თემქაზე მოკლული 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულის ადვოკატი ნაირა ოტიაშვილი დააკავეს

თემქაზე მოკლული 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულის ლადო გრიგალაშვილის ადვოკატი ნაირა ოტიაშვილი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ მისმა უფლებადამცველმა, ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ონისე მარგიანმა დაუდასტურა.

ონისე მარგიანის განცხადებით, ადვოკატი ნაირა ოტიაშვილი სასამართლოს განჩინების საფუძველზე არის დაკავებული. მისივე თქმით, განჩინებაში არ არის მითითებული სავარაუდო დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები. უფლებადამცველი ამბობს, რომ დაკავების შესახებ განჩინება აბსურდულია და მისთვის უცნობია, რა საქმეს უკავშირდება ბრალდება.

„ძალიან ბუნდოვანია, აბსოლუტურად გაურკვეველია - მოსამართლის განჩინებით არის დაკავებული. ბრალი ხვალ წარედგინება და ხვალ უფრო ვრცელი ინფორმაცია მექნება. დღეის მდგომარეობი, მხოლოდ დაკავების შესახებ განჩინება გვაქვს, სადაც სავარაუდო დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები არ არის განმარტებული. საუბარია 373-ე მუხლზე, რომელიც გულისხმობს ცრუ დასმენას, ანგარებით, ან პირადი მოტივით. განჩინებაში კონკრეტულად ვინ, რაში დაასმინა, მითითებული არ არის. არადა, აუცილებლად, ვარაუდის დონეზე მაინც უნდა იყოს მითითებული. ამავე დროს არ არის მითითებული, რა იგულისხმება ანგარებასა და პირად მოტივში“, - აცხადებს ონისე მარგიანი.

უფლებადამცველ ონისე მარგიანის თქმით, სასამართლოს ნაირა ოტიაშვილის დაკავების შუამდგომლობით ძველი თბილისის პროკურატურამ მიმართა.

„განჩინებაში უბრალოდ სტანდარტული მსჯელობაა, სასამართლო ეთანხმებაო ბრალდების შუამდგოლობასო, რომ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებული მოწმეებზე ზეწოლას მოახდენსო. რა საქმესთან მიმართებაში მოახდენს ზეწოლას, რომელ მოწმეებზე განმარტებული არ არის. ან ჩაიდენს ახალ დანაშაულსო, ის ძველი რომელია ბრალი რომ უნდა წარედგინოს? რაში გამოიხატება ცრუ დასმენა?-ეს არ არის არსად, ერთი სიტყვითაც აღნიშნული“, - აცხადებს ონისე მარგიანი.

უფლებადამცველის თქმით, ადვოკატ ნაირა ოტიაშვილის ბრალი ოფიციალურად, სავარაუდოდ, 2 ოქტომბერს წარედგინება. მისივე განცხადებით, თავად ნაირა ოტიაშვილისთვისაც გაუგებარია საქმის არსი და თავადაც სვამს შეკითხვებს, „თუ ვინ და რაში დაასმინა“.

ამასთან, რამდენიმე თვის წინ, ანა ნაცვლიშვილის მამამ, მამუკა ნაცვლიშვილმა მისი შვილის მკვლელობაში მსჯავრდებული ლადო გრიგალაშვილის ადვოკატის, ნაირა ოტიაშვილისა და დამოუკიდებელი ექსპერტების, ალექსანდრე გეჯაძისა და გია გოგიას წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა. როგორც მაშინ ნაცვლიშვილმა განაცხადა, ადვოკატს მოკლული შვილის მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადების გამო, დამოუკიდებელ ექსპერტებს კი, გაყალბებული ექსპერტიზისთვის უჩივლა.

ცნობისთვის, 2018 წლის 22 თებერვალს, ანა ნაცვლიშვილი განსაკუთრებული სისასტიკით მოკლეს. გამოძიების ინფორმაციით, ლადო გრიგალაშვილმა შეყვარებული სახლიდან გაიყვანა და დანით 33 ჭრილობა მიაყენა. თავისა და კისრის არეში მიყენებული სასიკვდილო ჭრილობებით ანა ნაცვლიშვილი ადგილზე გარდაიცვალა. აღნიშნულ საქმეზე ლადო გრიგალაშვილს უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია