მაია ცქიტიშვილი - რაც უფრო ნაკლები დრო რჩება წლის ბოლომდე, მით  უფრო რთული იქნება ამ ვადაში ყველა იმ ამოცანის გადაწყვეტა, რაც  ანაკლიის კონსორციუმის წინაშე დგას

ანაკლიის პროექტის განხორციელების ნაწილში ჩვენ თავიდანვე ავირჩიეთ ის გზა, რომ პროექტი უნდა ააშენოს კერძო ინვესტორმა. ეს არ არის უნიკალური მხოლოდ ანაკლიის პორტისთვის, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ განაცხადა.

ამასთან, მინისტრის განმარტებით, სახელმწიფომ ინვესტორის ძიებაც სწორედ იმ მიზეზით დაიწყო, რომ კომერციული პროექტი ბიზნესის მიერ უნდა განხორციელდეს.

„ანაკლია, რა თქმა უნდა, უნდა აშენდეს. როდესაც იმაზე ვიწყებთ საუბარს, ვინ უნდა ააშენოს, რატომ უნდა ააშენოს, საერთოდ რა ხდება ამ პროექტთან დაკავშირებით, მოდით 2 თემა ერთმანეთისგან განვაცალკევო. პირველი - გვჭირდება თუ არა ეს პროექტი - ამაზე მე მგონი, ყველა ვთანხმდებით. ამაზეც იყო რაღაც მცდელობა, ყოველ შემთხვევაში ისეთი სახით წარმოჩენის, რომ თითქოს სახელმწიფოს ეს არ უნდა. ვთანხმდებით, რომ უნდა.

მეორე თემა - როგორ უნდა განხორციელდეს ეს პროექტი. ამ პროექტის განხორციელების ნაწილში ჩვენ თავიდანვე ავირჩიეთ ის გზა, რომ პროექტი უნდა ააშენოს კერძო ინვესტორმა. ეს არ არის უნიკალური მხოლოდ ანაკლიის პორტისთვის, არამედ სხვა ასეთი დიდი საინვესტიციო პროექტები, რომლებიც შენდება, ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრი წელია უკვე, მიდგომა გვაქვს ასეთი, რომ კომერციული პროექტი უნდა განახორციელოს ბიზნესმა. აქედან გამომდინარე, ამიტომაც დავიწყეთ ჩვენ ინვესტორის ძებნა და რა თქმა უნდა, ამ გზას დავადექით“. - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ამასთან, მინისტრის განმარტებით, რაც უფრო ნაკლები დრო რჩება, მით უფრო მეტად რთული იქნება დათქმულ ვადაში კონსორციუმის წინაშე მდგარი ამოცანების გადაწყვეტა.

„ჯერ პირველ რიგში, ჩვენ ველოდებით წლის ბოლოს. რა თქმა უნდა, რაც უფრო ნაკლები დრო რჩება წლის ბოლომდე, შეიძლება ვთქვათ, რომ მით უფრო მეტი სირთულე იქნება ამ ვადაში. უფრო რთული იქნება ამ ვადაში ყველა იმ ამოცანის გადაწყვეტა, რაც კონსორციუმის წინაშე დგას. პირველ რიგში, დაფინანსების მოძიების ნაწილში“. - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ასევე, კითხვაზე რატომ არ შეუწყვიტეს დღევანდელ კონსორციუმს კონტრაქტი, მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ 15 ოქტომბერი შუალედური ვადა იყო და კონტრაქტის შეწყვეტის თაობაზე მათ „უფლებით არ ისარგებლეს“.

„არ გავუწყვიტეთ იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ მიერ უკვე ივნისში იქნა გადაწყვეტილება მიღებული იმასთან დაკავშირებით, რომ წლის ბოლომდე გადავავადებთ ვადას.

15 ოქტომბერი იყო შუალედური ვადა, სადაც გათვალისწინებული იყო შუალედური ვალდებულებების შესრულება, რომელიც ვერ შესრულდა 15 ოქტომბრისთვის და ამ შემთხვევაში ანაკლიის განვითარების კონსორციუმს რჩება დრო წლის ბოლომდე, რათა ეს ვალდებულებები შეასრულოს“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა