პროექტის „მასწავლებლები კრიტიკული აზროვნებისათვის“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

განათლების კოალიციის ორგანიზებითა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით, პროექტის „მასწავლებლები კრიტიკული აზროვნებისათვის“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს, ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ნინო დობორჯგინიძე, სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეობის ჩართულობის პროგრამის ხელმძღვანელი თამარ გურჩიანი, ჟურნალ „მასწავლებლის“ რედაქტორი ნატალია ინგოროყვა, 2018 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული მანანა კაპეტივაძე.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიებაზე განათლების კოალიციის დირექტორი გიორგი ჭანტურია პროექტის შემაჯამებელი ანგარიშით წარდგა. თემატური პრეზენტაცია გააკეთა მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალისტმა, ხელოვნების მასწავლებელმა ინდოეთიდან, სვარუპ რავალმა.

პროექტს „მასწავლებლები კრიტიკული აზროვნებისათვის“ ახორციელებს განათლების კოალიცია აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში. მისი მიზანია პედაგოგებში კრიტიკული აზროვნების მნიშვნელობის აქტუალიზაციისა და სწავლა-სწავლების პროცესში მისი გამოყენების ხელშეწყობა. პროექტი ხორციელდება მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულთა კლუბის მასწავლებელთა მონაწილეობით.

„პროექტი ითვალისწინებდა დროის მოკლე მონაკვეთში ინტენსიური კამპანიის წარმოებას მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულთა კლუბის წევრების მონაწილეობით. კლუბში გაერთიანებული არიან 2017-2019 წლებში ჯილდოს საუკეთესო ათეულში შემავალი მასწავლებლები. ისინი სხვადასხვა აქტივობისა და ღონისძიების ფარგლებში კოლეგებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებდნენ. მასწავლებლების მონაწილეობით მომზადდა ვიდეორგოლები, ბროშურები და გზამკვლევი კრიტიკული აზროვნების შესახებ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი