დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ცენტრ „ემპათიასა“ და სსიპ „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს“ შორის დავასთან დაკავშირებით პროცესი გაიმართება.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციიდან აცნობეს, „ემპათია“ კატეგორიულად არ ეთანხმება სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ ლიცენზირების პირობების დარღვევისთვის მათი დაჯარიმების მოთხოვნას, ვინაიდან სტაციონარული სერვისის ლიცენზია ცენტრ „ემპათიას“ არასოდეს ჰქონია.
„ცხადია, სააგენტოს მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტი. ცენტრ „ემპათიას“ არ დაურღვევია ლიცენზირების პირობები, შესაბამისად, ჩვენ ადმინისტრაციული წესით საჩივარი შევიტანეთ რეგულირების სააგენტოსა და ჯანდაცვის მინისტრის სახელზე (02/09/2019), თუმცა, დღემდე პასუხი არ მიგვიღია. აღნიშნულ ფაქტს განვიხილავთ, როგორც ცენტრი „ემპათიასადმი“ მოტივირებულ დევნა - შევიწროებას, ვინაიდან, რეგულირების სააგენტოს სადამსჯელო დანაყოფად გამოყენების მოტივაცია, ვფიქრობთ, სხვაგან უნდა გადაწყვეტილიყო. ცენტრი „ემპათია“ ახორციელებს ადვოკატირებას, მათ შორის, სასამართლო ექსპერტზებს სხვადასხვა გახმაურებულ საქმეში, კერძოდ, ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით ტატუნაშვილისა თუ კვარაცხელიას საქმეები, პოლიციის მხრიდან შესაძლო წამების ფაქტების შემთხვევები, პოლიტიკურად მოტივირებული წამების შემთხვევები, ასევე 20 – 21 ივნისს „გავრილოვის ღამის“ დაზარალებულთა საქმეები. ცენტრი „ემპათია“ არის ერთადერთი არასამთავრობო, არამომგებიანი ორგანიზაცია, რომელსაც გააჩნია სასამართლო სამედიცინო და სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზების ლიცენზიები და ახორციელებს არაადამიანური მოპყრობის ფაქტების დოკუმენტირებას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად (სტამბოლის პროტოკოლი, მინესოტას პროტოკოლი). ვფიქრობთ, აღნიშნული გახდა არასამთავრობო ორგანიზაცია ცენტრი „ემპათიას“ მოტივირებული დევნის საფუძველი. სასამართლოში ცენტრი „ემპათიას“ ინტერესებს დაიცავს ჩვენი იურისტები და არასამათავრობო ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI.)“, - აღნიშნულია „ემპათიას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროცესი საქალაქო სასამართლოში 11:10 საათზე, 36-ე დარბაზში გაიმართება.