მამუკა მდინარაძე - ტყუილია, რომ თითქოს კანონპროექტში წერია -  ადამიანს არ ექნება ორ ადგილზე მუშაობის უფლება

სამწუხაროა, რომ ინტერპრეტაციები და სპეკულაციები მოჰყვა კანონპროექტს, რომელიც პარლამენტში ინიცირებულიც კი არ არის. ტყუილია, რომ თითქოს კანონპროექტში წერია, რომ ადამიანს არ ექნება ორ ადგილზე მუშაობის უფლება, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს დეპუტატ დიმიტრი ცქიტიშვილის კანონპროექტთან დაკავშირებით განუცხადა, რომლის ინიცირებაც ოქტომბერში იგეგმება.

მისი თქმით, კანონპროექტში საუბარია იმაზე, რომ დამსაქმებელს უფლება არ ექნება, დასაქმებულს, მისი სურვილის საწინააღმდეგოდ, ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულება აიძულოს.

„ძალიან, სამწუხაროა, რომ ინტერპრეტაციები, სპეკულაციები და აქედან გამომდინარე ვნებათაღელვა მოჰყვა კანონპროექტს, რომელიც საქართველოს პარლამენტში ინიცერებული არ არის. დღეს მთელი დღის განმავლობაში ვხედავთ იმის კრიტიკას, რაც არ არსებობს. სადღაც სამუშაო კაბინეტში, სამუშაო მაგიდაზე დევს ფურცლები, სხვადასხვა სეგმენტში კონსულტაციები მიდის ამასთან დაკავშირებით, არ არის საბოლოო პოზიცია, არც კომიტეტებში, არც უმრავლესობაში, არანაირი ფორმით ეს ყველაფერი გავლილი არ არის და ამის კრიტიკას ვისმენთ, რაც ძალიან არასერიოზულია. არასერიოზულია იმის მხრიდან, ვინც ამაზე პიარკამპანიას აწყობს და კრიტიკას გამოთქვამს რაღაც მუხლების მიმართ, რომელიც ბუნებაში არ არსებობს იმიტომ, რომ დაინიცერებული არ არის. პირადად ვესაუბრე დიმიტრი ცქიტიშვილს, რომელიც ამ თემაზე სხვადასხვა ჯგუფის ფარგლებში მუშაობს და მან თქვა, რომ ერთ-ერთი თემა, რომელზეც მთელი დღის განმავლობაში მიდის სპეკულაციები, არის გამოგონილი და ტყუილი. ეს ტყუილი შეეხება იმას, რომ თითქოს ამ კანონპროექტში წერია, რომ ადამიანს არ ექნება უფლება, იმუშაოს ორ ადგილზე. ეს არის ტყუილი. როგორც აღმოჩნდა, ასეთი რამ იქ არ წერია. მეც არ მაქვს გავლილი ჯერ, თუმცა როგორც ცქიტიშვილი ამბობს, საუბარია იმაზე, რომ თუ დამსაქმებელი ადამიანს დააძალებს ზეგანაკვეთურ სამუშაოს, რომლის შესრულებაც დასაქმებულს არ შეუძლია ან არ სურს, დამსაქმებელს ამის უფლება და საშუალება არ ექნება. დისკუსია შეიძლება ნებისმიერ თემაზე. მსჯელობა დავიწყოთ მას შემდეგ, რაც ექნება კანონპროექტის სახე და როდესაც მისი განხილვა დაიწყება. გარანტიას გაძლევთ, რომ ყოველმხრივად შევაფასებთ დისკუსიის ნაყოფს, რომელიც კანონპროექტად იქცევა და დაინიცრდება. გარანტიას გაძლევთ, რომ დავიცავთ როგორც დასაქმებულის, ასევე დამსაქმებლის ინტერესებს ისე, რომ არც ბიზნეს შეექმნას პრობლემა და დასაქმებულის უფლებებიც იყოს დაცული,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა