დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, დავით გარეჯის ტერიტორიისთვის სტატუს-კვოს აღდგენა დღეს ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, დავით გარეჯის ტერიტორიისთვის სტატუს-კვოს აღდგენა დღეს ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია. ამის შესახებ დეკანოზმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „შუადღის სტუდიაში“ განაცხადა.

როგორც დეკანოზი აღნიშნავს, დავით გარეჯის ტერიტორიაზე საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული ნორმები და შეთანხმება ირღვევა, რაც წესრიგშია მოსაყვანი.

„რამდენადაც ჩვენ აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ მეგობრული ურთიერთობა ჩვენ მეზობლებთან, ამდენად, ეს საკითხი ძალიან საფრთხილოა. ამიტომ, სტატუს-კვოს აღდგენა დღევანდელი მდგომარეობისთვის არის ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი. ჩვენ იქ გვაქვს ჩვენი სალოცავები და ამ სალოცავებთან მისვლის შეფერხება არის შეუფერებელი იმ დამოკიდებულებისთვის, რაზეც ჩვენ ვლაპარკობთ ამ ორ ქვეყანას შორის. თუ შევხედავთ ამას იურიდიული თვალსაზრისით, იქ არის დარღვეული ყველანაირი ნორმები, შეთანხმებები ორ ქვეყანას შორის, ამიტომ ეს ყველაფერი მოსაყვანია წესრიგში, მაგრამ ამას დრო დასჭირდება, რადგან დიდი დრო დაიკარგა ძალიან ცუდ მუშაობაში, რომელზეც მუშაობდა კომისია“, - განაცხადა დეკანოზმა.

მისივე თქმით, ბოლო ხელშეკრულებაში, რომელიც 1996 წელს საქართველომ და აზერბაიჯანმა გააფორმეს, წერია, რომ ხელმძღვანელობა 1938 წელს შედგენილი რუკით უნდა მოხდეს, თუმცა აღნიშნული რუკის ნაცვლად სხვა, ხელით შედგენილი სადაო დოკუმენტი გაჩნდა.

„არ არსებობს მეცნიერების არც ერთი დარგი, რომელშიც არ დასტურდებოდეს, რომ ქართული წარმოშობისაა. ასევე, არ არსებობს არც ერთი კარტოგრაფიული მონაცემი, რომელიც არ ადასტურებდეს, რომ ეს უნდა იყოს საქართველოს ფარგლებში. როდესაც ვამბობ, რომ წინა კომისიამ იმუშავა საქართველოს საზიანოდ, ვგულისხმობ იმას, რომ ბოლო ხელშეკრულება, რომელიც გააფორმა საქართველომ და აზერბაიჯანმა და რომელიც არის ორივე მხრიდან სერტიფიცირებული, გაფორმდა 1996 წელს და იქ მკაფიოდ წერია, რომ 1938 წლის რუკით უნდა ვიხელმძღვანელოთ. 1938 წლის რუკა არის 1936 წელს ამიერკვკასიის რესპუბლიკის დაშლისას არსებული ფაქტობრივი მდგომარეობის ამსახველი. შემდეგში ამ კომისიამ მუშაობის დროს, ხელშეკრულების ეს ადგილი უგულებელყო. გაჩნდა სხვა რუკა - ესაა კოპირებული, ხელით შემოხაზული რაღაც დოკუმენტი და ყველა სადაო საკითხი გადაწყდა საქართველოს საზიანოდ.

მე რამდენადაც მოვისმინე თვითმხილველების მონათხრობი, 2006 წლამდე, იქ, სადაც ახლა აზერბაიჯანის ბაზებია, მოძრაობდა ქართული პატრული. ესაა დახლოებით 300-400 მეტრის სიღრმეში თხემიდან აზერბაიჯანის მხარეს. იმ რუკაზეც სწორედ ეს იკითხება, რომ თხემზე არ უნდა გადიოდეს საზღვარი, რუკის მიხედვით საზღვარი უნდა გადიოდეს ფერდობის ძირიდან 300-400 მეტრის მოშორების.

საქმე ისაა, რომ არასწორი მუშაობის შედეგად ამ კომისიამ აზერბაიჯანის მოსახლეობას გაუჩინა არასწორი მოლოდინები. იქ შეიძლება სულ რამდენიმე კაცმა იცის, რომ გაყალბებული რუკით სარგებლობენ და ეს გონიათ რეალური რუკა. მოლოდინები მათ აქვთ, რომ ესაა მათი ტერიტორია და გამოდის, რომ ჩვენ ვართმევთ მათ ტერიტორიას. ამას დრო დასჭირდება და თანდათან ალბათ საპირისპირო მხარეს რეალური სურათი ჩამოუყალიბდებათ.

მე რამდენჯერმე გამოვთქვი წუხილი იმის გამო, რომ ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებიც აკეთებდნენ მსგავსი ინტონაციის განცხადებებს, რომ თითქოსდა აზერბაიჯანი თავის კონტროლირებად ტერიტორიაზე ატარებდა სამუშაოებს. რეალურად სანამ საზღვრები არ დაზუსტდება, ეს ტერიტორია უნდა იყოს ორმაგი კონტროლის ქვეშ და ხელმისაწვდომი უნდა იყოს ჩვენთვისაც და მათთვისაც“,- განაცხადა დეკანოზმა.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ