ჭავჭავაძის გამზირზე, კეკელიძის ქუჩიდან მირცხულავას ქუჩამდე არსებულ მონაკვეთზე, 16 სექტემბრიდან საავტომობილო მოძრაობა აღდგება

თბილისის მერი კახა კალაძე ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, ჭავჭავაძის გამზირის სარეაბილიტაციო მონაკვეთი ორ ნაწილადაა გაყოფილი. პირველ ნაწილზე, რომელიც მოიცავს კეკელიძის ქუჩიდან მირცხულავას ქუჩამდე მონაკვეთს, უკვე დასრულებულია მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია და მიმდინარეობს საფუძვლის მომზადება ასფალტის საფარის დასაგებად. ამასთან, მონაკვეთზე მოეწყო წყალარინების, სანიაღვრე და სასმელი წყლის ახალი ქსელი.

კახა კალაძის თქმით, პირველ მონაკვეთზე, 16 სექტემბრიდან, ავტომანქანები გადაადგილებას შეძლებენ.

„კომპანია „ჯეო გრუპს“ ვალდებულება აქვს აღებული, რომ 16 სექტემბრისთვის, აღნიშნულ მონაკვეთზე ავტომანქანებმა შეძლონ გადაადგილება. ასევე, ყველა ქუჩაზე, რომელიც ვარაზისხევიდან „პიქსელის“ შენობამდე უკავშირდება ჭავჭავაძის გამზირს, ავტომანქანებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება. მოძრაობის სქემების შესახებ კი ეცნობება მოსახლეობას.

ჩვენ ვაგრძელებთ პროექტით გათვალისწინებულ მეორე ეტაპის სამუშაოებს. კერძოდ, კომპანია GWP მიწისქვეშა სამუშაოებს უკვე ახორციელებს, კომპანია „თბილისი ენერჯიმ“ კი სამუშაოები უკვე დაასრულა. მართლაც საშვილიშვილო საქმე კეთდება. პროექტმა ათეულ წლებს უნდა გაუძლოს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, სარეაბილიტაციო მონაკვეთის მეორე ნაწილში, რომელიც მოიცავს მირცხულავას ქუჩიდან თაქთაქიშვილის ქუჩამდე მონაკვეთს, თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია სანიაღვრე კოლექტორის მოწყობის სამუშაოებს აწარმოებს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მოეწყობა ბორდიურები, ტროტუარი მოპირკეთდება ბუნებრივი ქვის ფილებით, გამზირზე მოეწყობა საველოსიპედო სავალი ნაწილი, ტროტუარის გასწვრივ დამონტაჟდება ჭედური მოაჯირები და ბოძკინტები.

უწყების ცნობით, ჭავჭავაძის გამზირის შშმპ-ებისთვის ადაპტირება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოხდება. გარე განათების ქსელი სრულად შეიცვლება და დამონტაჟდება ახალი, თანამედროვე სტანდარტების და დიზაინის LED განათების სისტემა, ასევე, დამონტაჟდება სახანძრო ჰიდრანტები, ტროტუარებზე განთავსდება თანამედროვე დიზაინის მოსასვენებელი სკამები, მოეწყობა ახალი გაჩერებები და საავტობუსე ზოლები.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია „ჯეუ გრუპი“ ახორციელებს. ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციაზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 15 000 000 ლარი დაიხარჯება.

სამუშაოებს, დედაქალაქის მერთან ერთად, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი მუსხელიშვილი გაეცნენ. ადგილზე იმყოფებოდა GWP-ის, „თბილისი ენერჯისა“ და „თელასის“ ხელმძღვანელობაც.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი