„ახალი საქართველოს" თავმჯდომარე, „სტრატეგია აღმაშენებელის“ იდეის ავტორი, გიორგი ვაშაძე ონკოლოგიური საავადმყოფოს ექიმების გაფიცვას ეხმაურება.
ვაშაძის განცხადებით, „ის, რაც დღეს ხდება ონკოლოგიური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალის ირგვლივ, არის სისტემური პრობლემის კიდევ ერთი გამოხატულება”.
„არასწორმა პოლიტიკამ, თანხების არაეფექტურმა ხარჯვამ და ფინანსირების მანკიერმა მოდელმა, ფაქტობრივად ყოფნა-არყოფნის ზღვარზე მიიყვანა ბევრი სამედიცინო დაწესებულება.
გაუსაძლის პირობებშია ონკოლოგიური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალი. უკვე მე-8 თვეა ისინი ვერ იღებენ კუთვნილ ხელფასს სახელმწიფოსგან. მიუხედავად მრავალი გაფრთხილებისა, ჯანდაცვის სამინისტრო თვეებია გულგრილად ეკიდება ამ ვითარებას. სახელმწიფოსგან და ჯანდაცვის სამინისტროსგან კუთვნილი თანხების დაგვიანება უკვე წესად იქცა ბოლო წლებია. არამარტო ამ დაწესებულებას, არამედ სხვა სამედიცინო დაწესებულებებსაც, სისტემურად უგვიანებენ თანხებს გადახდას 3-4 და ზოგან 6 თვე. ეს მძიმედ აისახება სამედიცინო პერსონალზე, გაწეული სერვისების ხარისხზე და საბოლოოდ, პაციენტის მდგომარეობაზე.
დაუყოვნებლივ მოვითხოვ, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ უახლოესი დღეების განმავლობაში გადაჭრას ეს საკითხი. ასევე, მოვითხოვ, რომ დაიწყოს გამჭვირვალე და საჯარო მსჯელობა ჯანდაცვის სისტემის დაფინასების მოდელზე და ხარვეზების აღმოფხვრაზე, რადგანაც ეს არ არის მხოლოდ ერთი დაწესებულების პრობლემა. პირადად მე, მზად ვარ ჩავერთო ნებისმიერ ფორმატში და ნებისმიერი სტატუსით, რომელიც ამ საკითხების გადაჭრისკენ იქნება მიმართული“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.