გიორგი გახარია - ჩვენ საქართველოს აღვიქვამთ და ვუყურებთ როგორც კარიბჭეს, არა მხოლოდ კავკასიის, არამედ შუა აზიის, ევროპის და დასავლეთ და აღმოსავლეთ ბაზრებზე წვდომისთვის

ჩვენ საქართველოს აღვიქვამთ და ვუყურებთ როგორც კარიბჭეს, არა მხოლოდ კავკასიის, არამედ შუა აზიის, შემდგომ ევროპის და უფრო მსხვილ დასავლეთ და აღმოსავლეთ ბაზრებზე წვდომისთვის,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ფორუმზე პრემიერმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ლიბერალურ სავაჭრო ეკონომიკაზე და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ჩინეთთან, ევროკავშირთან და სხვა ქვეყნებთან გაფორმებულ ხელშეკრულებებზე.

„მნიშვნელოვანია რეგიონში არსებული მულტინაციონალური მოთამაშეებისთვის სტაბილური, პროგნოზირებადი და მიმზიდველი გარემოს შექმნა. არასატარიფო ბარიერების მოხსნა, საზღვრის კვეთის და ადმინისტრაციული პროცედურების შემსუბუქება.

ხაზგასასმელია, რომ ამ მხრივ საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური სავაჭრო პოლიტიკის გამტარებელია. იმპორტირებული საქონლის 80%-ზე მეტი ნულ პროცენტიანი გადასახადით იბეგრება, გამარტივებულია საბაჟო პროცედურები და მინიმალურია არასატარიფო ბარიერები.

საქართველო როგორც მხოლოდ სამი და შვიდი მილიონიანი სამომხმარებლო ბაზარი შესაძლოა, ვინმემ არამიმზიდველად მიიჩნიოს. თუმცა, თუ შევხედავთ საქართველოს როგორც რეგიონალურ ჰაბს, მნიშვნელოვან განსხვავებას მივიღებთ და ჩვენ საქართველოს აღვიქვათ და ვუყურებთ როგორც კარიბჭეს არა მხოლოდ კავკასიის, არამედ შუა აზიის, შემდგომ ევროპის და უფრო მსხვილ დასავლეთ და აღმოსავლეთ ბაზრებზე წვდომისთვის.

ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოსთან ერთად საქართველოში თქვენ დაგხვდებათ საინვესტიციო პრეფერენციები, რაც გაძლევთ საშუალებას 2 და 3 მილიარდიანი სამომხმარებლო ბაზრებზე წვდომისთვის. ამ ბაზრების ძირითადი ინფრასტრუქტურა იქმნება იმ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებით, რომელიც საქართველოს უკვე აქვს. ეს არის როგორც მოგახსენეთ ჩინეთის რესპუბლიკასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება, ეს არის ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება, ეს არის დსთ-ს ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, თურქეთთან, უკრაინასთან, ასევე ხაზგასმით უნდა აღვნიშნო ის მოლაპარაკებები, რომელიც დღეს მიმდინარეობს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ინდოეთთან და ისრაელთან. შესაბამისად, საქართველოს, თავისი სტრატეგიული მდებარეობით ევროპასა და აზიას შორის კარგად განვითარებული სატრანსპორტო და საბაჟო ინფრასტრუქტურით ბიზნესზე მორგებული პოლიტიკით ძლიერი რეგიონული და რეგიონს გარე სავაჭრო ურთიერთობებით, აქვს უზარმაზარი პოტენციალი გახდეს ჰაბი და როგორც ისტორიულად, დღესაც განაგრძოს, შეასრულოს მნიშვნელოვანი როლი აღმოსავლეთს და დასავლეთს შორის ვაჭრობის ხელშესაწყობად“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღეს თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში „აბრეშუმის გზის ფორუმი“ ოფიციალურად გაიხსნა. ფორუმის სხვა ღონისძიებები „ბილტმორსა“ და „რედისონში“ გაიმართება. თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმი“ წელს მესამედ იმართება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა