ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციათა გადაუდებელი დახმარების ცენტრი და თბილისისა და ბათუმის სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ცენტრები ერთიანდება. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა ავთანდილ თალაკვაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
თალაკვაძის განცხადებით, ცვლილება მიზნად ისახავს ერთიანი, ეფექტური და თანამედროვე სისტემის ჩამოყალიბებას, რომელიც მიმართული იქნება პაციენტების ინტერესებსა და მოსახლეობის გადაუდებელი დახმარების სერვისის გაუმჯობესებაზე.
„ჩვენ 2014 წლიდან დავიწყეთ აღნიშნული რეფორმა, რომელიც მიზნად ისახავდა რეგიონებში გაგვეერთიანებინა სასწრაფო გადაუდებელი დახმარების სამსახურები, ვინაიდან საკმაოდ დიდი პრობლემები იყო. იყო მომენტები, როდესაც რეგიონში სასწრაფო დახმარების სამსახურის სერვისი საერთოდ არ მიეწოდებოდა რამდენიმე დღის განმავლობაში. შესაბამისად, გადაწყვეტილება მივიღეთ 2014 წელს გაერთიანებულიყო ერთიანი ცენტრის ქვეშ. 2017 წელს ჩვენ გავაერთიანეთ საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტი, რომელიც მოიცავდა კატასტროფისა და კრიტიკული პაციენტების მართვას კლინიკებს შორის. დღეის მდგომარეობით გადავდივართ უკვე შემდეგ ეტაპზე, რომელიც მოიცავს ერთიან სისტემაში სასწრაფო დახმარების სამსახურების მოქცევას. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი ბრიგადების ფინანსური და სამუშაო პირობები გაუმჯობესდეს“, - განაცხადა თალაკვაძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ცვლილება არ გულისხმობს თანამშრომლების შემცირებას.
„მინდა ცალსახად განვმარტო ის ნაწილი, რომ აღნიშნული ცვლილება არ გულისხმობს და არ მოიცავს შემცირებებს. ჩვენ დღეიდანვე დავიწყებთ აქტიურ კომუნიკაციას თანამშრომლებთან, რომ განვუმარტოთ მათ ერთიანი ეფექტური სისტემის ჩამოყალიბებების შესახებ, რაც მიმართული იქნება იმისკენ, რომ ჩვენ ზამთრის პერიოდს უკვე შევხვდეთ მომზადებულები და უფრო ეფექტურად მოვემსახუროთ ჩვენს მოქალაქეებს. აღნიშნული სისტემა იქნება შენარჩუნებული, მოქალაქეები დარეკავენ 112-ში, უბრალოდ აქ მნიშვნელოვანია ის მომენტი, რომ გამოძახების გადაცემის პრინციპი იქნება ოდნავ სხვანაირი“, - განაცხადა თალაკვაძემ.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის განცხადებით, 2020 წლიდან ამოქმედდება ახალი სისტემა, რაც გულისხმობს გამოძახებისას პრიორიტეტების სწორად განსაზღვრას.
„2020 წლიდან ჩაეშვება ახალი სისტემა, რაც გულისხმობს პრიორიტეტის სწორ მინიჭებას და დისპეჩერიზაციის ცვლილებას იმ ნაწილში, რომ უფრო დროული და ეფექტური იყოს. რაც ცალსახად მიგვითითებს, თუ რომელია უფრო მეტად პრიორიტეტული, რომელი საშუალოდ. ჩვენ ისევ მოვემსახურებით აბსოლუტურად ყველა პაციენტს, უბრალოდ ეს გულისხმობს იმას, თუ რომელ პაციენტთან უფრო სწრაფად უნდა მივიდეთ“, - განაცხადა თალაკვაძემ.