ირაკლი პეტრიაშვილი - პრემიერ-მინისტრს მივმართავთ, ტყიბულის მომავალთან დაკავშირებით კომისიის სხდომა მოიწვიოს

პრემიერ-მინისტრს მივმართავთ, სასწრაფოდ მოიწვიოს კომისიის სხდომა ტყიბულის მომავალთან დაკავშირებით, - ამის შესახებ პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც ტყიბულში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ტყიბულს აქვს პოტენციალი და შრომითი რესურსი, რომ „ეს ქალაქი არ მოკვდეს და სიცოცხლე შთავბეროთ“.

„მე, როგორც სამმხრივი კომისიის თავმჯდომარე, ვთხოვ პრემიერ-მინისტრს, სასწრაფოდ მოიწვიოს სხდომა ერთადერთი დღის წესრიგით -ტყიბულის მომავალთან დაკავშირებით და პასუხი გაეცეს საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ინიციატივას, როგორც შახტის უსაფრთხოებასთან, ისე მეშახტეთა სოციალურ გარანტიებთან დაკავშირებით, როგორიცაა საპენსიო ასაკი, საშემოსავლო გადასახადი თუ ალტერნატიული სამუშაო ადგილების შექმნა“, - განაცხადა პეტრიაშვილმა.

მისი თქმით, სახელმწიფომ ტყიბულის შახტებისთვის უნდა მოიყვანოს ისეთი ინვესტორი, რომელიც პირველ რიგში, იქ მომუშავე ადამიანების შრომით უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

„ჩვენი მოწოდებაა, შემოვიყვანოთ ისეთი ინვესტორი, რომელიც განახორციელებს ისეთი ტიპის ინვესტიციას, რომელიც უსაფრთხო შრომას უზრუნველყოფს. მე ვფიქრობ, რომ ეს შესაძლებელია. არსებობს გამოსავალი ნებისმიერი სიტუაციიდან. იქ, სადაც ადამიანებმა ფიზიკურად უნდა იმუშაონ, რისკები მაქსიმალურად უნდა იყოს დაბლა დაწეული. ამასთან, 21-ე საუკუნეა და სად არის ალტერნატიული სამუშაო ადგილები ტყიბულისთვის?! რატომ უნდა იყოს ტყიბული მხოლოდ იმაზე დამოკიდებული შახტა იმუშავებს თუ არა?! ჩემი აზრით, არსებული კომპანია ვერ პასუხობს გამოწვევებს და ის თვითონ უნდა წავიდეს. სახელმწიფომ კი სასწრაფოდ უნდა მოიყვანოს ინვესტორი, რომელიც შესაბამის ინვერსტიციას განახორციელებს, პირველ რიგში, უსაფრთხო შრომასთან დაკავშირებით“, - განაცხადა პეტრიაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს, მეშახტეები სახელფასო დავალიანების გაცემის მოთხოვნით, ტყიბულის მერიასთან აქციას მართავენ. აქციაზე მეშახტეთა მხარდასაჭერად ადგილობრივი მოსახლეობა მივიდა. მშობლები აცხადებენ, რომ ბავშვებს არ გაუშვებენ სკოლაში, ვიდრე არ დაკმაყოფილდება მეშახტეთა მოთხოვნები. ამასთან, 25-მდე მეშახტე მინდელის და ძიძიგურის შახტებში გუშინ 300 მეტრ სიღრმეში ჩავიდა და ამოსვლას არ აპირებს, ვიდრე მათი მოთხოვნები არ შესრულდება.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა