ამირან გამყრელიძე - მიუხედავად იმისა, რომ მინიმუმამდეა დასული წითელას შემთხვევები, დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს

მიუხედავად იმისა, რომ მინიმუმამდეა დასული წითელას შემთხვევების რაოდენობა, დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, საქართველოში 2019 წლის დასაწყისიდან 6 სექტემბრის მდგომარეობით, წითელას 3910 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათ შორის ლეტალურად დასრულდა - 2. მისივე თქმით, ორივე მათგანი ბავშვი იყო, რომლებსაც აცრა არ ჰქონდათ გაკეთებული.

როგორც გამყრელიძემ განაცხადა, წითელას შემთხვევების ყველაზე მეტი რაოდენობა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ფიქსირდება.

„მიუხედავად იმისა, რომ წითელას ეპიდაფეთქება დამშვიდებისკენ წავიდა 3 თვეზე მეტია, დღევანდელი მონაცემებით, ერთეული შემთხვევები გვაქვს კვირაში, მაგრამ დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს. იმიტომ, რომ ქვეყანაში წითელას საწინააღმდეგო ე.წ. იმუნური ფენა მაინც დაბალი რჩება, მიუხედავად იმისა, რომ წელს დამატებით 150 000 ავცერით“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, შემოდგომასა და ზამთრის პერიოდში შესაძლოა, წითელამ ისევ იფეთქოს. ამასთან, ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს, მათ შორის მშობლებსა და მასწავლებლებს მოუწოდებს, გადაამოწმონ თითოეული ბავშვის აცრის კალენდარი.

„ჩვენი კალენდრის მიხედვით, ბავშვი იცრება ორჯერ -1 და 5 წლის ასაკში. თუ სკოლაში შემსვლელი ბავშვი 2-ჯერ არ არის აცრილი, ვთხოვთ მის მშობელს, თუ რა თქმა უნდა, აბსოლუტური წინააღმდეგი ჩვენება აცრისა არ არის, აუცილებლად ბავშვი მიიყვანონ პოლიკლინიკაში და აცრან“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამასთან, მისი ინფორმაციით, მხოლოდ 2019 წელს წითელათი დაავადებულთა თითქმის ნახევარი, 47%-ზე მეტი, 20-40 წლის ასაკის მოქალაქეა.

გამყრელიძე განსაკუთრებით სწორედ 20-40 წლის ადამიანებს მოუწოდებს, იმ შემთხვევაში თუ წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩატარებული არ აქვთ, ან არ ახსოვთ აღნიშნულის შესახებ, აუცილებლად აიცრან.

მისი თქმით, აცრას სახელმწიფო აფინანსებს და ის მოსახლეობისთვის უფასოა.

იხილეთ ვიდეო

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა