გრიგოლ ლილუაშვილი - საქართველოსთვის მთავარ საფრთხეს რუსული ოკუპაცია წარმოადგენს

საქართველოსთვის მთავარ საფრთხეს რუსული ოკუპაცია წარმოადგენს, - ამის შესახებ მთავრობის მიერ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე წარდგენილმა კანდიდატმა, გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტში განაცხადა.

მისივე თქმით, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უკანონოდ განთავსებული რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები და მათი სპეცსამსახურები წარმოადგენს მნიშვნელოვან გამოწვევას ჩვენი ქვეყნისთვის.

„საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზს გასწვრივ შექმნილი ვითარება საკმაოდ რთულია და ადგილზე არსებული მყიფე, თუმცა მართვადი სტაბილურობის შენარჩუნება სამსახურის საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად ნაწილს წარმოადგენს.

სამწუხაროდ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება უკანონო ქმედებები, მათ შორის უკანონო ბორდერიზაცია, გადაადგილების უფლების შეზღუდვა, უკანონო დაკავებები და ა.შ. უფრო მეტიც, ეს ინსტრუმენტები ხშირ შემთხვევაში გამოიყენება არა მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოზე, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობაზე ზემოქმედების ერთ-ერთ ბერკეტად.

აღნიშნულის ნათელი დადასტურებაა მიმდინარე წელს სოფელ გუგუტიანთკარში და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ განვითარებული მოვლენები; ასევე, საქართველოს მოქალაქეების დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილისა და ირაკლი კვარაცხელიას სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებული საქმეები,“ - აღნიშნა გრიგოლ ლილუაშვილმა.

მისივე თქმით, უსაფრთხოების სამსახური, საერთაშორისო პარტნიორების- ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, ეუთო-ს და გაერო-ს დახმარებით აგრძელებს აქტიურ მუშაობას ადგილზე არსებული მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნების მიმართულებით.

„თუმცა, აქვე მოგახსენებთ, რომ ეს არ არის ძალიან ეფექტური, ვინაიდან კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაცია და დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა აირჩიეს ულტიმატუმების და მუქარის ტონით საუბარი, შედეგად აღნიშნული ფორმატების ფარგლებში გამართული შეხვედრები მეტწილად არის ნაკლებად შედეგიანი.

რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების გამოწვევას წარმოადგენს, თუმცა, ბოლო წლების სამწუხარო საერთაშორისო გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მართული კონფლიქტები წარმოადგენს ოფიციალური მოსკოვის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილს, რომელთან გამკლავებაც საერთაშორისო პარტნიორების სათანადო ჩარევის, მხარდაჭერისა და ადეკვატური რეაგირების გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია,“ - აცხადებს ლილუაშვილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა