„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ყოფილი თანამშრომლის ვაზირ მამადიანის ადვოკატი სასამართლოს გამამტყუნებელ განაჩენს გაასაჩივრებს

დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების საქმეზე მსჯავრდებული „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ყოფილი თანამშრომლის ვაზირ მამადიანის ადვოკატი სასამართლოს გამამტყუნებელ განაჩენს გაასაჩივრებს.

როგორც ჟურნალისტებთან საუბარში მსჯავრდებულის ადვოკატი ირაკლი ჩომახაშვილი აცხადებს, საქმეში არ არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, მუშაობდა თუ არა აპარატი, რომლითაც მამადიანს ჰაერში გაზის კონცენტრაცია უნდა შეემოწმებინა.

„ბრალდების მხარეს წარმოდგენილი არ ჰქონდა ექსპერტიზის დასკვნა, აპარატი მუშაობდა თუ არა. როცა აღნიშნულ აპარატზე ექსპერტიზა წარმოდგენილი არ არის, სასამართლომ როგორ უნდა დაადგინოს გამამატყუნებელი განაჩენი? შესაბამისად, ეს განაჩენი დაუსაბუთებელი იქნება, სარეზოლუციო ნაწილს არ ვეთანხმებით და აუცილებლად გავასაჩივრებთ. ეს მუხლი სასჯელის სახით 2-დან 5-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა და სასამართლომ 4 წელი გამოიყენა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსამართლემ მაქსიმუმთან მიახლოებული სასჯელი შეუფარდა, როცა სასჯელის დამამძიმებელი გარემოებები არ არსებობდა. საქმეში ექსპერტიზის დასკვნა დევს, რომლითაც დაცვის მხარისთვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებებია დადგენილი. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ვაზირ მამადიანი დანაშაულს არ აღიარებს, ვინაიდან მან სრულყოფილად შეამოწმა ყველაფერი და პირნათლად შეასრულა დაკისრებული მოვალეობა. იმ კონკრეტულ კორპუსს აშენებიდანვე აქვს პრობლემები. შესაბამისად, საქმის ძიება უნდა გაგრძელდეს. ვაზირ მამადიანი ამ კონკრეტულ აფეთქებასთან კავშირში არ არის. მან დეტალურად შეამოწმა ყველაფერი და გამოიყენა ყველა აპარატურა, რაც "ყაზტრანსგაზის" შიდა კანონმდებლობაშია. არ ვიცი, რა უნდა დაწეროს მოსამართლემ გამამტყუნებელ განაჩენში. ამ გადაწყვეტილებას საქმის სენსიტიურობას ვუკავშირებ", - განაცხადა ჩომახაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების საქმეზე დაკავებული პირები, „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ყოფილი თანამშრომლები, თორნიკე ტატიშვილი და ვაზირ მამადიანი სასამართლომ დამნაშავედ სცნო. მამადიანსა და ტატიშვილს 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ.

დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მომხდარ აფეთქებას 4 ადამიანის, მათ შორის, ერთი არასრულწლოვნის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი