლილებები 45 წამში გაგვაცნო და აღნიშნა, რომ სოციალური სტატუსის მქონე პირები, გაზარმაცდნენ და უმუშევრობისა და სიღარიბისკენ ილტვიან.
„მინისტრობის კანდიდატებს შორის ყველაზე სუსტებში ეკატერინე ტიკარაძე ლიდერობს. ნათელია, ძალიან მძიმე ტვირთია მისთვის ამხელა სამინისტროს პორტფელი. განსაკუთრებით უცხო ჩანს მისთვის სოციალური დაცვა, სადაც გასატარებელი უმნიშვნელოვანესი ცვლილებები 45 წამში გაგვაცნო და ეს სხვა არაფერი იყო, გარდა იმაზე ხაზგასმისა, რომ სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირები თითქოს გაზარმაცდნენ და სამუშაო ადგილების სიუხვის მიუხედავად მაინც უმუშევრობისა და სიღარიბისკენ ილტვიან. როგორც ჩანს, მას ჰგონია, რომ უკეთეს შემთხვევაში 60 ლარი თვეში საარსებო შემწეობა იმხელა ფულია, რომ ადამიანებს ურჩევნიათ ეს დახმარება აიღონ და სამსახურებზე უარს ამბობენ. ამ თანხით ქალბატონო ეკა, უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები ადამიანები ძლივს არსებობენ, დამერწმუნეთ, არავის არ უხარია ამ"კაპიკებით" არსებობა. როგორც ჩანს, მინისტრი ოფიციალურ სტატისტიკასაც არ იცნობს.
სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებულია 948 971 პირი და აქედან მხოლოდ 433 522 იღებს საარსებო შემწეობას, საიდანაც140 000 ბავშვია, დიდი ნაწილი კი საპენსიო ასაკს მიღწეულები და შრომისუუნარო სტატუსის მქონე პირები არიან.
გირჩევთ, იზრუნოთ ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დახვეწაზე, საარსებო შემწეობის ადმინისტრირებაში არსებული ხარვეზების გამოსწორებასა და საარსებო შემწეობის შეჩერება-შეწყვეტის საფუძვლების გადახედვაზე. რაც შეეხება სოციალურ დაცვას, გაცნობებთ, რომ მხოლოდ საარსებო შემწეობაზე საუბარი არაა თქვენი კომპეტენცია, ამ კუთხით ბევრი სხვა პრობლემისა და გამოწვევის წინაშე დგას ქვეყანა“, -განაცხადა თეონა ჭალიძემ.
აღნიშნულ ინფორმაციას პარტია,,ახალი საქართველოს“ ავრცელებს.