შემოსავლების სამსახური საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა ევროპული ორგანიზაციის (IOTA) ეგიდით გამართულ წლიურ კონფერენციას პირველად მასპინძლობს

საგადასახადო სფეროში, ტექნოლოგიური პროდუქტების გამოყენებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე თბილისში 200-მდე უცხოელ სტუმარს ელიან. „ინტერპრესნიუსს“ საგადასახადო კანონმორჩილების ტექნოლოგიური გადაწყვეტის საკითხზე მიძღვნილი წლიური კონფერენციისა და ტექნოლოგიური გამოფენა/შოურუმის შესახებ, რომელიც თბილისში 16-17 ოქტომბერს, იმართება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის მრჩეველი ლელა მარკოზაშვილი ესაუბრა.

- რომ ვისაუბროთ კონფერენციის მნიშვნელობაზე, რას ემსახურება კონფერენცია, რა არის ძირითადი მიზანი?

- ამ მასშტაბით და ამ ფორმატით ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური პირველად უმასპინძლებს IOTA-ს ეგიდით გამართულ წლიურ კონფერენციას, რომელიც მიმართულია ელექტრონული ტექნოლოგიების გამოფენისა და გამოცდილების გაზიარებისკენ. კონფერენცია ემსახურება საგადასახადო ადმინისტრირების სფეროში დანერგილი ციფრული და ელექტრონული ტექნოლოგიებისადმი ცნობიერების გაზრდას, სხვადასხვა ქვეყნის საგადასახადო ორგანოებში არსებული პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებასა და ამ სფეროში საერთაშორისო კომპანიების მიერ შექმნილი პროდუქტების წარდგენას. მოგეხსენებათ, სწრაფი ტექნოლოგიური განვითარების პირობებში, გლობალურად იცვლება საგადასახადო აღრიცხვისა და ადმინისტრირების პრინციპები. საგადასახადო ორგანოებიც უნდა მოვერგოთ ამ ცვლილებებს და გამოვიყენოთ ტექნოლოგიური პროგრესი, როგორც გადასახადის გადამხდელთა სასიკეთოდ, ისე საგადასახადო ადმინისტრირების ტვირთის შესამცირებლად. კონფერენცია მიმართულია იმისკენ, რომ მონაწილეებმა მიიღონ მეტი ინფორმაცია ბაზარზე არსებული საგადასახადო ადმინისტრაციებისთვის საჭირო ტექნოლოგიების შესახებ.

- უფრო კონკრეტულად რა ღონისძიებებია დაგეგმილი 16-17 ოქტომბერს?

-უნდა აღინიშნოს, რომ კონფერენციას აქვს ორი ფორმატი. პირველი, სადაც საგადასახადო ორგანოების წარმომადგენლები გამართავენ დისკუსიებს იმის შესახებ, თუ რა პრაქტიკული გამოცდილება აქვთ აღნიშნული მიმართულებით. ამასთან, იქნება პანელური დისკუსიები, განხილვები, რომლის დროსაც საგადასახადო ორგანოების წარმომადგენლები იმსჯელებენ სხვადასხვა გამოწვევებზე, მათ შორის იმაზე, თუ რა საფრთხის შემცველია სიახლეების დანერგვა. აღსანიშნავია, რომ საგადასახადო სისტემაში ძალიან მნიშვნელოვანია გადასახადის გადამხდელთა ინფორმაციის კონფიდენციალურობა და არ შეიძლება ამ მიმართულებით რაიმე ხარვეზი გაიპაროს. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით გაცილებით მარტივდება პროცედურები, რაც თავისთავად დადებითი პროცესია, თუმცა აუცილებლად მხედველობაშია მისაღები ინფორმაციის უსაფრთხოების საკითხები. სწორედ ამ თემებს დაეთმობა აღნიშნული კონფერენცია. კონფერენციის მეორე ნაწილი იქნება გამოფენა/შოურუმი.

- რაც შეეხება კერძო კომპანიების ჩართულობას, რა ფორმატით მოხდება?

- როგორც აღვნიშნე, კონფერენციის ნაწილია გამოფენა/შოურუმი, რომელშიც მონაწილეობისთვისაც ვიწვევთ კერძო კომპანიებს. მათ 10 ოქტომბრის ჩათვლით, შეუძლიათ დარეგისტრირდნენ და წარმოადგინონ თავისი ინოვაციური პროდუქტები. მაგალითად, შეიძლება რომელიმე კომპანიას დანერგილი ჰქონდეს ისეთი ინოვაციური პროგრამა, რომელიც გადასახადის გადამხდელებს ეხმარება ავტომატურად შეივსოს და აიტვირთოს დეკლარაცია შემოსავლების სამსახურის პორტალზე. ამასთან, კომპანიები შეიძლება იყოს, როგორც IT, ასევე საკონსულტაციო მიმართულების სფეროდან. ბოლო მონაცემებით, უკვე დარეგისტრირდა ათზე მეტი საერთაშორისო კომპანია, რომელთაც ძალიან კარგი გამოცდილება აქვთ ამ მიმართულებით. სასურველია, ქართულმა კომპანიებმაც მიიღონ მონაწილეობა და გამოიყენონ ეს უნიკალური შესაძლებლობა. კონფერენცია ჩატარდება სასტუმრო „ბილტმორში“, ხოლო პარალელურ რეჟიმში მიმდინარე სესიებზე დასწრება დაინტერესებულ მხარეებს სურვილით შეეძლებათ.

- რა სახის კომპანიებს შეუძლიათ მონაწილეობა ?

- მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ კომპანიას - არ გვაქვს შეზღუდვები გამოცდილების ან რაიმე სხვა კუთხით. წარმოდგენილი პროდუქტი უნდა იყოს ინოვაციური, რომელიც მიმართულია საგადასახადო ანგარიშგების/ადმინისტრირების გამარტივებისკენ. ასეთ პროდუქტებს, როგორც წესი, ქმნიან საკონსულტაციო კომპანიები, რომლებიც საგადასახადო ანგარიშგების კუთხით ეხმარებიან სხვადასხვა კერძო კომპანიებს და საფინანსო კორპორაციებს. ამასთან, შესაძლებელია დარეგისტრირდნენ უშუალოდ IT კომპანიები, სტარტაპ კომპანიები, რომლებიც ქმნიან ინოვაციურ ბიზნეს იდეას.

- რა არის საჭირო იმისთვის, რომ ქართულმა კომპანიებმა მონაწილეობა მიიღონ დაგეგმილ ღონისძიებაში?

- მონაწილეობისთვის საჭიროა რეგისტრაცია. ჩვენ დავეხმარებით თითოეულ დაინტერესებულ პირს IOTA-ს ოფიციალურ ვებგვერდზე რეგისტრაციის გასავლელად. კომპანიებმა უნდა მოგვწერონ ელექტრონულ ფოსტაზე TCTS2019@rs.ge, გამოგვიგზავნონ პროდუქტის შესახებ დეტალური ინფორმაცია. ჩვენ მიღებულ ინფორმაციას გადავცემთ IOTA-ს წარმომადგენლობას და ისინი ოფიციალურად დარეგისტრირდებიან უშუალოდ IOTA-ს ვებგვერდზე. ამასთან, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია ინფორმაციის მიღება IOTA-ს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ვებგვერდებზე www.rs.ge. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ დაინტერესებულ პირებს რეგისტრაციის გავლა 10 ოქტომბრის ჩათვლით შეუძლიათ.

აღნიშნულ კონფერენციაზე ველოდებით 170-ზე მეტ სტუმარს. დაესწრებიან, როგორც სხვადასხვა ქვეყნის საგადასახადო ორგანოების წარმომადგენლები, ასევე საგადასახადო ორგანოთა გაერთიანებების წარმომადგენლები. კერძოდ: საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა ამერიკული ცენტრი, დასავლეთ აფრიკის საგადასახადო ორგანოთა გაერთიანება, იქნებიან სტუმრები ევროკომისიიდან. უკვე დარეგისტრირებულია ისეთი ცნობილი კომპანიები, როგორებიცაა: KPMG-ის ფრანგული წარმომადგენლობა, Bureau van Dijk, Vizor Software, A Moody ´s Analytics Company, Vertex , ასევე, კომპანია - Summito, რომელიც ბლოკჩეინ ტექნოლოგიებში ერთ-ერთი ინოვატორია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გვინდა ქართულ კომპანიებს მოვუწოდოთ დარეგისტრირდნენ და პოტენციური მომხმარებლების წინაშე წარმოადგინონ სიახლეები, ასევე დაამყარონ პარტნიორული ურთიერთობები.

-რამდენიმე სიტყვით რომ გვითხრათ თავად საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა ევროპულ ორგანიზაციის შესახებაც, რომლის ეგიდითაც იმართება კონფერენცია, რა გამოცდილება აქვს ამ ორგანიზაციას?

- IOTA წარმოადგენს ევროპის საგადასახადო ადმინისტრაციათა შიდაევროპულ ორგანიზაციას, რომელიც 1996 წელს დაარსდა და აერთიანებს ევროპის რეგიონის 44 ქვეყნის ადმინისტრაციას. პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობა და მათი გამოცდილების გაზიარება ჩვენი უწყებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ ყოველთვის ვცდილობთ აქტიურად ჩავერთოთ IOTA-ს მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში.

ბოლო წლებში ჩვენ IOTA-ს სხვადასხვა ფორმატის შეხვედრებს აქტიურად ვმასპინძლობთ. თუმცა, ყოველწლიური კონფერენცია საქართველოში პირველად იმართება და მის ფარგლებში საგადასახადო ადმინისტრაციების მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციები, მათ მიერ დასმული საკითხები ჩვენთვის ძალიან საინტერესო იქნება.

„ინტერპრესნიუსი“

მარიამ ტიტვინიძე

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა