ჯანდაცვის სამინისტროსთან დევნილები დაშლას არ აპირებენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, მანამდე იქნებიან სამინისტროს შენობასთან, სანამ მათი მოთხოვნებზე პასუხებს არ მიიღებენ. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა, მათი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა.
“ჩვენ ვართ აფხაზეთიდან დევნილები, 27 წლის განმავლობაში არ ვართ დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით. ბოლო შვიდი თვის განმავლობაში გავმართეთ არაერთი აქცია ჯანდაცვის სამინისტროში. კონკრეტული პასუხები არ მივიღეთ, გვქონდა შეხვედრა მინისტრთან, ასევე გვქონდა შეხვედრები მინისტრის მოადგილეებთან, ყველა შეხვედრა იყო მათ მიერ ჩაშლილი სპეციალურად. ჩვენ ვითხოვთ ჩვენი კუთვნილი ფართებით დაკმაყოფილებას, სანამ ეს არ მოხდება და კონკრეტულ პასუხებს არ გაგვცემენ, ჩვენ აქედან არ ვაპირებთ წასვლას. შეხვედრას ვითხოვთ ან ეკატერინე ტიკარაძესთან, ან პრემიერ-მინისტრთან, არანაირი მოადგილეები ჩვენ აღარ გვაინტერესებს, ჩვენ დავიღალეთ ტყუილი დაპირებებით. შეხვედრებზე, როცა ვხვდებოდით მათი პასუხი იყო ის, რომ ივლისში იქნებოდა კომისია, შემდეგ აგვისტოში, ახლა სექტემბრის შუა რიცხვებია და კომისია არც ვიცით, მუშაობს თუ არა, რადგან პასუხებს არ გვცემენ. ქირის გადახდის საშუალება აღარ გვაქვს და ამიტომ მივმართეთ უკიდურეს ზომას, ვართ აქ და არ ვაპირებთ აქედან გასვლას, სანამ არ მოვლენ და კონკრეტულ პასუხებს არ გაგვცემენ”,- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
აქციის მონაწილეების ნაწილი ჯანდაცვის სამინისტროს შენობაში იმყოფება, სადაც მთელი ღამის განმავლობაში აპირებენ დარჩენას. მათ შორის არიან ბავშვები. შენობაში მედიის წარმომადგენლებს არ უშვებენ.