საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ონკოლოგიური საავადმყოფოს ექიმების ხელფასებით უზრუნველყოფა აუცილებლად მოხდება. როგორც ტიკარაძე აცხადებს, საკითხის შესწავლა ამ დრომდე მიმდინარეობს.
„მიმდინარეობს პრობლემატიკის შესწავლა ჩვენი ფინანსური სამსახურის მიერ. რა თქმა უნდა, მოხდება ამ ადამიანების ხელფასებით უზრუნველყოფა. არსებობს საავადმყოფოს რეაბილიტაციის გეგმაც“, - განაცხადა ტიკარაძემ.
რაც შეეხება საავადმყოფოს „საპარტნიორო ფონდიდან“ ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადასვლის საკითხს, ტიკარაძის თქმით, „მთავრობა მოქმედებს შეთანხმებულად“.
„შესაბამისად, თანხმობის შემთხვევაში, ეს კლინიკები გადმოგვეცემა. პროცესი უკვე დაწყებულია და ამის შესახებ ინფორმაციას მოგაწვდით. რა თქმა უნდა, თანხმობას გასცემს „საპარტნიორო ფონდის“ სამეთვალყურეო საბჭო“, - განაცხადა ტიკარაძემ.
ცნობისთვის, 2015 წელს მთავრობის დადგენილებით „საპარტნიორო ფონდს“ სამი სახელმწიფო კლინიკა: „რესპუბლიკური საავადმყოფო“); „თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო“ და „უნივერსალური სამედიცინო ცენტრი“ (ე.წ. „ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი“) გადაეცა.
ონკოლოგიური კლინიკის მედპერსონალმა, სახელფასო დავალიანების გასტუმრების მოთხოვნით რამდენიმე დღის წინ აქცია გამართა. აქციაზე ჯანდაცვის მინისტრი მივიდა და აქციის მონაწილეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ შენობის რეაბილიტაციასა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მართვაზე სახელმწიფო იზრუნებს.