ადვოკატის განცხადებით,  20 ივნისის აქციის საქმეზე დაკავებული ლევან ჯიქურის მდგომარეობა, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი, დღითიდღე უარესდება

20 ივნისის აქციის საქმეზე დაკავებული ლევან ჯიქურის ადვოკატის, ალექსანდრე ზუბიაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მდგომარეობა, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი, დღითიდღე უარესდება.

ადვოკატის ინფორმაციით, ჯიქურს, რომელიც ციხის საავადმყოფოშია მოთავსებული, პარალიზებული აქვს მარცხენა ხელი და მარცხენა ფეხი. მისივე თქმით, ჯიქური 30 დღეზე მეტია შიმშილობს და არ შეწყვეტს შიმშილობას, ვიდრე მისი პროცესები არ დასრულდება.

„მისი მდგომარეობა არის მძიმე. დაკავების დღიდანვე იყო ცუდად და იმის შემდეგ, დღითიდღე უარესდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. მიზეზი არის ნერვიულობა. ამჟამად იმყოფება ციხის საავადმყოფოში, გლდანის მე-18 დაწესებულებაში. 30 დღეზე მეტია შიმშილობს და ეს შიმშილობაც თავისთავად მოქმედებს ამ ყველაფერზე. შიმშილობს იმიტომ, რომ მისი აზრით, უსამართლოდ არის პატიმრობაში და აქედან გამომდინარე ეს იწვევს შემდგომ იმ დაავადებების გართულებებს, რაც მას აქამდეც სჭირდა. მას ფეხზე დამბლა ჰქონდა და ახლა, პარალიზებული აქვს მარცხენა ხელი და მარცხენა ფეხი. გუშინ მოვინახულე და თქვა, რომ არ შეწყვეტს შიმშილობას მიუხედავად ჩემი არაერთი თხოვნისა და გააგრძელებს ბოლომდე, სანამ მისი სასამართლო პროცესები არ დასრულდება,“ - განაცხადა ალექსანდრე ზუბიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისის საქმეზე დაკავებულ 6 პირს - ზურაბ ბუდაღაშვილს, ცოტნე ცოტნიაშვილს, ბესიკ თამლიანს, ცოტნე სოსელიას, კახაბერ კუპრეიშვილს და ლევან ჯიქურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული. მოსამართლემ ლევან ჯიქურის დაცვის მხარის შუამდგომლობა აღმკვეთ ღონისძიებად 5 000 ლარის გირაოს შეფარდებაზე არ დააკმაყოფილა და ჯიქური პატიმრობაში დატოვა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა