ზაზა თავაძე უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტებს აქვეყნებს

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი, ზაზა თავაძე უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტებს აქვეყნებს.

ორი დოკუმენტი თავაძემ „ინტერპრესნიუსს“ თავად მიაწოდა და ამით სახალხო დამცველის ანგარიშის იმ ნაწილს გამოეხმაურა, რომელშიც მოსამართლეობის კანდიდატების იურიდიული განათლების ხარისხთან დაკავშირებით ხარვეზებზეა საუბარი.

ზაზა თავაძის განცხადებით, დოკუმენტები ადასტურებს, რომ მას დოქტორანტურის გამოცდები ჩაბარებული აქვს, როგორც საქართველოში, ისე გერმანიაში - 2017-2019 წლებში. კერძოდ, მისი თქმით, ერთი საბუთი „არის გერმანიაში ვიურცბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლის შესახებ, სადაც უკვე ყველა გამოცდა ჩაბარებულია და იქვე მითითებულია იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მიერ, რომ 2020-2025 უნდა მოხდეს სადოქტოროს დაცვა“. რაც შეეხება მეორე დოკუმენტს, თავაძის განმარტებით, ის არის გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დოქტორანტურის ცნობა. კერძოდ, როგორც მოსამართლეობის კანდიდატი აცხადებს, 2017 წელს ჩაირიცხა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის, სამართლის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე. გარდა ამისა, როგორც ზაზა თავაძემ აღნიშნა, 6 წლის ვადით არჩეულია გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორის აკადემიურ თანამდებოზე, სადაც მისივე თქმით, უძღვება ლექციურ კურს კონსტიტუციურ სამართალში.

რაც შეეხება კითხვას, როგორია მიზი პოზიცია სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშთან დაკავშირებით, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ზოგიერთი კანდიდატის, მათ შორის ზაზა თავაძის იურიდიული განათლების ხარისხთან მიმართებაში შეკითხვებს ეხება, ზაზა თავძე აღნიშნავს:

„მე მივესალმები ობუდსმენის ანგარიშს. ჩვენ, საკონსტიტუციო სასამართლოს ობუდსმენთან ერთად ძალიან დიდი როლი გვაკისრია ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების დაცვის ნაწილში, რასაც მჭიდრო თანამშრომლობით ვახორციელებთ ჩემთან ერთად ბოლო 10 წელი“, - განაცხადა ზაზა თვაძემ.

შეგახსენებთ, სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარის მიერ გამოქვეყნებული სპეციალურ ანგარიშში წერია, რომ „იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ვერ უზრუნველყო სრულყოფილად შეემოწმებინა მოსამართლეობის კანდიდატების შესაბამისობა იმ საკანონმდებლო მოთხოვნასთან, რომლის მიხედვითაც მათ უნდა ჰქონდეთ უმაღლესი იურიდიული განათლება არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით“.

ამასთან, ანგარიშის თანახმად, ოფიციალური დოკუმენტაციით ცალსახად დასტურდება, რომ ზაზა თავაძის მიერ მიღებული უმაღლესი იურიდიული განათლება ვერ აკმაყოფილებს ორგანული კანონით დადგენილ მოთხოვნას. „მოცემულ მომენტში ზაზა თავაძის უმაღლესი იურიდიული განათლება შემოიფარგლება მხოლოდ ბაკალავრის აკადემიური ხარისხით, რაც ვერ აკმაყოფილებს მოსამართლეებისათვის დადგენილ მოთხოვნას უმაღლესი იურიდიული განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხით ფლობასთან დაკავშირებით“, - ნათქვამია ანგარიშში.

იხილეთ ვიდეო:

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა