დევნილები, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროში უკვე 10 დღის განმავლობაში იმყოფებიან, შენობის დატოვებას არ აპირებენ. მათ დღეს მორიგი აქცია გამართეს, რომლის ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნად თავშესაფრით უზრუნველყოფა რჩება. დევნილები მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.
„26 წლის წინ ჩვენ დაგვატოვებინეს სახლები, ჩვენი მშობლიური მიწ, ა უსაყვარლესი მხარე და საკუთარ ქვეყანაში ვიქეცით დევნილებად. 10 დღე-ღამეა, რაც ჩვენ მივმართეთ პროტესტის უკიდურეს ფორმას და ვიმყოფებით მუდმივად სამინისტროს ფოიეში. ჩვენი კანონიერი და საფუძვლიანი მოთხოვნები დღემდე უგულვებელყოფილია სამინისტროს წარმომადგენელთა მიერ. გუშინ საღამოს ჩვენთან გასაუბრება სცადა სამინისტროს ორმა მაღალჩინოსანმა ბატონმა წოწკოლაურმა და გორგაძემ. მათი დამოკიდებულება ჩვენი სენსიტიური საკითხების მიმართ არის უპასუხისმგებლო, ცინიკური, არაადამიანური და არაპროფესიონალური. ამ ბატონებს ავიწყდებათ, რომ ჩვენი გადახდილი გადასახადებიდან იღებენ ხელფასს და ვალდებულები არიან, იზრუნონ ჩვენი პრობლემების მოგვარებაზე,“ - განაცხადა აფხაზეთიდან დევნილმა ნინო ბუკიამ
აქციის მონაწილეების თქმით, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ორშაბათამდე აქვს ვადა, რათა მათი მოთხოვნები დააკმაყოფილოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი პროტესტი ფორმას შეიცვლის და გახდება კიდევ უფრო უკიდურესი, ამასთან, საკითხებს დაემატება მინისტრისა და მისი მოადგილეების დაუყონებლივი გადადგომის მოთხოვნა.
„ასევე, ჩვენთვის დანამდვილებით ცნობილია რომ საქართველოში გამთენიისას დაბრუნდა მინისტრი და ჩვენთან, დევნილებთან არ გამოჩენილა. ამ ქმედების შემდეგ, ჩვენთვის ყველა კითხვის ნიშანი მოხსნილია. მათ არ სურთ იდგნენ გაწბილებული ხალხის გვერდით. ქალბატონ მინისტრს ორშაბათამდე ვაძლევთ ვადას, დაუყონებლივ იქნას მოგვარებული ჩვენი პრობლემები და წარდგენილი ყველა საკითხი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი პროტესტი შეიცვლის ფორმას და გახდება კიდევ უფრო უკიდურესი. საკითხებს დაემატება მინისტრისა და მისი მოადგილეების დაუყონებლივი გადადგომის მოთხოვნა,“ - განაცხადა აფხაზეთიდან დევნილმა ნინო ბუკიამ.